Facebook Twitter

საქმე # 010142222700850429

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №44აგ-22 5 აპრილი, 2023 წელი

რ. რ., 44აგ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. კ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 ივნისის განაჩენით რ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით, მას მიესაჯა 38 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. რ. რ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 16 სექტემბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: ვინაიდან სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილი მოიცავდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილს, მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ რ. რ.ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ. რ*-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 28 (ოცდარვა) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენი რ. რ.ს მიმართ დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ რ. რ.ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

6. 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ რ. რ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. კ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 ივნისის განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქმეში დაზარალებულად ცნობილ მ. ჩ-ს რ. რ.ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ოქროს ჯაჭვი არ დაუბრუნდა სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისთანავე, ვინაიდან სამართალდამცავმა ორგანოებმა იგი ვერ ამოიღეს/მოიპოვეს, მისი არარსებობის გამო, მას შემდეგ კი გასულია 12 წელზე მეტი; აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარემ წერილობით არაერთხელ მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურასაც, თუმცა პასუხი არ მიუღია; მ. ჩ-ს ოქროს ჯაჭვი უნდა დაბრუნებოდა სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისთანავე; ამდენად, რადგან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ მოიპოვება, შუამდგომლობა დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. რ.ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. რ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. კ-მ. კასატორი საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას, შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ რ. რ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. კ-ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, კერძოდ:

4. მსჯავრდებულ რ. რ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. კ-მ ზუსტად ანალოგიური შინაარსის შუამდგომლობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ერთხელ უკვე მიმართა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი. აღნიშნული განჩინებით მას განემარტა, რომ რ. რ.ს ბრალდების საქმეზე დაზარალებულ მ. ჩ-ს ბრალდების ეპიზოდში, საბრალდებო დასკვნისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 ივნისის განაჩენის თანახმად, რ. რ-მ. მ. ჩ-ს ყელიდან ჩამოგლიჯა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის კუთვნილ ოქროს ჯაჭვს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 450 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, რის შემდეგაც რ. რ-მ, თანამზრახველთან ერთად, „....“ არსებულ ოქროს სავაჭრო ცენტრში მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთი გაყიდა.

5. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 ივნისის განაჩენში (ნივთიერი მტკიცებულებების აღსრულების ნაწილში) ვერ იქნებოდა და არც არის მსჯელობა დაზარალებულ მ. ჩ-ს ოქროს ჯაჭვის დაბრუნების შესახებ, ხოლო ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად დაამტკიცებდა მსჯავრდებულის უდანაშაულობას, კასატორს არ წარმოუდგენია.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ რ. რ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. რ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი