ბს-1522-1097(კ-05) 29 მარტი, 2006 წ.’ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 29 დეკემბერს ი. ზ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1994წ. ივნისიდან მუშაობდა თბილისის მთაწმინდის რაიონის შს სამმართველოში ........ ინსპექტორად, ხოლო 1993 წლიდან იმავე ინსპექციაში _ უფროს ინსპექტორად.
2004წ. 21 ივლისიდან იგი აღარ ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ვინაიდან გამოუცხადეს, რომ შსს-ში მიმდინარეობდა რეორგანიზაცია და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. მას გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ ჩაჰბარებია და მისთვის უცნობია გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.
მოსარჩელის მითითებით, მისი მრავალჯერადი პატაკების შედეგად, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოდან მიღებული პასუხების საფუძველზე მისთვის ცნობილი გახდა, რომ გათავისუფლებულია სამსახურიდან ...... ინსპექციაში საშტატო ერთეულების შემცირების გამო. მოსარჩელის განმარტებით, ....... ინსპექციაში 5 საშტატო ერთეული შემცირდა 3 ერთეულამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, 5 ინსპექტორიდან სამსახურში უნდა დარჩენილიყო 3, რომლებსაც ექნებოდათ სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება.
ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, სხვა თანამდებობის შეთავაზებას კი მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, სრულიად უკანონა მისი სამსახურიდან გათავისუფლება შტატების შემცირების მოტივით. ამასთან, იგი სარგებლობდა სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლებით, ვინაიდან, ყოველთვის ერთგულად და მაღალკვალიფიციურად ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
თბილისის ვაკე-საბურთლოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 6 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 23 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ზ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ზ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 23 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების არაკანონიერად აღიარება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც მოიცავს 2004წ. 10 ივლისის ¹361 და 2004წ. 27 ნოემბრის ¹1916 პშ ბრძანებებს, რაც მისი მითითებით დავის საგნის გაზრდა არ არის.
მოწინააღმდეგე მხარის _ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მიუთითა, რომ შსს ¹1916პ/შ ბრძანება ეფუძნება 2004წ. 10 ივლისის ¹361 საორგანიზაციო-საშტატო ბრძანებას, რომლითაც შემცირდა საორგანიზაციო საშტატო ერთეულები, არსებული 6 ერთეულიდან დარჩა 2 საშტატო ერთეული, რაც გათვალისწინებულია «შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 67 «ვ» მუხლით და რაც საფუძვლად დაედო ი. ზ-ის სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებას. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მითითებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო განცხადება ხანდაზმულია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.
სააპელაციო საჩივარს არ დაეთანხმა მესამე პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელიც, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 23 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება და განმარტა, რომ აპელანტის გათავისუფლება მოხდა 2004წ. 10 ივლისის ¹361 ბრძანებით, ხოლო შემდეგ დაითხოვეს სამსახურიდან. აპელანტის მოთხოვნა 2004წ. 10 ივლისის ¹361 და 2004წ. 27 ნოემბრის ¹1916 პშ ბრძანებების გაუქმებაზე, ნიშნავს დავის საგნის გადიდებას, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში ამის თაობაზე საუბარი არ ყოფილა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 23 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ი. ზ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებში მიუთითებდა, რომ ი. ზ-ის სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც ეხება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარებას, არის ხანდაზმული «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127.1 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან მის მიერ გაშვებულ იქნა მითითებული ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, «საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის წესის გავლის შესახაებ» დებულების 12.11 მუხლი არ ითვალისწინებს კადრების განკარგულებაში მყოფი პირის დასაქმების ვალდებულებას, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004წ. 27 ნოემბრის ¹1916 პშ ბრძანება, ი. ზ-ის საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის თაობაზე არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ზ-მა.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და უკანონოა, მსჯელობები არათანმიმდევრული და ულოგიკო, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არის გაგებული კანონის ნორმები.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასაჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ზ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წარმოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მითითებული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შს სამინისტროს 2004წ. 10 ივლისის ¹361 ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის შს სამმართველოსა და დაქვემდებარებული რაიონული სამმართველოებისა და განყოფილებების რიგითი, ოფიცერთა და პირადი შემადგენლობა, მათ შორის კასატორი, განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.
შს სამინისტროს 2004წ. 27 ნოემბრის ¹1916 პშ ბრძანებით კასატორი _ პოლიციის კაპიტანი ი. ზ-ი 2004წ. 12 ნოემბრიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში.'
ზემოაღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო შს სამინისტროს 2004წ. 10 ივლისის ¹361 საორგანიზაციო საშტატო ბრძანება და «საქართველოს შს ორგანოებშის სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების მე-12 მუხლი.
სააპელაციო სასამართლომ კასატორს, მისი განთავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანების არაკანონიერად აღიარებაზე, უარი უთხრა მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო სარჩელზე უარის თქმის ზემოაღნიშნული საფუძვლის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს იმ კანონის გამოყენებას რომელიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რაც, თავის მხრივ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ კასაციის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო სადავო ბრძანებების გასაჩივრების ვადის ათვლასთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე და განმარტავს: შს მინისრის 2004წ. ზემოაღნიშნული ორივე ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. რომელთან მიმართებაშიც გამოყენებულ უნდა იყოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნები.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილი სარჩელის სასამართლოში წარდგენის ვადის ათვლას უკავშირებს აქტის გაცნობია მომენტს. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ადმინისტრაციული აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ადმინისტრაციული აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსს და თვლის, რომ აქტის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის ათვლისას არსებითი ყურადღება უნდა მიექცეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმებს და საკითხი უნდა გადაწყდეს ამ ნორმებზე დაყრდნობით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას შს სამინისტროს 2004წ. 27 ნოემბრის ¹1916 პშ ბრძანების კანონიერების თაობაზე და თვლის, რომ თავისთავად ის გარემოება, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე მიღებული ბრძანება კანონით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა, არ იძლევა პირის სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების კანონიერად მიჩნევის ავტომატურ საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შს ორგანოებში სამსახურის გავლის სპეციფიკას და აღნიშნავს: იმის გათვალისწინებით, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანა არ ნიშნავს პირის შს ორგანოებიდან დათხოვნას, «საქართველოს შს ორგანოების სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების 77-ე მუხლი გასაჩივრების უფლებას უკავშირებს შს ორგანოებიდან პირის დათხოვნის თაობაზე მიღებულ აქტს, რის გამოც, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული ბრძანების კანონიერება შეფასებული უნდა იყოს კომპლექსურად. კერძოდ, სასამართლო მსჯელობის საგნად უნდა იქცეს, მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოში რეალურად შემცირდა თუ არა შტატების, არსებობდა თუ არა სამსახურიდან კასატორის დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი და დათხოვნის მომენტში არსებობდა თუ არა კასატორის შრომითი მოწყობის შესაძლებლობა რა მიზნითაც შეფასებულ უნდა იქნეს საქმეში ს.ფ. 51-54-ზე წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს, იგი მოკლებულია შესაძლებლობას‚ გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც აღნიშნული, შემდეგომი გამოკვლევა-განხილვის მიზნით, უნდა დაუბრინდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.