საქმე # 330100120003921577
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №160აპ-23 ქ. თბილისი
გ–ა გ., 160აპ-23 19 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჟვანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჟვანიამ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და გ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ სიღრმისეულად არ განიხილა და არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაუსაბუთებლად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი; მართალია, დაზარალებულმა ლ. გ–მა სასამართლოში გამოიყენა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, მაგრამ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა სხვა მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. გ–სიას ბრალეულობა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ–ს ბრალად ედება: სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გ. გ–სიას მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- წლების მანძილზე - 2020 წლის მარტის თვის ჩათვლით, გ. გ–ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ. გ–ს აყენებდა სისტემატურ ფიზიკურ შეურაცხყოფას, არასრულწლოვანი შვილის - მ. გ–ს თანდასწრებით, კერძოდ: სხეულის სხვადასხვა მიდამოში ურტყამდა ხელს, რის გამოც მას გაუჩნდა სისხლნაჟღენთები და განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.
- 2020 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ლ. გ–ი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, თ–ში, ......ის გამზირ №..-ში, რა დროსაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ - გ. გ–მ ეჭვიანობის ნიადაგზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2020 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 00:30 საათზე, თ–ში, ........ის გამზირ №..-ში მდებარე, ლ. გ–ს საცხოვრებელი სახლიდან, მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე - გ. გ–ა თვითნებურად დაეუფლა თავისად დაგულვებულ, ლ. გ–მის კუთვნილ, „აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის განაჩენით გ. გ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ‘‘ ქვეპუნქტით, 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტითა და 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
გამართლებულ გ. გ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
გაუქმდა გ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჟვანიამ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოთხოვნას გ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა მითითებული დანაშაულები, კერძოდ:
9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირმა, დაზარალებულმა - ლ. გ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, მეუღლის - გ. გ–ს წინააღმდეგ, რის გამოც სასამართლო მის მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
10. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს: გამომძიებლებმა - ლ. ნ–მ, დ. ჯ–მა, ვ. ბ–მ, ი. გ–მ, გ. ბ–მ, რ. კ–მ ჩვენებები მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა სისწორესა და ავთენტურობაზე, ხოლო მოწმე თ. ჯ–ს ჩვენებით დგინდება, რომ მან კონფლიქტის შესახებ ლ. გ–სგან შეიტყო, კერძოდ, 2020 წლის 30 ივლისს, დილის საათებში, როდესაც თავისი სახლის ფანჯარაზე გაიგო კაკუნის ხმა, ანერვიულებული ლ–ა სთხოვდა, გასულიყო მასთან და ეთხოვებინა ტელეფონი, ვინაიდან თავისი ტელეფონი გ. გ–მ წაართვა. ლ. გ–მა ასევე უამბო, რომ მეუღლეებს შორის მოხდა კონფლიქტი, შეკამათებულან, ხოლო გ–ი ცემით დამუქრებია. ამიტომ მას სურდა პოლიციისთვის შეტყობინება. მოწმე პირადად არასდროს შესწრებია მეუღლეებს შორის კონფლიქტს.
11. ამდენად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არცერთი პირი არ არის გ. გ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების უშუალო შემსწრე და ისინი ირიბი მტკიცებულებებია, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის - გ. გ–ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, საკმარისი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჟვანიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი