Facebook Twitter

საქმე # 330100122006142705

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №63აპ-23 ქ. თბილისი

ჩ–ი ნ., 63აპ-23 4 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ნინო მიქავამ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ნ. ჩ–ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ ნ. ჩ–სათვის სასჯელის შეფარდებისას სათანადოდ არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ძალადობის ხერხი, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთლი გენდერული დისკრიმინაციის მოტივი და დანაშაულის სიმრავლე, ასევე - დაზარალებულის ემოციური მდგომარეობა, რომელიც იყო დათრგუნული და განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, რისი მხედველობაში მიღებითაც, გამოყენებული სასჯელი აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათს, მის პიროვნებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ნ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ. ჩ–ს საბოლოოდ მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ჩ–მა ჩაიდინა: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2022 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. თ–ი, ბ–ს ქ. №.., ბინა №..-ში მდებარე ნ. ჩ–ს საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის როგორც მამაკაცზე დაქვემდებარებული, საკუთრებად აღქმული პირის დასჯის, ასევე - დამორჩილების სურვილითა და იმ მოტივით, რომ თოთქოსდა, ნ. ხ–ს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების თავისუფლად წარმართვის უფლება, ნ. ჩ–მა ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე, კერძოდ, სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, ათრია თმით და ორივე ხელი წაუჭირა ყელში, რის შედეგადაც, ნ. ხ–მ სახესა და სხეულზე მიიღო მრავლობითი დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად ნ. ჩ–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ. ხ–ს და დაემუქრა, თუ მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, მოკლავდა, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.2. 2022 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. –ი, ბ–ს ქ. №.., ბინა №..-ში მდებარე ნ. ჩ–ს საცხოვრებელ სახლში, ძალადობითა და ასეთის გამოყენების მუქარით, ნ. ჩ–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა თავისად დაგულებული ნ. ხ–ის ,,iPhone 13 Pro-ს” მოდელის მობილური ტელეფონი, კერძოდ, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, ათრია თმით და ორივე ხელი წაუჭირა ყელში, რის შემდეგაც წაართვა მობილური ტელეფონი, რითაც მიაყენა - 4000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი და ასევე - ფიზიკური ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ნინო მიქავამ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და ნ. ჩ–ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები; ითანამშრომლა გამოძიებასთან; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და ამავე კოდექსის 531-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესის (დანაშაულის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) შესაბამისად, ნ. ჩ–ს კანონიერი სასჯელები განუსაზღვრა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულები; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულებს და იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო გამკაცრება, დაზარალებულისათვის ანაზღაურებული ზიანისა და მსჯავრდებულის სასჯელთან მიმართებით მისი ლმობიერი პოზიციის გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივარშიც, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული პასუხები გასცა თავის გადაწყვეტილებაში, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანი არ არის დამნაშავის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან გათავისუფლება, არამედ - ნ. ჩ–სათვის შეფარდებული სასჯელი პირობადადებულია და დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი, სასამართლოს მიერ დადგენილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით არის დაზღვეული.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი