საქმე N 330141123007207113
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №271-23 5 მაისი, 2023 წელი
გ–ი ზ., N271-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორების - დავით ხვედელიძისა და მარიამ ბეგიაშვილის
ადვოკატ - გ. ა–ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით, ძებნილი (ნასამართლობის არმქონე) ზ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3500 ლარი.
2. 2013 წლის 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მანანა მოსულიშვილმა, რომელმაც მოითხოვა ზ. გ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკმებრის კანონის გამოყენება. ამასთან, შუამდგომლობას ერთვის დაზარალებულ რ. კ–ს განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ იგი წინააღმდეგია ზ. გ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებაზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგის 2012 წლის 15 ივნისის განაჩენში, კერძოდ: ძებნილ მსჯავრდებულ ზ. გ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე 1/3-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. 2023 წლის 20 აპრილს მსჯავრდებულმა ზ. გ–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ა–მ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის გამოყენებით, ზ. გ–ს დანიშნული სასჯელისგან სრულად გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ პროკურორის შუამდგომლობის სასამართლოში განხილვის დროს ზ. გ–მა ვერ შეძლო დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება, რის გამოც დაზარალებულმა რ. კ–მ უარი განაცხადა მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებაზე. მოგვიანებით, ზ. გ–მა შეძლო დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 2017 წლის 21 თებერვალს, დაზარალებულმა რ. კ–მ ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაში მიუთითა, რომ ზ. გ–სის მიმართ პრეტენზიები და შენიშვნები არ აქვს და თანახმაა მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები. საჩივარში ასევე მითითებულია, რომ ზ. გ–სთვის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინების შესახებ ცნობილი გახდა 2023 წლის წლის 13 აპრილს, მას ეგონა, ის, რომ დაზარალებულს აღარ ჰქონდა მის მიმართ პრეტენზია ავტომატურად გახდებოდა ცნობილი სახელმწიფო უწყებებისთვისაც.
5. საჩივარი და მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2023 წლის 2 მაისს, რაც ეცნობა ბრალდების მხარეს და დაზარალებულის ოჯახს. 2023 წლის 4 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა დაზარალებულ რ. კ–ს უფლებამონაცვლის - მ. კ–ს განცხადებები, რომელთაგან ერთი დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ. აღნიშნული განცხადებებით ირკვევა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლისთვის ცნობილია ზ. გ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვის სასამართლო სხდომის თარიღი, თუმცა იგი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და ითხოვს შუამდგომლობის მისი დასწრების გარეშე განხილვას. ამასთან, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ირკვევა, რომ ზ. გ–ს დაზარალებულის ოჯახისთვის ვალი სრულად არ აქვს გადახდილი, ამ საკითხზე ნერვიულობას შეეწირა დაზარალებული რ. კ–ე, შესაბამისად, დაზარალებულის უფლებამონაცვლის და მისი ოჯახის წევრების პოზიციაა ზ. გ–ს მიმართ არ გავრცელდეს არანაირი შეღავათი, მათ შორის არც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რაც ასევე წარმოადგენდა აწ გარდაცვლილის პოზიციასაც.
6. სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ა–მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, იმ საფუძვლით, რომ დაზარალებულმა 2017 წელს თანხმობა განაცხადა მსჯავრდებულის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებაზე, იმ დროს დაზარალებული იმყოფებოდა საღ გონებაზე და აღნიშნული თანხმობის გაცემის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატიც, რაც დასტურდება სანოტარო აქტით. ის რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე დღეს უარს აცხადებს მსჯავრდებულის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებაზე, არ წარმოადგენს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან ზ. გ–მა დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, კერძოდ, თანხის ნაწილი გადასცა ხელზე, ხოლო ნაწილი ირიცხებოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ აქვს.
7. სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა დავით ხვედელიძემ და მარიამ ბეგიაშვილმა მხარი არ დაუჭირეს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციის გათვალისწინებით მოითხოვეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან, განმარტეს, რომ ზ. გ–ს მიმართ 2013 წლის 15 თებერვალს გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და მას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/3-ით. შესაბამისად, მოგვიანებით დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენის შემთხვევაში აღარ არსებობს მის მიმართ ზემოაღნიშნული კანონის ხელახლა გავრცელების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
3. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ რ. კ–ს 2017 წლის 21 თებერვალს ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მას ზ. გ–ს მიმართ პრეტენზიები და შენიშვნები არ აქვს და თანახმობას აცხადებს მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები, თუმცა აღნიშნული განცხადებით არ ირკვევა დაზარალებული თანხმობას აცხადებდა თუ არა მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელებაზე, კერძოდ, ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზ. გ–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2023 წლის 4 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული დაზარალებულ რ. კ–ს უფლებამონაცვლის - მ. კ–ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ ზ. გ–ს დაზარალებულის ოჯახისთვის ვალი სრულად არ აქვს გადახდილი, რის გამოც დაზარალებულის უფლებამონაცვლის და მისი ოჯახის წევრების პოზიციაა ზ. გ–ს მიმართ არ გავრცელდეს არანაირი შეღავათი, მათ შორის არც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რაც ასევე წარმოადგენდა აწ გარდაცვლილის პოზიციას. შესაბამისად, ვინაიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლე სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს ზ. გ–ზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი არ არსებობს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ზ. გ–ს გათავისუფლების საფუძველი. რაც შეეხება კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულმა ზ. გ–მა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან კასატორს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ - გ. ა–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ - გ. ა–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
მერაბ გაბინაშვილი