საქმე # 160100122006227496
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №161აპ-23 ქ. თბილისი
წ–ი გ., 161აპ-23 19 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. წ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ–მ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. წ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ–მ–სმა, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. წ–სათვის დაკისრებული ჯარიმის შემცირებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: მსჯავრდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან; აღიარა და მოინანია დანაშაული; მიუხედავად საზღვარგარეთ ყოფნისა, დისტანციურად მონაწილეობდა სასამართლო განხილვებში; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები; შეურიგდა დაზარალებულს.
2. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი ონისე თუთისანი საკასაციო შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ გ. წ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ–მ–სის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ხოლო მისი დაშვების შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით გ. წ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა ჯარიმა - 5000 ლარი.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. წ–სმა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
4.1. 2021 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ–ში, ვ. შ–ს მაღაზიის მიმდებარედ, მაღაზიის დაკეტვის გამო გაღიზიანებულმა გ. წ–სმა და ვ. გ–მა, ჯგუფურად, ქვის ერთხელ და მუშტების თავის არეში არაერთხელ დარტყმით ფიზიკურად იძალადეს ვ. შ–ზე, რომელმაც აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. წ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ–მ–მა, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. წ–სათვის დაკისრებული ჯარიმის შემცირებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას გ. წ–სათვის დაკისრებული ჯარიმის შემცირებასთან დაკავშირეით, რადგან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) გარემოებებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, გ. წ–ს ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, ყველაზე მსუბუქი სასჯელი შეუფარდა, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება და სასჯელის ზომის შემცირება, დანაშაულის მოტივის, ინტენსივობის, გამოყენებული იარაღისა და არასრულწლოვნების თანდასწრებით მისი ჩადენის გათვალისწინებით, კერძოდ, გ. წ–მა იმის გამო, რომ დაზარალებულმა არასამუშაო საათებში არ გააღო მაღაზია, თანამზრახველთან ერთად ქვის ერთხელ და მუშტების თავის არეში არაერთხელ დარტყმით ბავშვების თანდასწრებით იძალადა ვ. შ–ზე, არ არის მიზანშეწონილი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. წ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ–მ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი