საქმე # 330100122005713587
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№5აპ-23 ქ. თბილისი
მ–ი ა., 5აპ-23 18 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ფოცხვერაშვილის შუამდგომლობა, რომლითაც იგი ითხოვს, არ იქნეს განხილული თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და ა. მ–სის მიმართ სასჯელის გამკაცრებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით ა. მ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და ა. მ–ს საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ–მა ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2022 წლის 9 მარტს, დაახლოებით 23:30 საათისათვის, თ–ში, ვ–ს ქ. №.., ბინა №..-ში, არასრულწლოვანი შვილიშვილების, 2015 წელს დაბადებული - ნ. მ–სა და 2018 წელს დაბადებული - ა. მ–ს თანდასწრებით, ა. მ–სმა მეუღლეზე - თ. ს–ზე იძალადა, კერძოდ, სველი პირსახოცი მოუქნია მარცხენა მხარისა და ბეჭის არეში, რაც მოხვდა დაზარალებულს და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.2. 2022 წლის 9 მარტს, დაახლოებით 23:30 საათისათვის, თ–ში, ვ–ს ქ. №.., ბინა №..-ში, ა. მ–სი მეუღლეს - თ. ს–ს დაემუქრა, კერძოდ უთხრა, რომ არ დაეძინა, თორემ მოკლავდა და დანით დაადგა თავზე. დაზარალებულმა თ. ს–მ ა. მ–ს ქმედება აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და ა. მ–ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2023 წლის 14 თებერვალს შემოვიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - ...........ის პრობაციის ბიუროს უფროსის - ვ. ძ–ს წერილი, რომლის თანახმად, ა. მ–ს მიმართ პრობაციის ბიუროში წარმოება შეწყდა მსჯავრდებულის გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის საფუძველზე.
7. 2023 წლის 10 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მომართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა, რომელმაც ითხოვა, არ იქნეს განხილული ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი