საქმე # 160100122005680081
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№98აპ-23 ქ. თბილისი
ფ–ი ნ., 98აპ-23 4 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ნ. ფ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენაში და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მ. ხ–ეემ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების - ხ. ბ–სა და ნ. დ–ს ჩვენებებით, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და სხვა სამხილებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მისი ბრალეულობა.
2. გამართლებულ ნ. ფ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ჩ–ი საკასაციო შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. ფ–ს ბრალად დაედო: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2022 წლის 11 მარტს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. მ–ში, რ–ს ქ. №..-ში მდებარე სასტუმრო ,,ს–ს” ერთ-ერთ ნომერში, ნ. ფ–მა უმიზეზოდ, სახეში არაერთხელ ხელის გარტყმით ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - მ. ხ–ზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.2. 2022 წლის 24 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. მ–ში, .....ის ქ. №..-ში მდებარე ე.წ. ,,.....ში“, შერიგებაზე უარის თქმით გაღიზიანებულმა, ალკოჰოლით მთვრალმა ნ. ფ–სმა ორივე ხელი ყელზე მოუჭირა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - მ. ხ–ეეს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.3. 2022 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, შეხვედრაზე უარის თქმით განაწყენებული, ალკოჰოლით მთვრალი ნ. ფ–სი, ქ. მ–ში, ......ის ქ. №..-ში მდებარე ე.წ. ,,.......ში“ სატელეფონო საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - მ. ხ–ს, კერძოდ უთხრა: ,,არ გაცოცხლებ, მაინც მოგკლავო“, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. ნ. ფ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის განაჩენით ნ. ფ–სი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ნ. ფ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა ნ. ფ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა; დაზარალებულმა მ. ხ–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - ხ. ბ–ს ჩვენება არის ირიბი, ვინაიდან ეფუძნება დაზარალებულის მონათხრობს და შესაბამისად, ვერ დაედება საფუძვლად ნ. ფ–ს მსჯავრდებას, ხოლო მოწმე ნელი დამბურაჯელის მონათხრობი, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით - არაფრისმთქმელია, რადგან მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოწმე შეესწორო ნ. ფ–სა და მ. ხ–ს ხმამაღალ საუბარს, ვერაფრით გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ ნ. ფ–მა ფიზიკურად იძალადა ან სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ხ–ს; რაც შეეხება პოლიციისათვის შეტყობინებასა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მ. ხ–ე ჩატარებულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, მხარეების მიერ ჯვარედინად არ დაკითხულა, შეუძლებელია ამ სამხილების საფუძველზე ფაქტების უტყუარად დადგენა და მითუფრო - გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ნ. ფ–ს ბრალეულობა.
11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი