Facebook Twitter

საქმე # 010100120003453475

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№167აპ-23 ქ. თბილისი

ხ–ი ა., 167აპ-23 20 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; კასატორი ითხოვს ა. ხ–ს მიმართ მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელის გამოყენებას, რომელიც დაკავშირებული იქნება მის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან; კასატორის მითითებით, სასამართლოს სათანადოდ უნდა შეეფასებინა, რამდენად გულწრფელი იყო მსჯავრდებულის აღიარება და გაეთვალისწინებინა დაზარალებულის პოზიცია, რომელსაც მიყენებული ზიანი არ ანაზღაურებია, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენით ა. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების თანახმად გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით შთანთქა ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი და ა. ხ–ს საბოლოოდ მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ხ–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2018 წლის დეკემბერში ა. ხ–სმა 1 წლით იქირავა ქ. ბ–ში, ა–ს ქ. №..-ში მდებარე, ნ. შ–სის საცხოვრებელი ბინა №... 2019 წლის ივლისში ა. ხ–სმა გაიგო, რომ ტ. მ–ს სურდა ქ. ბ–ში ბინის დაგირავება, რომელსაც მაკლერის მეშვეობით აჩვენა ნ. შ–სგან ნაქირავები ბინა, მოატყუა, რომ თითქოსდა, თავისი მეუღლის - ნ. შ–ს ბინას 6000 აშშ დოლარის სანაცვლოდ 2 წლით მიაგირავებდა, ასევე - თითქოსდა, მისი მეუღლე - ნ. შ–ე იმყოფებოდა ნაოსნობაში, რის გამოც გირავნობის (იპოთეკის) ხელშეკრულებას ვერ გაუფორმებდა, რადგან ამისათვის მესაკუთრის თანხმობა იყო საჭირო და შესთავაზა, ნ. შ–ს დაბრუნებამდე დაედოთ სესხის ხელშეკრულება. ტ. მ–ე დასთანხმდა ა. ხ–ს და საცხოვრებელი ბინის დაგირავების მიზნით, 2019 წლის 12 ივლისს ა. ხ–სის კუთვნილ სს „........ ბანკის“ ანგარიშზე გადარიცხა - 200 აშშ დოლარი (569,52 ეკვივალენტი ლარში), ხოლო 2019 წლის 17 ივლისს - 500 აშშ დოლარი (1430,40 ეკვივალენტი ლარში). 2019 წლის 3 აგვისტოს ა. ხ–სმა მეტი სანდოობისათვის ტ. მ–ს გადასცა ნ. შ–სის საცხოვრებელი ბინის გასაღები. 2019 წლის 5 აგვისტოს ქ. ბ–ში, ........ს ქ. №..-ში მდებარე ნოტარიუს - ლ. ჭ–სთან ა. ხ–სა და ტ. მ–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის შემდეგაც ტ. მ–სემ საცხოვრებელი ბინის დაგირავების მიზნით ა. ხ–ს კიდევ გადასცა - 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 11548 ლარი. 2019 წლის სექტემბერში ტ. მ–სათვის ცნობილი გახდა, რომ საცხოვრებელი ბინა, რომელიც მან იგირავა ა. ხ–საგან, ეკუთვნოდა ნ. შ–ს, რომელიც სინამდვილეში არ იყო ა. ხ–ს მეუღლე. აღნიშნული ქმედებით ა. ხ–სი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ტ. მ–სის კუთვნილ, დიდი ოდენობით - 4700 აშშ დოლარის ეკვივალენტ - 13547,92 ლარს.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ, რომელიც ითხოვდა გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ა. ხ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო სასჯელის ზომის გამკაცრება ან სასჯელის მოხდის წესის შეცვლა მისი მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, კვლავაც იმეორებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს, წამახალისებელი ნორმებია, რაც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ სასჯელის ნაწილობრივ ან მთლიანად პირობითად ჩათვლის მიზანი არ არის დამნაშავის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან გათავისუფლება, არამედ - ა. ხ–სათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილი პირობადადებულია და სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილი 2-წლიანი გამოსაცდელი ვადით არის დაზღვეული დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი