საქმე # 020100121004275116
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №169აპ-23 ქ. თბილისი
გ–ა ნ., 169აპ-23 27 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ნ. გ–სიას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები: დაზარალებულ ხ. ქ–სიას, მოწმეების - ნ. გ–ს, ს. ქ–სა და თ. თ–ს ჩვენებები, 2020 წლის 1 ივლისის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, სამშენებლო-ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზების დასკვნები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ. გ–ს ბრალეულობას. კასატორის მტკიცებით, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დასდებოდა 2020 წლის 1 ივლისის დათვალიერების ოქმი, რამეთუ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დათვალიერების ამსახველი ვიდეომასალა და არა - ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, რომელიც კანონის დაცვით მოპოვებული, დასაშვები მტკიცებულებაა და დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად ქმნიდა ნ. გ–ს თავდაპირველი მსჯავრდების წინაპირობას.
2. გამართლებულ ნ. გ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. მ–ა საკასაციო შესაგებლით ითხოვს, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. გ–ს ბრალად დაედო სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2020 წლის 16 ივნისს, 20:44 საათსა და 22:50 საათზე, ნ. გ–სიამ ბიძამისთან - ნ. გ–სა და მის მეუღლესთან - ხ. ქ–სთან მტრული დამოკიდებულების გამო, განზრახ დააზიანა ხ. ქ–ს საკუთრებაში არსებული, ქ. ზ–ში, კ–ს ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფი, კერძოდ, დააზიანა შენობის პირველ სართულზე მდებარე შპს „.......ის“ სამაცივრე განყოფილებიდან ქუჩაში გამომავალი წყალსაწრეტი მილი, რის გამოც მილში არსებული წყალი ჩაიღვარა სარდაფში და დაზიანდა სარდაფის ჭერი და კედლები.
4. ნ. გ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის განაჩენით ნ. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა ჯარიმა - 2000 ლარი.
6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულმა ნ. გ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. მ–მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო, მეორე მხრივ, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ნ. გ–სათვის სასჯელის დამძიმებას.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი და ნ. გ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა ნ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ: კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან - დაზარალებულ ხ. ქ–ს, ასევე - მოწმეების: ნ. გ–სა და თ. თ–ს ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ დაათვალიერეს სუპერმარკეტის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, საიდანაც ამოიცნეს ის პირი, რომელიც აზიანებდა წყალსაწრეტ მილს, თუმცა ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ამსახველი ვიდეომასალა, თავის მხრივ, დაუშვებელ მტკიცებულებად არის ცნობილი და ამ მოცემულობის მხედველობაში მიღებით, შეუძლებელია მხოლოდ დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც თავად არ შესწრებიან ნ. გ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, შემთხვევის ადგილზე მომხდარ ფაქტების უტყუარად დადგენა და მითუფრო - დანაშაულის ჩადენაში კონკრეტული პირის მსჯავრდება; რაც შეეხება 2020 წლის 1 ივლისის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს, რომელზეც ძირითადად აპელირებს ბრალდების მხარე თავის საკასაციო საჩივარში, აღსანიშნავია, რომ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დათვალიერების ამსახველი ვიდეომასალა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუშვებელ მტკიცებულებად არის ცნობილი, რისი გათვალისწინებითაც, ვერც ამ ვიდეომასალის დათვალიერების ოქმი დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, საყურადღებოა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 13 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული, რადგან საექსპერტო კვლევის შედეგად არ გამოირიცხა, რომ შენობის პირველ სართულზე არსებული წყალსაწრეტი მილის დაზიანება გამოიწვევდა სარდაფის დაზიანებას, რისი ერთობლივად მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ - in dubio pro reo - პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტა ნ. გ–სიას სასარგებლოდ.
11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
12. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი