საქმე # 330100122005433624
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№58აპ-23 ქ. თბილისი
ც–ა გ., 58აპ-23 4 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ც–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ც–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ–მ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და გ. ც–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა, რითაც სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას არსებითად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; საქმის მასალებით, მათ შორის - მსჯავრდებულის ჩვენებით დადგენილია, რომ გ. ც–ს ამოძრავებდა დ. ხ–ის სხეულის დაზიანებების მიყენების სურვილი და არა - მისი სიცოცხლის მოსპობის განზრახვა; მსჯავრდებულისათვის ხელი არავის შეუშლია, რომ დამატებითი სასიკვდილო ჭრილობები მიეყენებინა დაზარალებულისათვის, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და გ. ც–ს მსჯავრად შერაცხა უკანონო და დაუსაბუთებელი ბრალდება; იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კორპუსებიდან ვიღაც უყვიროდა მსჯავრდებულს, დანა არ დაერტყა დაზარალებულისათვის, ადასტურებენ მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული და მსჯავრდებულზე განაწყენებული დაზარალებულის ოჯახის წევრები, რომლებსაც, თავის მხრივ, არ უარუყვიათ, რომ დ. ხ–სვის ჭრილობების მიყენების მომენტში გ. ც–სათვის ფიზიკურად ხელი არავის შეუშლია და ისინი არავის გაუშველებია.
2. კასატორი - დაცვის მხარე გ. ც–ს მსჯავრდების ძალაში დატოვების შემთხვევაში, ალტერნატივის სახით ითხოვს, მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას, რადგან მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არაერთი გარემოება - გ. ც–სა არასდროს ყოფილა ნასამართლევი; გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში; ითანამშრომლ გამოძიებასთან; აღიარა დ. ხ–ის დაჭრის, კერძოდ, მისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი; უდავოდ გახადა მტკიცებულებების ნაწილი; საგამოძიებო ორგანოს წარუდგინა დანაშაულის იარაღი; მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში; ნებაყოფლობით გადასცა გამოძიებას საკვლევი ნიმუშები; იმთავითვე განაცხადა მზადყოფნა აენაზღაურებინა ზიანი, რაც ვერ მოხერხდა დაზარალებულის კატეგორიული უარის გამო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის განაჩენით გ. ც–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ც–მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
4.1. 2021 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 11:40 საათზე, ქ. თ–ში, ........თა ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, გ. ც–მ დ. ხ–ს განზრახ მკვლელობის მიზნით, დანის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა სამი შემავალი, ნაკვეთი ჭრილობა, კერძოდ: მარცხენა მხრის პროქსიმალურ ზედა მესამედში იღლიის აორტის სრული, ხოლო - ვენებისა და ნერვული კონის ნაწილობრივი დაზიანებით, მარცხენა მხრის შუა მესამედში, გარეთა მხრიდან კუნთოვანი მასის დაზიანებით და საზარდულის არეში, დიდი საჩინო ვენის ნაწილობრივ დაზიანებით, რის შემდგომაც, გ. ც–ა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ. ც–მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, დ. ხ–სთვის დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების გამო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ გ. ც–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ–მ, რომელიც ითხოვდა მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას, ალტერნატივის სახით კი, შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას, ხოლო, მეორე მხრივ, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გოგალაძემ, რომელიც ითხოვდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა გ. ც–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
10. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს: მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ დ. ხ–ს დაზიანებები დანით სწორედ გ. ც–მ მიაყენა და მისი ქმედებები მიზეზობრივად უკავშირდება დამდგარ შედეგს - დაზარალებულისათვის მიყენებულ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებას. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება. დაცვის მხარის მტკიცებით, გ. ც–ს დ. ხ–ს ჯანმრთელობის დაზიანება სურდა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი ქმედებაა, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებით, მსჯავრდებულს დაზარალებულის მოკვლის განზრახვა ამოძრავებდა, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო სურვილის ასრულება, რისი გათვალისწინებითაც, მის ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია: ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას, შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი №680აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8).
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც და რომლებიც, თითქოსდა, გამორიცხავდნენ გ. ც–ს ქმედებაში მკვლელობის მცდელობის შემადგენლობას, ვინაიდან საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: მოწმეების - გ. და ნ. ხ–ების ჩვენებებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის კონფლიქტი რამდენიმე ეპიზოდად განვითარდა, მათ შორის, თავდაპირველი ინციდენტისას დაპირისპირებული მხარეები გ. ხ–მა გააშველა და ამჯერად კონფლიქტი საქმის სიტყვიერი გამორკვევით ამოიწურა, თუმცა მალევე, დაახლოებით 15 წუთში, გ. ც–მ კვლავ გაიხმო ეზოში დ. ხ–ი და დანით მიაყენა სამი ჭრილობა; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ შემთხვევის შედეგად დაზარალებულს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები - მარცხენა მხრის არეში, იღლიის არტერიის, იღლიის ვენისა და ნერვის დაზიანებით და მარცხენა საზარდულის არეში დიდი საჩინო ვენის დაზიანებით, რომლებიც ერთობლივად მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს, ასევე - ჭრილობა მარცხენა მხრის არეში, არტერიის ვენისა და ნერვის დაზიანებით; მეტად საყურადღებოა, რომ დანაშაულის თვითმხილველი ყველა დაკითხული მოწმე, მათ შორის თავად მსჯავრდებული გ. ც–სა, ისევე, როგორც მისი მეუღლე - მ. გ–აა ადასტურებენ, რომ შემთხვევის დროს დაზარალებული დ. ხ–სი შეიარაღებული არ ყოფილა. მეტიც, დაზარალებულისა და მისი შვილების - გ. და ნ. ხ–ების ჩვენებებით დგინდება, რომ გ. ც–ს მიერ დ. ხ–ს დანით მიყენებული სამი ჭრილობის კვალდაკვალ, დაზარალებული ცდილობდა, მხოლოდ მოქნეული დანის აცილებით დაეცვა თავი. ხაზგასასმელია, რომ პირველი ჭრილობის მიყენების შემდეგ, მიუხედავად თავად დაზარალებულის, მისი შვილებისა და კორპუსის სხვა მაცხოვრებლების მოწოდებებისა, გ. ც–მ არ შეწყვიტა დანაშალებრივი ქმედება და კიდევ ორი ჭრილობა მიაყენა დ. ხ–ს, რომელიც მხოლოდ დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლომ მსჯავრდებულის განზრახვის დადგენისას ყურადღება მიაქცია დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობას; ასევე - დანაშაულის ჩადენამდე მსჯავრდებულის ქცევას, როდესაც პირველი ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, სწორედ მან გაიხმო ეზოში დაზარალებული და სწორედ მისი ინიციატივით განახლდა დაპირისპირება, რასაც მოჰყვა დ. ხ–ს დაჭრა; დაზარალებულის დაზიანებების რაოდენობასა და ლოკალიზაციას, კერძოდ: დ. ხ–ს მიყენებული აქვს ჭრილობები - მარცხენა მხრის არეში, იღლიის არტერიის, იღლიის ვენისა და ნერვის დაზიანებით; მარცხენა საზარდულის არეში დიდი საჩინო ვენის დაზიანებით და მარცხენა მხრის არეში, არტერიის ვენისა და ნერვის დაზიანებით; დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ იარაღს - დანას, როდესაც დაპირისპირებული მხარე შეიარაღებული არ ყოფილა; მსჯავრდებულის მისწრაფებასა და მის ურყევ ნებას, როდესაც მიუხედავად დაზარალებულის, მისი შვილებისა და კორპუსის სხვა მაცხოვრებლების მოწოდებებისა გ. ც–მ არ შეწყვიტა დანაშაულებრივი ქმედება და კიდევ ორი ჭრილობა მიაყენა დ. ხ–ს, რომელიც მხოლოდ დროული სამედიცინო დამხარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს, რაც, ერთობლივად შეფასებისას, სარწმუნოდ მიუთითებს მსჯავრდებულის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლის - განზრახ მკვლელობის მცდელობის - შემადგენლობის არსებობაზე.
15. მსჯავრდებულ გ. ც–სათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის მოთხოვნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ გ. ც–სას მსჯავრი დაედო დ. ხ–ს განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, რაც, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული აღიარებდა დაზარალებულისათვის დანით ჭრილობების მიყენების ფაქტს, მაგრამ არა მისი მოკვლის, არამედ - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების განზრახვით, ვერ შეფასდება მსჯავრად შერაცხული დანაშაულის - განზრახ მკვლელობის მცდელობის - აღიარებად. შესაბამისად, გ. ც–სას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას არ აქვს კანონიერი გამართლება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, მასში მითითებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა - ვალდებულებას.
16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ც–სას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი