საქმე N 330100121005194898
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1310აპ-22 3 მაისი, 2023 წელი
გ–ი გ., №1310აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. გ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 6 აგვისტოს, ღამის საათებში, გ. გ–მა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად უკანონოდ შეაღწია თ–ში, ყ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე თ. ბ–ს საცხოვრებელ სახლში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 35000 აშშ დოლარს, ... თუმნიან ოთხ ცალ ოქროს მონეტას, ოთხ ოქროს ბეჭედს, ოქროს სამაჯურს, ოქროს მასას, ე.წ. „ჩისტატას“, „ომეგას“ ფირმის საათს, ლითონის ძაღლის ფორმის სუვენირს, ტყავის ჩანთასა და ხურდა ფულს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განაჩენით გ. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 9 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ–მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ გ. გ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. მოწმე ფ. გ–აას ჩვენება არის წინააღმდეგობრივი, რის გამოც იგი არ უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს. მოწმის ჩვენების გაზიარების შემთხვევაში გამოდის, რომ გ. გ–მა დაზარალებულის ქონების ფარულად დაუფლების შემდეგ ფეხით გაიარა დაახლოებით 5 კილომეტრი, თავისუფლების მოედანზე გააჩერა ფ. გ–ს ტაქსი, რომლითაც დანაშაულის ჩადენის ადგილიდან უნდა წამოეყვანა თანხმლები პირები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში მოპარული ნივთებით ადგილზე ელოდებოდნენ გ. გ–ს, რაც მოკლებულია დამაჯერებლობას. მოწმის განმარტებით, გ. გ–მა არ იცოდა სად უნდა წასულიყვნენ და ტელეფონით არკვევდა ვინმე ლ–სთან თუ ლ–თან, ........ ის ეკლესიასთან ასვლისას კი ვერ მიაგნეს ადგილს, წრეზე იარეს, რის შემდეგაც თვითონ ფ. გ–აა დაელაპარაკა იმ პირს ტელეფონზე, რომელმაც ზუსტად აუხსნა სად უნდა მისულიყვნენ. ადგილზე მისვლისას მას უკანა სავარძელზე ჩაუჯდა ორი პირი, რომლებიც ეგონა ნარკომანები. მას მოპარული ნივთები არ უნახავს და ვერც იმას დაადასტურებს, რომ ეს პირები დაზარალებულის სახლიდან გამოვიდნენ. ყოველივე ზემოაღნიშნული კი გამორიცხავს, რომ გ. გ–სმა ფარულად შეაღწია დაზარალებულის სახლში და დაეუფლა ნივთებს. გარდა ამისა, ფ. გ–ს ჩვენებითა და მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმეტნის ოქმით ირკვევა, რომ მან გ. გ–ი თანმხლებ პირებთან ერთად მიიყვანა დ–ს ქუჩაზე და მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც განთავსებულია ვიდეოკამერები, თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვიდეოკამერების ჩანაწერებით დადასტურდა, რომ ფ. გ–ს ჩვენება არ არის სარწმუნო, რადგან ჩანაწერებში მისი ავტომანქანის გადაადგილდება მხოლოდ თავისუფლების მოედანზე ფიქსირდება. ამ ჩანაწერებში ასევე ასახული არ არის გ. გ–ს გადაადგილება და ,,.......... კრედიტში“ ფულის გადახურდავება, რაც ადასტურებს, რომ გ. გ–ი ფ. გ–ს მიერ დასახელებულ არცერთ ობიექტზე არ ყოფილა. დაზარალებულის განმარტებით, მისი სახლიდან ასევე მოიპარეს 50 თეთრიანები, ერთი და ორ ლარიანი მონეტები, შესაბამისად, ბრალდების პოზიციის გაზიარების შემთხვევაში გაუგებარია, რატომ დასჭირდებოდა გ. გ–ს 100 აშშ დოლარიანი კუპიურის დახურდავება ტაქსის მძღოლისთვის მგზავრობის საფასურის - 7 ლარის გადასახდელად. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე მოწმე ფ. გ–მ ვერ შეძლო გ. გ–ს გვარეობითი ნიშნების აღწერა და მხოლოდ პროკურორის კარნახის შემდეგ თქვა, რომ გ. გ–ს აქვს ღია ფერის თვალები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სხდომის მიმდინარეობისას ფანჯრიდან დაინახა გ. გ–ი და იქიდან იცის, რომ იგი ზუსტად ის პიროვნებაა, რომელიც მან ფოტოსურათით ამოიცნო. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ იგი სხვა მოწმის დაკითხვის დროს თვალყურს ადევნებდა სასამართლო სხდომას, რაც წარმოადგენს საპროცესო ნორმათა დარღვევას. ის ფაქტი, რომ გ. გ–ს დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ძაღლის ფორმის, ოქროსფერი, ლითონის, მცირე ზომის ქანდაკება ამოიცნო დაზარალებულმა არ ადასტურებს ამ ნივთის გ. გ–ს მიერ ფარულად დაუფლებას. გ. გ–ს დროებითი სახლის მისამართი ბაზაში არ ფიგურირებდა და ამის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდეს დაინტერესებულმა პირებმა, რომლებსაც სურდათ დანაშაულის ჩადენა მას დაბრალებოდა. გარდა ამისა, პოლიციელმა გ. გ–მა ჯერ განმარტა, რომ ჩხრეკის დაწყებამდე სახლის კარი იყო ღია, თუმცა პროკურორის აღშფოთების შემდეგ შეცვალა ჩვენება და განმარტა, რომ სხვა სახლის კარში შეეშალა. მოწმე ნ. ნ–მ კი განმარტა, რომ ჩხრეკის დაწყებამდე ადგილზე მისულს მოეჩვენა რომ სახლის კარი იყო ღია, თუმცა იმ დროს გ. გ–ი ადგილზე მიყვანილი არ ჰყავდათ. გარდა ამისა, ჩხრეკაში მონაწილე პირთა ჩვენებებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვლების ნიმუშები არაიდენტურია გ. გ–ს სუნის კვალის ნიმუშებისა, ამასთან კონვერტზე იდენტიფიკაციისთვის საკმარისი ადამიანის დნმ-ის მინიმალური კონცენტრატი, ხოლო ამოღებულ ნივთებზე პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვლები არ აღმოჩნდა. კასატორის პოზიციით, თბილისის საააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 26 ნოემბერს N1/ბ-505-18 საქმეზე, იმის მიუხედავად, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში ემთხვეოდა მსჯავრდებულის სუნის კვალს გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, რადგან ექსპერტის პასუხებიდან გამომდინარე ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ვერ აკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. კასატორი ასევე უთითებს, რომ გ. გ–ს შეკითხვაზე - ,,რატომ ვარ მე დამნაშავე? იმიტომ რომ ნარკოდამოკიდებული ვარ?“ თ. ბ–მა უპასუხა - ,,ეგ იმათ მოკითხე ვინც გაგიჩალიჩა“. ამოღებულ ფულად თანხასთან დაკავშირებით კი სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოწმე ნ. ნ–ს ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ეს თანხა იყო ავტომანქანის გაყიდვით მიღებული. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას გ. გ–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ თ. ბ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დადგინდა, რომ 2021 წლის 6 აგვისტოს მას დაურეკა გ. ა–მა და უთხრა, რომ დაზიანებული იყო აივნის კარი, საიდანაც დამნაშავეებმა შეაღწიეს დაზარალებულის ბინაში და გაქურდეს. ზარალის ოდენობა, რომელიც მოიცავს ფულად თანხას და ოქროს ნივთების ღირებულებას, შეადგენს დაახლოებით 300000 ლარს. მანვე დაადასტურა, რომ გ. გ–ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ძაღლის ფორმის ფიგურა ეკუთვნის მას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გ. გ–სს აღნიშნული ბინის ქურდობასთან კავშირი არ აქვს და ყურადღებას ამახვილებს მოწმე ფ. გ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დადგინდა, რომ იგი 2021 წლის 6 აგვისტოს, გამთენიისას, იმყოფებოდა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, რა დროსაც გ. გ–მა სთხოვა .......... ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წაყვანა, რაზეც დასთანხმდა. გ. გ–სმა არ იცოდა სად უნდა მისულიყო, ამიტომ მოწმე ტელეფონით ესაუბრა მისთვის უცნობ პირს, რომელმაც მიასწავლა მისამართი და მისი მითითებით მივიდა ............ის ბაღთან, სადაც ავტომანქანაში ჩაუჯდა კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი. მგზავრების მოთხოვნით მან ავტომანქანაში ჩაისვა იქვე მდებარე კორპუსის სადარბაზოდან გამოსული ახალგაზრდა მამაკაცი ჩანთით და გაემართნენ დ–ს ქუჩის მიმართულებით. მან გზაში შენიშნა, რომ აღნიშნული პირები ნერვიულობდნენ. მას მგზავრებმა ავტომანქანა დ–ს ქუჩაზე არ გააჩერებინეს, შეიყვანეს არკაში, სადაც ორი მგზავრი გადავიდა ავტომანქანიდან. უკან მჯდომმა ჩანთიანმა მამაკაცმა გ. გ–სს გადააწოდა 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომლის დასახურდავებლადაც გ. გ–სთან ერთად მივიდა ყ–ს ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში, საიდანაც კვლავ დ–ს ქუჩაზე დაბრუნდნენ. მას გ. გ–მა გადაუხადა მგზავრობის საფასური, რის შემდეგაც მოწმე წამოვიდა. მოგვიანებით მან მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო გ. გ–ი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ გ. გ–სის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ოქროსფერი შეფერილობის, ძაღლის ფორმის საგანი, რომელიც ორ სხვა ნივთთან ერთად ამოსაცნობად წარედგინა დაზარალებულს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთი არის მისი საკუთრება.
5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გ. გ–ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკამდე სახლის კარი იყო ღია. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ბინის ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე და მასში მონაწილეობას იღებდნენ გ. გ–ი, მისი ოჯახის წევრი და ადვოკატი. ჩხრეკას თვალს ადევნებდა გამგეობის წარმომადგენელიც, რა დროსაც გ. გ–ს საძინებელ ოთახში განთავსებული კომოდიდან ამოიღეს ზემოაღნიშნული ნივთი. ოქმს ხელს აწერს ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის გამგეობის წარმომადგენელი და მასზე რაიმე შენიშვნა დაფიქსირებული არ არის. ამასთან, გამგეობის წარმომადგენელმა - ნ. ნ–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ისინი საცხოვრებელ სახლში შევიდნენ მას შემდეგ, რაც გ. გ–ს დედამ მიიტანა სახლის გასაღები. შესაბამისად, მოწმე ნ. ნ–ს ჩვენება, რომ მისი შვილის დროებით საცხოვრებელ სახლში მისვლისას კიბეზე იყო ორი პოლიციელი, რომლებმაც უთხრეს, რომ ეძებდნენ ბინაში მცხოვრებ მამაკაცს, ამ დროს კი შენიშნა, რომ სახლის კარი იყო შეღებული ეწინააღმდეგება მოწმე ნ. ნ–ს ჩვენებას და არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. ამასთან, მის ჩვენებას დამაჯერებლობას უკარგავს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ქმედებების საეჭვოდ მიჩნევის მიუხედავად იგი გაბრუნდა, ჩაჯდა ტაქსში და წავიდა შვილის მოსაძებნად. აღნიშნულით მოწმე ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს გ. გ–ს. ამასთან, მას არც საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, რომელსაც ასევე ესწრებოდა გ. გ–ს ადვოკატი და არც შემდეგ შენიშვნა არ დაუფიქსირებია და აღნიშნულის შესახებ განაცხადა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვისას. გარდა ამისა, ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირმა დაადასტურა, რომ ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ოქროსფერი ძაღლის ფიგურა.
5.6. კასატორის პოზიციით, დაზარალებულის ბინიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში არ არის გ. გ–ს სუნის ნიმუშის იდენტური, ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული არ არის გ. გ–ს ბიოლოგიური მასალა ან ხელის კვალი, რაც ადასტურებს, რომ იგი იქ არ ყოფილა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და განმარტავს, რომ სუნის, გენეტიკური პროფილისა და ხელის კვალის საგანზე ან კონკრეტულ სივრცეში დატოვება დამოკიდებულია იმაზე თუ რა ინტენსივობით ჰქონდა პირს ნივთთან კონტაქტი, ან რა ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ოთახში. ასევე, გასათვალისწინებელია ნივთის ზედაპირი, გარემო პირობები და რა ადგილიდან აიღეს ნიმუშები. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის N229აპ-22 გადაწყვეტილებაში განმარტებულია შემდეგი: ,,საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ხელთათმანზე, ქანჩზე, სიგარეტის კოლოფზე, მობილურ ტელეფონზე დაქტილოსკოპიური/ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, თუმცა იმავდროულად, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, რომ გენეტიკური პროფილის ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N 262აპ-17)“. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალი არ არის გ. გ–ს სუნის ნიმუშის იდენტური, ასევე, არ არის ამორებული მისი ბიოლოგიური მასალა ან ხელის კვალი არ გამორიცხავს შემთხვევის ადგილზე მის ყოფნას. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ 2021 წლის 6 აგვისტოს, ღამის საათებში, გ. გ–მა თანამზრახველებთან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია თ–ში, ყ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე თ. ბ–ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა ფულად თანხას და ძვირფას ნივთებს. ამასთან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად მიუთითებს გ. გ–ს და დაუდგენელი პირების ერთობლივ, წინასწარ განზრახვაზე.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ვინაიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს მოწმის სხვა ტერიტორიაზე გადაადგილება, ასევე, გ. გ–ს მიერ თანხის გადახურდავება გამოირიცხება მის მიერ დანაშაულის ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ ისინი ,,ტაქსით“ გაადაადგილდებოდნენ ჩიხებით და ყველანაირად ცდილობდნენ შეენიღბათ და დაეფარათ დანაშაული.
5.8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები კი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამასთან, შესაძლოა მოწმეთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც საკასაციო პალატას მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. მათ ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე