Facebook Twitter

საქმე # 330100121004942595

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№138აპ-23 ქ. თბილისი

გ–ი ლ., 138აპ-23 27 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლასა და ლ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან სასამართლომ არასულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რამეთუ ლ. გ–ს ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილია მაკვალიფიცირებელ გარემოებაში ჩადენილი ძარცვის შემადგენლობა, რაც ცალსახად დადასტურებულია: დაზარალებულ ზ. უ–სისა და მოწმეების - გ. ქ–ს, ი. მ–სა და ბ. ს–ს ჩვენებებით, ლ. გ–ს პირადი ჩხეკის ოქმით, ჩხრეკისას ამოღებული ნივთის ამოცნობის ოქმითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. გ–ს ბრალად დაედო ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ–ი, ჯ–ს ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეგობართან ერთად სამარშუტო ტაქსით მგზვრობისას, ნასავამ ლ. გ–ს სამარშუტო ტაქსის მგზავრთან - ზ. უ–თან მოუხდა ურთიერთშელაპარაკება, რის გამოც ისინი ჩამოვიდნენ სამარშუტო ტაქსიდან და კონფლიქტი კვლავ გაგრძელდა, რა დროსაც ლ. გ–სმა ზ. უ–სს დაარტყა ხელი მარჯვენა თვალის არეში, ამავდროულად ხელიდან გასტაცა მობილური ტელეფონი და მიისაკუთრა. ლ. გ–სსა და ზ. უ–სს შორის არსებული კონფლიქტის გამო შეიკრიბა ხალხი და მოვიდნენ პოლიციელები, რომლებმაც იქვე დააკავეს ლ. გ–სი, რომელიც გაჩხრიკეს და ჯიბიდან ამოუღეს ზ. უ–სის კუთვნილი “Iphone 5-ის” მარკის მობილური ტელეფონი. ლ. გ–სის ქმედებით ზ. უ–სის მიადგა - 80 ლარის ქონებრივი ზიანი.

3. ლ. გ–სს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის განაჩენით ლ. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ. გ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა - კ. შ–მა და გ. ტ–მა, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება: ლ. გ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 1 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. გ–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

7.1. 2021 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ–სი, ჯ–ს ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეგობართან ერთად სამარშუტო ტაქსით მგზვრობისას, ნასავამ ლ. გ–სს სამარშუტო ტაქსის მგზავრთან - ზ. უ–სთან მოუხდა ურთიერთშელაპარაკება, რის გამოც ისინი ჩამოვიდნენ სამარშუტო ტაქსიდან და კონფლიქტი კვლავ გაგრძელდა, რა დროსაც ლ. გ–სმა ზ. უ–სს დაარტყა ხელი მარჯვენა თვალის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის - ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და ამასთან, მასში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ლ. გ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოტიაციას, რომ ლ. გ–სის ქმედებაში გამოკვეთილია სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობა და არა - ძალადობრივი ძარცვა, როგორც ამას ბრალდების მხარე ამტკიცებდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა ლ. გ–სის ქმედება და კანონიერად დასდო მას მსჯავრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი