Facebook Twitter

საქმე # 020142222700928207

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №5აგ-23 ქ. თბილისი

გ. გ. 5აგ-23 3 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:

1.1. გ. გ–ე, - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

1.2. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.3. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ს ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.4. გ. გ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.5. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

1.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

1.7. გ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2020 წლის 23 ივნისიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით გ. გ–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

2.1. გ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.2.1. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ–ს ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ს ეპიზოდი მობილური ტელეფონის მეშვეობით) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2.3. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ს ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2.4. საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. გ. გ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2020 წლის 23 ივნისიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გ. გ–მ, რომელიც ითხოვს მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი განაჩენის ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვას. ვინაიდან, განაჩენის დადგენის შემდეგ, განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. მოსამართლის მიერ მის განცხადებებზე გაცემული პასუხით (განმარტებით) მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით მოხდა არასწორად. ,,მსჯავრდებისათვის გამოყენებული აქვთ ხიშტ-დანა, როგორც ნივთიერი მტკიცებულება. ეს მაშინ, როცა ხიშტ-დანის ტარებას ბრალდება მას არ ედავებოდა“. გ. გ–ე ითხოვს ყურადღება მიექცეს 17.09.2021 წლის მიღება-ჩაბარების აქტსა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის 06.05.2022 წლის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც იმ გასაშლელი დანის ადგილსამყოფელი, რომლის ტარებაც მსჯავრად შეერაცხა, დღემდე უცნობია. მითითებული გარემოებები მისთვის აქამდე უცნობი იყო, წარმოადგენს ახალ გარემოებებს, რის გამოც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენები.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის თაობაზე, არ იქნა დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ–მ, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვას.

7. მსჯავრდებულმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა არაერთი წერილი/განცხადება, სადაც მითითებულია იგივე გარემოებები, რაც - საკასაციო საჩივარში.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ვინაიდან მითითებულ ნორმაში განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული - დაუშვებელია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლის არარსებობის პირობებში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა იმ საკითხის ხელახალი შეფასების მიზნით, რომლებიც საქართველოს სსსკ-ის თანახმად ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში, მათ შორის საქმეში არსებული მტკიცებულებების სარწმუნოობის ან/და საკმარისობის შემოწმება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინება N46აგ-19, II-10).

3. ამდენად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის. განსახილველ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი მკაფიოდ ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის კუმულაციურ წინაპირობას: ახალი გარემოება არა მხოლოდ ობიექტურად უცნობი უნდა ყოფილიყო კასატორისთვის განაჩენის დადგენის დროს, არამედ ეს გარემოება გავლენას უნდა ახდენდეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე”(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინება საქმეზე N46აგ-19).

4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა თავიანთ განაჩენებში, ხოლო უზენაესმა სასამართლომ - განჩინებაში (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) იმსჯელეს და სამართლებრივი კუთხით შეაფასეს გ. გ–ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის - უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით; გ. გ–ს სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში, ასევე შეეძლო საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით თავად მოეთხოვა საქართველოს სსსკ-ის მე-9, 25-ე და 83-ე მუხლების საფუძველზე საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულების(დასაკეცი დანის) წარმოდგენა და გამოკვლევა.

5. რაც შეეხება მსჯავრდებულის მტკიცებას, რომ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების საფუძვლად გამოყენებული დასაკეცი დანის ადგილსამყოფელი დაუდგენელია, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მოცემული ბრალდების ფარგლებში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი 2020 წლის 24 ივნისის ამოღების ოქმი(გასაშლელი დანის ამოღება), 2020 წლის 1 ივლისის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა(რომლითაც დგინდება, რომ გ. გ–საგან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას), მოწმეთა: მ. ჩ–სა და რ. კ–ს გამოკითხვის ოქმები, რომლებითაც დასტურდება, რომ გ. გ–სე დასაკეცი დანის დემონსტრირებით მოკვლითა და განადგურებით ემუქრებოდა მათ; 2020 წლის 27 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმი, რომლითაც ასევე დასტურდება, რომ ლ. კ–მ მისთვის წარდგენილი სამი ცალი გასაშლელი დანიდან ამოიცნო დანა, რომლითაც გ. გ–სე 2020 წლის 18 ივნისს ემუქრებოდა. თავად მსჯავრდებული გ. გ–ე მიუთითებს, რომ 2020 წლის 18 ივნისს დასაკეცი დანა გადასცა პოლიციის უფროს ზ. ჩ–ს და განუმარტა, რომ დანას ატარებდა სამეურნეო გამოყენების მიზნით. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, 2020 წლის 18 ივნისს გ. გ–სე საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად(გ. გ–ს 2013 წლის 4 აპრილის განჩინებითა და 2015 წლის 15 მაისის განჩინებით(რომლითაც დაზუსტდა 2013 წლის 4 აპრილის განჩინება) განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან. გ. გ–მ სასჯელის მოხდა დაასრულა 2016 წლის 12 აპრილს) ითვლებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის მქონე პირად. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. გ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

6. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების თანახმად 2020 წლის 18 ივნისის ადმინისტრაციული დაკავების ოქმით დგინდება, რომ გ. გ–ს პირადი შემოწმებისას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ. მ–მა ამოიღო გასაშლელი დანა, ორ ლულიანი სანადირო თოფი და ვაზნები, რომელიც 2020 წლის 22 ივნისის წერილის თანახმად ერთად ინახებოდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ. მ–თან; 2020 წლის 23 ივნისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გაიცა ნებართვა გამომძიებელ გ. მ–საგან ამოიღონ გ. გ–სის პირადი გასინჯვისას სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული გასაშლელი დანა; 2020 წლის 24 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად გამომძიებელ გ. მ–საგან ამოიღეს მათ შორის დასაკეცი დანა დალუქული სახით, ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული, ლუქზე კი აღინიშნებოდა ხელმოწერები, მათ შორის გ. გ–ს. ამოღებული დანა სხვა ნივთებთან და ადმინისტრაციული საქმის მასალებთან ერთად დალუქულ მდგომარეობაში დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გ. გ–სთან შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ 2020 წლის 10 აგვისტოს ოქმში რომელზე გაცნობასაც მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით მითითებულია: გ. გ–ს განემარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული გასაშლელი დანა ინახება ბ-ს რაიონულ სამმართველოში და მოთხოვნის შემთხვევაში მას შეუძლია დაათვალიეროს. აღნიშნულზე გაფორმდა მითითებული ოქმი, რომელსაც გ. გ–სე გაეცნო პირადად, დაადასტურა მისი სრულად და სწორად შედგენა და მიუთითა, რომ მასში რაიმე დამატების, ცვლილების ან დაზუსტების შეტანა არ სურს(იხ.: სს საქმე N…1, ს.ფ. 174-177). სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ გ. გ–სეს დაინტერესების შემთხვევაში ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მოეთხოვა აღნიშნული ნივთმტკიცების - დასაკეცი დანის სასამართლოში წარდგენა და გამოკვლევა.

8. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ სისხლის სამართლის საქმის მასალებში იკვეთება ნივთმტკიცების დაკარგვის საკითხი, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს რეაგირებისათვის.

9. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. გ–ის მითითებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებაზე მისი გამართლების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2020 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება არ ეხება გ. გ–ს მიერ ცივი იარაღის - დასაკეცი დანის ტარების ფაქტს, მოცემული დადგენილების ფარგლებში სასამართლომ შეაფასა მხოლოდ გ. გ–სის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე(წვრილმანი ხულიგნობა) გამოცემული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და მიიჩნია, რომ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, გ. გ–ს მიმართ უნდა შეწყვეტილიყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება. არ იკვეთება ასევე განმეორებით მსჯავრდების აკრძალვის პრინციპის დარღვევა.

10. საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მსჯავრდებულ გ. გ–ს შუამდგომლობაში არ წარმოუდგენია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც ცნობილი არ იყო სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებში საქმის განხილვის დროს და რაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, გადაესინჯა განაჩენი.

11. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ გ. გ–სის შუამდგომლობა, ვინაიდან საკასაციო საჩივრით არ დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილი არცერთი საფუძვლის არსებობა - კასატორის მიერ მითითებული მოტივები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებებს, რომლებიც არ იყო ცნობილი გადაწყვეტილების გამოტანისას და შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი არ უთითებს ისეთ ახალ გარემოებაზე, რაც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას, სასამართლოს არ აქვს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის უფლება და მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

13. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. გ–ს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის(ორ კვირიანი) გასვლის შემდეგ წარმოდგენილი აქვს არაერთი წერილი/განცხადება, რომელთა განხილვის შესაძლებლობას, საქართველოს სსკ-ის XXVII თავით გათვალისწინებული სამართალწარმოების ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია. ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია (გამონაკლისია სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე)“ და „ე1)“ ქვეპუნქტებით მითითებული შემთხვევები), გ. გ–ს შეუძლია კვლავაც მიმართოს სასამართლოს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენისა და ამავე მუხლით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე