საქმე # 330100122005596585
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №16აპ-23 ქ. თბილისი
ს.ი. 16აპ-23 28 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, ........ს ქ.№..-ში, ი. ს–მ, არასრულწლოვანი შვილის - 2016 წელს დაბადებულ ს. ს–ს თანდასწრებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა თ. ვ–ს მისადმი მორჩილების მოთხოვნაში და თავის საკუთრებად მიჩნევაში, მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მეუღლე იყო ქალი, იძალადა მასზე, კერძოდ, ხელი დაარტყა რამდენჯერმე სახეში, ასევე, ფეხი - ბეჭსა და მუცელში. განხორციელებული ქმედების შედეგად თ. ვ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2020 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, ........ას ქ.№..-ში, ი. ს–მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა თ. ვ–ს მისადმი მორჩილების მოთხოვნაში და თავის საკუთრებად მიჩნევაში, მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მეუღლე იყო ქალი, უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება თ. ვ–ს, კერძოდ, დაემუქრა, რომ ყელს გამოჭრიდა, თუ თავის მშობლებს გააგებინებდა მის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ ან მიმართავდა პოლიციას.
2.3. 2022 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 07:00 საათზე, ქ. თ–ში, ......ას ქ.№..-ში, ი. ს–მ არასრულწლოვანი შვილის - 2016 წელს დაბადებულ ს. ს–ს თანდასწრებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა თ. ვ–ს მისადმი მორჩილების მოთხოვნაში და თავის საკუთრებად მიჩნევაში, მხოლოდ იმის გამო, რომ იყო მისი მეუღლე და ქალი, იძალადა თ. ვ–ზე. კერძოდ, ხელი დაარტყა ბეჭებზე და გადმოაგდო საწოლიდან.
2.4. 2022 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თ–ში, .........ას ქ.№..-ში, ი. ს–მ არასრულწლოვანი შვილის - 2016 წელს დაბადებულ ს. ს–ს თანდასწრებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა თ. ვ–ს მისადმი მორჩილების მოთხოვნაში და თავის საკუთრებად მიჩნევაში, იძალადა თ. ვ–ზე, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში.
2.5. 2022 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 17:15 საათზე, ქ. თ–ში, .......ას ქ.№..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ს–მ არასრულწლოვანი შვილის - 2016 წელს დაბადებულ ს. ს–ს თანდასწრებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა თ. ვ–ს მისადმი მორჩილების მოთხოვნაში და თავის საკუთრებად მიჩნევაში, მხოლოდ იმის გამო, რომ იყო მისი მეუღლე და ქალი, იძალადა ყოფილ მეუღლე - თ. ვ–ზე. კერძოდ, მოჰკიდა ხელი მხრებზე, გადმოიყვანა მანქანიდან, მოქაჩა თმებში და ცდილობდა მის წაქცევას.
2.6. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა თ. ვ–ს ი. ს–სადმი მორჩილების მოთხოვნაში და თავის საკუთრებად მიჩნევაში, მხოლოდ იმის გამო, რომ იყო მისი მეუღლე და ქალი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ქ. თ–ში, ......ას ქ.№..-ში, ი. ს–სა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს თ. ვ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, ლანძღავდა და აგინებდა, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, გამოხატავდა სისტემატურ აგრესიას, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის განაჩენით ი. ს–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 18 იანვრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 3 თებერვლის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ი. ს–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ი. ს–ს მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;
3.8. ი. ს–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2022 წლის 5 თებერვლიდან 2022 წლის 14 აპრილის ჩათვლით;
3.9. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, ი. ს–ს დაევალა, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ი. ს–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით აღმოიფხვრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის N1ბ/1899-22 განაჩენში არსებული უზუსტობა. კერძოდ, განაჩენის შესავალ, აღწერილობით და სარეზოლუციო ნაწილში ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილისა მიეთითა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ი. ს–სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ი. ს–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში ი. ს–სას აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის, დაზარალებულ თ. ვ–ს და მოწმეების: მ. ვ–სა და ნ. დ–ს გამოკითხვის ოქმები, თ. ვ–სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი. ს–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი - გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ სათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც ი. ს–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ი. ს–ს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა, რომ ი. ს–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და შესაბამისად, სახეზეა პირობითი მსჯავრის გამოყენებისათვის საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წინაპირობები.
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მითუფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე