საქმე # 050100122005590391
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№141აპ-23 ქ. თბილისი
კ–ე გ., 141აპ-23 27 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და გ. კ–ეისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რომელიც დაკავშირებული იქნება მის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში ლმობიერია, არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, რისი მხედველობაში მიღებით, არის უსამართლო და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 მარტის განაჩენით გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 1 წელი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ–მ ჩაიდინა ადევნება, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2018 წლიდან 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით, გ. კ–ე ც. ც–სთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, კერძოდ, პირადი საუბრისას, ასევე - მობილური ტელეფონისა და სოციალურ ქსელების: ,,facebook-ისა” და „Instagram-ის“ საშუალებით შეტყობინებების გაგზავნით სთხოვდა, მასთან ჰქონოდა სასიყვარულო ურთიერთობა, ამასთან, მიმართავდა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით. გარდა ამისა, გ. კ–ე სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა ც. ც–ს, ცდილობდა სცოდნოდა მისი ყველა გადაადგილება, თუ შენიშნავდა სხვა მამაკაცთან მოსაუბრეს, ეუბნებოდა და სწერდა, რომ იყო სუსტი ყოფაქცევის.
3.2. 2020 წლის 8 მარტს, დღის საათებში, ც. ც–სე ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში ავტომობილით მიჰყავდა ნაცნობს - ნ. ხ–ს, რა დროსაც მას ავტომობილით აედევნა გ. კ–ეე, რომელიც უთვალთვალებდა ც. ც–ს. ხმოვანი სიგნალის მიცემის შემდეგ გ. კ–მ უწმაწური სიტყვებით მიმართვით ც. ც–სეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
3.3. 2020 წლის სექტემბერში, ზუსტი რიცხვი უცნობია, გ. კ–ეემ ქ. ლანჩხუთში ყოფნისას, დაინახა ც. ც–სე, რომლის დამცირების მიზნით, მის გასაგონად, სხვა პირთა თანდასწრებით დაუწყო გინება.
3.4. 2021 წლის 5 მარტს, დაახლოებით 17:40 საათზე, გ. კ–ეემ ც. ც–ს მიაკითხა სახლთან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში, სადაც ოჯახის წევრების თვალწინ, ჭიშკრის წინ, ქუჩაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და გ. კ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა მის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში უსამართლოა და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს, რადგან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, ერთი მხრივ, სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (გულწრფელად აღიარა ჩადენილი დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, გ. კ–ს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის წინაპირობების (თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის) გათვალისწინებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. კ–სათვის შეფარდებული სასჯელის ზომის გამკაცრების ან მისი მოხდის წესის შეცვლის აუცილებლობა, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
10. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი