საქმე # 330100121004259475
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№6აპ-23 ქ. თბილისი
კ–ა კ., №6აპ-23 3 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დავით ხვედელიძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და კ. კ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედება სამართლებრივად არასწორად შეაფასა, რადგან დაზარალებულ ნ. ქ–სა და მოწმე რ. კ–ს ჩვენებებით სარწმუნოდ დასტურდება, რომ დაზარალებულს ზურგში ფეხს კ. კ–სა ვერ დაარტყამდა, რადგან ფიზიკური დაპირისპირებისას ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, რაც ცხადყოფს, რომ ნ. ქ–ზე მსჯავრდებულთან ერთად იძალადა შემთხვევის ადგილზე მყოფმა მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, რაც დანაშაულის ჯგუფურად ჩადენაზე მიუთითებს. კასატორი ასევე ითხოვს კ. კ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებულმა თავად დაგეგმა დანაშაული, შეარჩია მისი ჩადენის ადგილი, თან წაიყვანა მეგობრები და ჯგუფურად იძალადა დაზარალებულზე, შეფარდებული სასჯელი არის უსამართლო, არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას, ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ. კ–ს ბრალად დაედო სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ–ში, მეტროსადგურ „..........ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ს–ს დასახლების №..-თან, კ. კ–მ სხვა დაუდგენელ პირთან ერთად, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადა ნ. ქ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. კ. კ–სას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 აგვისტოს განაჩენით კ. კ–სას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. კ–მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
5.1. 2020 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ–ში, მეტროსადგურ „........ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ს–ს დასახლების №..-თან, კ. კ–მ ფიზიკურად იძალადა ნ. ქ–სეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა თამარ ჩინჩალაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, კ. კ–სას დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას სწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ხოლო გადაწყვეტილების მოტივაციისას ამომწურავად იმსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა კ. კ–სას მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებაში - ჯგუფურად ჩადენა, კერძოდ:
11. მხარეებს შორის დავის საგნად არ ქცეულა კ. კ–ას მიერ ნ. ქ–ზე ფიზიკური ძალადობა, თუმცა სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ფაქტი, კერძოდ: დაზარალებულ კ. ქ–სის ჩვენების მიხედვით, შემთხვევის დღეს, მასთან შეხვედრისას კ. კ–სას თან ახლდა ორი მამაკაცი. მსჯავრდებულმა იგი მოშორებით გაიყვანა და მოსთხოვა აეხსნა, რატომ მიაყენა შეურაცხყოფა მის მეგობარ გოგონას და ამავდროულად სახეში დაარტყა მუშტი, რასაც მათ შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რა დროსაც ზურგისა და წელის არეში იგრძნო რამდენიმე დარტყმა. დაზარალებულის ვარაუდით, უკნიდან მას კ. კ–ს თანმხლები პირები დაესხნენ თავს. დარტყმების შედეგად იგი ძირს დაეცა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაზარალებულის ჩვენების საპირისპიროდ, მსჯავრდებულმა კ. კ–მ აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს, ნ. ქ–სთან შეხვედრის დროს, მას თან ახლდნენ - კ. ხ–ი და შ. შ–ე, რომლებიც დარჩნენ შეხვედრის ადგილზე, ის და დაზარალებული კი მოშორებით საუბრობდნენ. მან ნ. ქ–ს მოსთხოვა, აეხსნა თავისი მეგობარი გოგონას შეურაცხყოფის მიზეზი, რა დროსაც შელაპარაკდნენ და მან თავისა და კისრის არეში დაარტყა ხელი დაზარალებულს, რასაც მოჰყვა მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება. ისინი კ. ხ–მა და შ. შ–მ გააშველეს. მსჯავრდებულის ჩვენება შემთხვევის ადგილზე მომხდართან დაკავშირებით სრულად არის თანხვდენილი და დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების - კ. ხ–სა და შ. შ–ს ჩვენებებით, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს სასამართლოში წარმოდგენილი არცერთი სხვა პირდაპირი სამხილიდან. მეტად საყურადღებოა, რომ კ. კ–მ შემთხვევის დროს მისი თანმხლები პირების ვინაობა დაასახელა გამოძიების ეტაპზევე და შესაძლებელი გახდა მათი გამოკითხვა. მსჯავრდებულმა გამოძიების ეტაპზევე მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც დეტალურად მიუთითა მომხდარის თაობაზე და დაადასტურა, რომ ნ. ქ–ზე ფიზიკური ძალადობის დროს, კ. ხ–ი და შ. შ–ე მათ აშველებდნენ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დანაშაულის ჯგუფურად ჩადენასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა - in dubio pro reo - პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
12. კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (გამოძიების ეტაპზევე აღიარა ჩადენილი დანაშაული, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მიანიჭა სასამართლომ; ითანამშრომლა გამოძიებასთან, მიუთითა შემთხვევის დროს მისი თანმხლები პირების ვინაობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, კ. კ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაული; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) გათვალისწინებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის დამძიმება და ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის მოხდის წესის შეცვლა, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი.
13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი