Facebook Twitter

საქმე # 120100121004571249

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№139აპ-23 ქ. თბილისი

კ–ი დ., 139აპ-23 18 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, დ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც სააპელაციო სასამართლომ დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს. კასატორის მტკიცებით, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ. ჯ–სის, მოწმეების - ს. ჯ–ს, ს. ს–ს, ლ. ზ–ს, დ. მ–ს, დ. მ–ს, ე. ა–ს ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა სამხილებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა დ. კ–ს ბრალეულობა, რომელიც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ, ხოლო ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და მისი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, უნდა შეეფარდოს მკაცრი სასჯელი.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. კ–ს ბრალად დაედო სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. ა–ში, .........ის ქ. №..-ში მდებარე, მ. ჯ–ს საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, დ. კ–სმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ. ჯ–სს, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

3. დ. კ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განაჩენით დ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა -1000 ლარი.

5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულმა დ. კ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. ბ–მა, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო, მეორე მხრივ, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და დ. კ–ის მიმართ სასჯელის გამკაცრებას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განაჩენი გაუქმდა და დ. კ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა დ. კ–ს ბრალეულობა, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა დ. კ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს; სადავოდ გამხდარი შემთხვევის თვითმხილველთაგან: დაზარალებულ მ. ჯ–სის ჩვენების მიხედვით, შემთხვევის დროს, რომელსაც შეესწრო მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი - ს. ჯ–იი, დ. კ–მა ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მას უცნობი მამაკაცი დაეხმარა, რომელმაც ყელიდან ხელი გააშვებინა მოძალადეს და გაარიდა იქაურობას. თავად კი სახლში შევიდა და პოლიციაში დარეკა; აღსანიშნავია, რომ 112-ში დარეკვისას, დაზარალებულს არ განუცხადებია ფიზიკური ძალადობის შესახებ, არამედ მიუთითა, რომ მეზობელი ემუქრებოდა ყელის გამოჭრით; დაზარალებულის ჩვენების საპირისპიროდ, ნეიტრალურმა მოწმემ - ფ. ა–მა, რომელიც მ. ჯ–სის განმარტებით, დაეხმარა მას დ. კ–სგან თავის დაღწევაში, საერთოდ გამორიცხა დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, არამედ დაადასტურა, რომ თავისი მეზობლის - ს. ს–ს სახლთან დაინახა, რომ დ. კ–სი და ს. ს–იი ერთმანეთში კამათობდნენ. იქვე იყვნენ მარგარიტა და ს. ჯ–იები. კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად დ. კ–სი ჩაისვა მანქანაში და იქაურობას გაარიდა. ხაზგასასმელია, რომ ფ. კ–სის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ზედმიწევნით თანხვდენილია დ. კ–ის მიერ მიცემულ ჩვენებასთან; რაც შეეხება მოწმე ს. ჯ–ის განმარტებებს, საყურადღებოა, რომ არასრულწლოვანი თავის ჩვენებაში საერთოდ არ ახსენებს ფ. კ–ს, რომელმაც დედამისის მტკიცებით, დაიხსნა იგი დ. კ–საგან, ხოლო დაზარალებულის მამამ - ს. ს–მა დაადასტურა, რომ დაინახა, როგორ მოუჭირა ყელზე ხელი დ. კ–მა მის ქალიშვილს, თავად ფეხი დაუცდა და დაეცა, ხოლო მ. ჯ–სს შემთხვევით გამვლელი მეზობელი მიეშველა, რომელმაც დ. კ–ს ხელი მოჰკიდა და წაიყვანა, მაშინ, როდესაც მ–ა და ს. ჯ–იების ჩვენებების თანახმად, ს. ს–ი შემთხვევის დროს შინ არ ყოფილა და მხოლოდ ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა; მ. ჯ–სის განცხადებით, დ. კ–ს ძალადობის შედეგად, ყელის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც ექსპერტმაც შენიშნა, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ დაზარალებულს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ დაუდგინდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დამაჯერებლად გააქარწყლებდა მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად გაჩენილ ეჭვებს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია, რისი გათვალისწინებითაც, in dubio pro reo - პრინციპის საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით, დაუდასტურებელი ეჭვი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა დ. კ–სის სასარგებლოდ.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილ