საქმე # 330802223007048470
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№21I-23 10 აპრილი, 2023 წელი
გ. ა., 21I-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. გ.ს მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2018 წლის 11 ივნისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ო-ს ადგილობრივმა სასამართლომ გამოსცა ა. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის მიხედვით, ა. გ-ს ბრალად დაედო: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის პირველი ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით (თაღლითობის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა, ჩადენილი ჯგუფურად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით), 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის დეფინიცია) და ამავე კოდექსის 52-ე მუხლით (სასჯელის დანიშვნის წესი დანაშაულთა სიმრავლისას) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
1.2. 2018 წლის 23 ნოემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბ-ს ადგილობრივმა სასამართლომ გამოსცა ა. გ-ს დაკავების ბრძანება, რომლის მიხედვით, ა. გ-ს ბრალად დაედო: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის პირველი და მე-2 ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილით (თაღლითობის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა, ჩადენილი ჯგუფურად, თაღლითობის განგრძობადი ჩადენით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით), 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის დეფინიცია) და ამავე კოდექსის 52-ე მუხლით (სასჯელის დანიშვნის წესი დანაშაულთა სიმრავლისას) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
1.3. 2020 წლის 1 სექტემბერს ა. გ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ა. გ.ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2.1. 2022 წლის 11 ნოემბერს ა. გ. ექსტრადიციის მიზნით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
2.2. 2022 წლის 14 ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინებით ა. გ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.
2.3. 2022 წლის 9 და 16 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა. გ-ს ექსტრადიციის შესახებ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობები და, შესაბამისი, დანართი მასალა.
2.4. 2023 წლის 8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ა. გ-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა - 3 თვით, 6 თვემდე - 2023 წლის 11 მაისამდე.
2.5. ამჟამად ა. გ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. 2023 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა ა. გ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია:
ა) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ო.-ს ადგილობრივი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილით (თაღლითობის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა, ჩადენილი ჯგუფურად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით), 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის დეფინიცია) და ამავე კოდექსის 52-ე მუხლით (სასჯელის დანიშვნის წესი დანაშაულთა სიმრავლისას);
ბ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბ-ს ადგილობრივი სასამართლოს 2018 12 წლის 23 ნოემბრის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის პირველი და მე-2 ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილით (თაღლითობის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა, ჩადენილი ჯგუფურად, თაღლითობის განგრძობადი ჩადენით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით), 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის დეფინიცია) და ამავე კოდექსის 52-ე მუხლით (სასჯელის დანიშვნის წესი დანაშაულთა სიმრავლისას).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი:
ა. გ.ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია:
ა) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ო.-ს ადგილობრივი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილით (თაღლითობის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა, ჩადენილი ჯგუფურად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით), 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის დეფინიცია) და ამავე კოდექსის 52-ე მუხლით (სასჯელის დანიშვნის წესი დანაშაულთა სიმრავლისას);
ბ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბ-ს ადგილობრივი სასამართლოს 2018 12 წლის 23 ნოემბრის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის პირველი და მე-2 ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილით (თაღლითობის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა, ჩადენილი ჯგუფურად, თაღლითობის განგრძობადი ჩადენით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით), 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის დეფინიცია) და ამავე კოდექსის 52-ე მუხლით (სასჯელის დანიშვნის წესი დანაშაულთა სიმრავლისას).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განჩინება გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. შ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებასა და ა. გ-ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგი მოტივებით: ა. გ. თავშესაფრის მაძიებელი პირია და მისი ექსტრადიცია დაუშვებელია, რადგან გადაწყვეტილება, რომლითაც მას უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, გასაჩივრებულია სასამართლოში და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია; ა. გ-ს მიერ თავშესაფრის თხოვნას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, ასევე შესაძლოა, იგი დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას; ქმედება, რომელიც აღწერილია დაკავების ორდერებში საქართველოს კანონმდებლობით არ არის დასჯადი, რადგან შეუძლებელია იურიდიული პირის დანაშაულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა დაეკისროს ფიზიკურ პირს, რომლის კავშირი იურიდიულ პირთან სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება; კასატორს სურს საკასაციო საჩივარი განიხილოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომელიც გააკეთებს შესაბამის განმარტებებს საჩივარში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.
6. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
7. ბრალდების მხარემ წარმოადგინა თავისი პოზიცია დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ძებნილი ა. გ. 2022 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:
5. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ა. გ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს. სასამართლოში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც ა. გ.ს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, გასაჩივრებულია სასამართლოში და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც, თავის მხრივ, არ წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში ექსტრადიციის დასაშვებობის დამაბრკოლებელ გარემოებას, რამეთუ ა. გ. არ არის მომთხოვნი სახელმწიფოს - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, არამედ - თურქეთის რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეა (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №8I-22).
6. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005). აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში მითითებულია ა. გ.ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ზოგად საფრთხეებზე, მაგრამ გაცხადებული რისკების არსებობა ან/და რეალურობა არ არის გამყარებული კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულებებით, რისი მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ა. გ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ან არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე.
7. კასატორის მითითებაზე, რომ ა. გ-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით არ არის დასჯადი, რადგან შეუძლებელია იურიდიული პირის დანაშაულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა დაეკისროს ფიზიკურ პირს, რომლის კავშირი იურიდიულ პირთან სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ასევე - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობით, ხოლო ფაქტობრივი საფუძვლის გამორკვევა, რომლითაც დასტურდება ა. გ-ს კავშირი ჩადენილ დანაშაულთან, დაკავშირებულია პირის ბრალეულობის საკითხთან, რომელსაც ექსტრადიციის დასაშვებობის განხილვისას, სასამართლო არ აფასებს, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე: №402I-21; №453I-21).
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ კასატორის მოთხოვნა არ არის სათანადოდ არგუმენტირებული, ვინაიდან საჩივარში მითითებული საკითხები არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. ამ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა (იხ.: მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე: №402I-21; №453I-21; №8I-22; №14I-22), რომლის შეცვლის საფუძველი არ არის გამოკვეთილი.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. გ.ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. გ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი