Facebook Twitter

საქმე # 210100121005307914

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №212აპ-23 ქ. თბილისი

ჯ–ი დ., 212აპ-23 24 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და დ. ჯ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი მოტივაციით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით - დაზარალებულ ზ. შ–ს ჩვენებით, მოწმეების: გ. ჯ–ს, ს. ჯ–ს, თ. ჯ–სა და ლ. შ–ს ჩვენებებით, დაზარალებულის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. ჯ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ყველა ეპიზოდი, და, შესაბამისად, დაზარალებულის სისტემატური ცემის ფაქტი; კასატორს ასევე მიაჩნია, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დ. ჯ–სისათვის სასჯელის შეფარდებისას გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, ვინაიდან მან არ აღიარა მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ბრალდების არცერთი ეპიზოდი, მათ შორის, არც 2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი, რადგან მან ამ ეპიზოდთან მიმართებით განმარტა, რომ დაზარალებულს ბოთლი ესროლა, ხოლო დაზარალებული კი უთითებს, რომ დ. ჯ–მა სახეში ხელი დაარტყა, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დანაშაულის აღიარებად.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ჯ–მა ჩაიდინა:

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით.

დ. ჯ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის აგვისტოდან იმავე წლის 31 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, დ–ს რაიონის სოფ. ს–ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ამავე რაიონში ე.წ. „........ზე“ ........ის ფერმისა და სოფ. ს–ში მდებარე საძოვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ჯ–სი უსაფუძვლოდ, სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე - ზ. შ–ზე, კერძოდ: 2021 წლის აგვისტოში, 2021 წლის 28 და იმავე წლის 31 ოქტომბერს, არასრულწლოვანი შვილის - გ. ჯ–ს თანდასწრებით ხელი დაარტყა სახეში, ასევე 2021 წლის 24 ოქტომბერს ხელი უსაფუძვლოდ დაარტყა სახეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენით დ. ჯ–ი, - დაბადებული 19..წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

დ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, ხოლო 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

დ. ჯ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2021 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) განსაზღვრული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით ჩაეთვალა პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

გაუქმდა დ. ჯ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

მსჯავრდებულ დ. ჯ–ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 4 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია დ. ჯ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სისტემატური ცემის ნაწილში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით.

4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ. ჯ–ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) შერაცხულ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) - უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით დ. ჯ–ს ქმედებაში არ დადასტურდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემის ფაქტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ჯ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (ორი ეპიზოდი) გადაკვალიფიცირების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს დ. ჯ–სათვის წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება, კერძოდ:

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სისტემატური ცემის შემადგენლობა გულისხმობს, რომ იგი ჩადენილ უნდა იქნეს სულ მცირე სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით, ცემის სისტემატური ხასიათი უნდა განსაზღვრავდეს დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას და თითოეული ცემის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სისტემატური ცემის დასადასტურებლად, ბრალდების - 2021 წლის 24 ოქტომბრისა და იმავე წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდებთან მიმართებით, განსხვავებით დანარჩენი ორი ეპიზოდისაგან, წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულ ზ. შ–ს ჩვენება, რომელიც გამყარებული არ არის სხვა რომელიმე პირდაპირი მტკიცებულებით, მათ შორის არც - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

10. 2021 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდთან დაკავშირებით დაზარალებული ზ. შ–ი განმარტავს, რომ მეუღლის - დ. ჯ–ს მხრიდან მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, მის გარდა სხვა არავინ შესწრებია, ხოლო 31 ოქტომბრის ეპიზოდთან მიმართებით უთითებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - გ. ჯ–ი. თავის მხრივ, არასრულწლოვანი მოწმე - გ. ჯ–ი ჩვენებაში განმარტავს, რომ დ. ჯ–სის მიერ დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის მხოლოდ ორ - 2021 წლის აგვისტოსა და იმავე წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდებს შეესწრო და ადასტურებს ძალადობის ამ ორ ფაქტს, მაგრამ ვერ იხსენებს 31 ოქტომბრის ფაქტს. 2021 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდში ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს თვითმხილველი მოწმე ა. გ–ი, რომელმაც განმარტა, რომ დაზარალებულზე ფიზიკურად იძალადა არა დ. ჯ–მა, არამედ - თვითონ მოწმე გახდა დაზარალებულ ზ. შ–ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

11. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, მოწმეების: ს. ჯ–ს, თ. ჯ–სა და ლ. შ–ს ჩვენებები ირიბია, ვინაიდან ისინი არ შესწრებიან მეუღლეთა შორის კონფლიქტის არცერთ შემთხვევას და გადმოსცემენ მხოლოდ დაზარალებულისგან მიღებულ ინფორმაციას, რის გამოც ვერც აღნიშნული მტკიცებულებები დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დ. ჯ–ს ბრალეულობას 2021 წლის 24 ოქტომბრისა და იმავე წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდებში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

12. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დ. ჯ–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) სასჯელის შეფარდებისას გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, ვინაიდან მან არ აღიარა, მათ შორის, არც ამ ეპიზოდში წარდგენილი ბრალდება. პროკურორის პოზიცია არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ: დ. ჯ–მა ჯერ კიდევ გამოძიებაში ბრალდებულის სახით გამოკითხვისას დაადასტურა, რომ მეუღლეებს შორის, 2021 წლის აგვისტოს მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც მან წყლით სავსე ბოთლი ესროლა ზ. შ–ს, რომელიც მოხვდა თუ არა მას, ვერ დაინახა, ხოლო სასამართლოში ბრალდებულის სახით ჩვენების მიცემისას, 2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი აღიარა და იქვე დააზუსტა, რომ დაზარალებულს ხელი მოუქნია სახეში, რომელშიც წყლით სავსე ბოთლი ეჭირა, მაგრამ არ დაუნახავს ხელი მოარტყა, თუ ბოთლი, მას უნდოდა ბოთლის მორტყმა. ამდენად, ამ ეპიზოდში ბრალდებულის აღიარების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი