საქმე N240100121004417210
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №75აპ.-23 2 მაისი, 2023 წელი
კ–ა თ., 75აპ.-23 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სართანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. კ–აა (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ ს–ი მდებარე ვ. მ–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თ. კ–მ ზ. დ–ს მოკვლის მიზნით თანნაქონი მცირე ზომის მაკრატლის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები. კერძოდ, გულმკერდის კედლის მრავლობითი ღია ჭრილობები, შემავალი პლევრის ღრუში, ორმხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი, ორივე ფილტვის დაჟეჟილობა, მუცლის კედლის ღია ჭრილობა, მარცხნივ ბეჭის ხაზზე, მე-7 ნეკნის საპროექციო არეში, წინა აქსილარულ ხაზზე მარცხნივ მე-8 ნეკნის საპროექციო მიდამოში, წელის მიდამოში მარცხნივ მარცხენა თეძოს ფოსოს არეში, მარცხენა თეძოს ფრთასთან და მარჯვნივ პარავერტებრალურ ხაზზე, მე-8 ნეკის საპროექციო მიდამოში. აღნიშნული ჭრილობების მიყენების დროს ადგილზე გამოჩნდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირები, რის გამოც თ. კ–აამ შემთხვევის ადგილი დატოვა, ხოლო ზ. დ–ს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე და მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები და ასევე მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 სექტემბრის განაჩენით თ. კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 სექტემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. უ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
თ. კ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
თ. კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. 2022 წლის 6 დეკემბერს სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ სართანიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: თ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2022 წლის 12 დეკემბერს მსჯავრდებულ თ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. უ–მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი თ. კ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში არის უკანონო, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ თ. კ–აას მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადასტურდა, რომ 2021 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ ს–ი მდებარე ვ. მ–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლით მთვრალ თ. კ–სა და ზ. დ–ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც თ. კ–ა აგრესიულად და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა ამავე სოფელში მცხოვრებ, მათივე ახლობელ ვ. რ–ს, რაც ეწყინა დაზარალებულს და თ. კ–ს ჰკითხა რატომ აგინებდა ვ. რ–ს. აღნიშნულის მიუხედავად თ. კ–მ გააგრძელა ვ. რ–ს მისამართით გინება. ამასთან, დაზარალებულს უთხრა, რომ თუ გული წყდებოდა წასულიყო და მისი ნათქვამი ვ. რ–სთვის ეთქვა, რაც შეურაცხყოფად მიიღო ზ. დ–მ და კამათი გაგრძელდა. ო. მ–მ თ. კ–სა და მის თანმხლებ პირებს მოუწოდა შეეწყვიტათ კამათი ან დაეტოვებინათ ოჯახი, რამაც გაანაწყენა თ. კ–ა, რომელიც შურისძიების გრძნობით განეწყო ზ. დ–ს მიმართ. ამის შემდეგ, გაბრაზებულმა თ. კ–მ თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა სუფრა და ზ. დ–ს უთხრა, რომ გარეთ დაელოდებოდა და გასულიყო. ო. მ–ს ოჯახის წევრებსა და ზ. დ–ს არ სურდათ კონფლიქტი გაგრძელებულიყო, ამიტომ ზ–ს სთხოვეს გარეთ არ გასულიყო და ჩხუბი არ გაეგრძელებინათ. ზ. დ–მ დაუჯერა მათ და დაახლოებით 10-15 წუთი შეყოვნდა, რის შემდეგაც წავიდა სახლში. იგი გავიდა ო. მ–ს ჭიშკრიდან და დაინახა, რომ მას ელოდებოდა თ. კ–ა თანმხლებ პირებთან ერთად. მას თ. კ–მ შეაგინა დედის მისამართით და უთხრა, რომ მისულიყო მასთან. ამასთან, დაეტაკა მას და თანნაქონი მცირე ზომის მაკრატლით სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები. ხმაურზე ომარ მორჩილაძის ოჯახის წევრებმა დაიწყეს კივილი და ადგილზე გამოჩნდნენ სხვა პირებიც, რის გამოც თ. კ–მ უგონო მდგომარეობაში მყოფი ზ. დ–ე დატოვა იქვე და თანმხლებ პირებთან ერთად ავტომანქანით წავიდა შემთხვევის ადგილიდან. ზ. დ–ე კი გადაიყვანეს საავადმყოფოში და დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე. კასატორი ასევე უთითებს, რომ თ. კ–მ ზ. დ–ს გულმკერდისა და მუცლის ღრუში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფთო მძიმე ხარისხის ოთხი შემღწევი დაზიანება, ასევე, მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. თ. კ–ს მიერ სწორედ მცირე ზომის მაკრატლით მრავლობითი ჭრილობების მიყენება გახდა დაზარალებულის სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის საფუძველი. გარდა ამისა, შეუძლებელია ადამიანმა პირდაპირი განზრახვის გარეშე სიცოცხლისათვის საშიშ ადგილებში მრავლობითი ჭრილობები მიაყენოს დაზარალებულს, რაც ადასტურებს განზრახ მკვლელობის მცდელობის მოტივისა და მიზნის არსებობას. ბრაზი, რომელიც თ. კ–ს სუფრაზე ყოფნისას დაუგროვდა გაქარწყლებული არ იყო და იგი შურისძიებით განწყობილი ჭიშკართან ელოდა ზ. დ–ს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის განმარტებით, იგი დარწმუნებულია, რომ თ. კ–ს უნდოდა მისი მოკვლა. მას შემდეგ, რაც დაზარალებული უგონოდ დაეცა, თ. კ–მ ჩათვალა, რომ განზრახვა სისრულეში მოიყვანა, დაუყოვნებლივ დატოვა შემთხვევის ადგილი და არანაირი ზომა არ მიუღია ზ. დ–ს სიცოცხლის გადასარჩენად. სააპელაციო სასამართლომ მაკრატლის ზომის მხედველობაში მიღებით საეჭვოდ მიიჩნია მოკვლის განზრახვის არსებობა, რაც არის არასწორი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულ თ. კ–ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის N142აპ-13 გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ ,,ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის N322 გადაწყვეტილებაში კი მითითებულია, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულება განასხვავებს, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე, თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა“.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა თ. კ–ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თ. კ–მ ზ. დ–ს თანნაქონი მცირე ზომის მაკრატლის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები. სადავო გარემოებას წარმოადგენს მკვლელობის განზრახვის არსებობა. ასეთ შემთხვევაში იმის დასადგენად, თ. კ–ს ამოძრავებდა მკვლელობის თუ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არამხოლოდ მიყენებული დაზიანების ლოკალიზაცია და ხარისხი, არამედ ჭრილობების რაოდენობა და ხასიათი, მათი სიმძიმე, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება, მათი ქმედებები დანაშაულის ჩადენამდე, მისი განხორციელების დროს ა.შ.
5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ზ. დ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 2021 წლის 3 იანვარს მეზობლის ორმოციდან სახლში დაბრუნებული გადავიდა მეზობელ ვ. მ-ს ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ თ. კ–ა, თ–ს შვილი და ერთი პირი გვარად კ–ა. სუფრაზე თ. კ–ა აგრესიულად და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა ვ. რ–ს, რაც დაზარალებულს ეწყინა და ჰკითხა ,,რატომ აგინებდა თავის ნათლიას?“ აღნიშნულზე თ-მ უპასუხა - ,,მაგის დედაც“. ასევე, უთხრა - ,,თუ გული გწყდება, წადი და ეს ამბავი ვ. რ–ს მიუტანეო“, რაც მან შეურაცხყოფად მიიღო. ამას მოჰყვა შეკამათება, რომელშიც ჩაერთო თ–ს შვილიც. ამის შემდეგ აღნიშნული პირები წავიდნენ, თვითონ კი იმის გამო, რომ აყალ-მაყალი არ მომხდარიყო შეყოვნდა და გარეთ 10-15 წუთის შემდეგ გავიდა. მას ჭიშკართან შეეჩეხნენ თ. კ–ა, თ–ს შვილი და კ–ა, რა დროსაც თ–მა უთხრა ,,შე ნაბოზარო, შენი დედა... შენი ბრალია ყველაფერიო..“, რასაც მოჰყვა ჭიდილი. ამ დროს უკნიდან იგრძნო დარტყმა, მოგვიანებით კი გაიგო, რომ ფრჩხილების პატარა მაკრატლით იყო დაჭრილი, თუმცა შემთხვევის დროს მაკრატელი არ დაუნახავს. დაჭრისთანავე თ–ი და მისი თანმხლები პირები გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან და იგი დატოვეს დაჭრილი. ამის შემდეგ მასთან მივიდნენ ძმა და რძალი, რომელმაც ატეხა კივილი. კივილის ხმაზე ხალხმა დაიწყო ვ. მ–ს ჭიშკართან შეკრება, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მას და თ. კ–ს ადრე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთად გაზრდილები არიან და ოჯახსებსაც აქვთ კარგი დამოკიდებულება. შემთხვევის დღეს მათ შორის მოხდა გაუგებრობა, რა დროსაც თემურმა მიაყენა ხუთი ჭრილობა, მაგრამ არც ერთი არ იყო სასიკვდილო, უმნიშვნელო ჭრილობები იყო და შინაგანი ორგანოები არ ჰქონდა დაზიანებული. მას მხოლოდ ორ ადგილას - შედარებით ღრმა ჭრილობაზე დაადეს ნაკერი. თ–ს შეეძლო მისთვის მეტი ჭრილობაც მიეყენებინა. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე რ. კ–ს ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ სუფრაზე ყოფნისას თ. კ–სა და მის წინ მჯდომ ერთ პირს მოუვიდათ შელაპარაკება, კამათი გაგრძელდა ქუჩაშიც, სადაც ყველაფერი ერთმანეთში აირია და დაინახა, რომ ის პირი, რომელიც სუფრასთან ეკამათებოდა თ. კ–ს, წავიდა ზ. კ--ს მიმართულებით, რა დროსაც ხელში ეკავა ჯოხისმაგვარი საგანი, რომელიც მოუქნია ზ-ს. ამ დროს თ. კ–ა გაიქცა იმ პირის მიმართულებით და ყვიროდა ,,მომიკლავს შვილსო“, დაეტაკა მამაკაცს, შემდეგ კი უთხრა გასცლოდნენ იქაურობას. მას თ–ს ხელში რაიმე საგანი ან დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს. გზაში თ-მ უთხრა, რომ ეშინოდა მისი შვილის დაზიანების და იზრუნა მის უსაფრთხოებაზე. ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ზ. კ–მ, რომელმაც დაადასტურა, რომ სუფრაზე მამამისს - თ. კ–სა და ზ. დ–ს მოუხდათ შეკამათება, რაც გაგრძელდა ეზოში, სადაც ყველაფერი აირია. ამ დროს დაინახა, რომ ზ. დ–ს ხელში ეჭირა ლომი, რომელიც რამდენჯერმე მოუქნია მას, მაგრამ აიცილა, შემდეგ წაართვა და გადააგდო. ამ დროს უკნიდან გაიგო მ. ა–ს ხმა - ,,ზ–ს კლავენო“ და დაინახა, რომ ზ. დ–ს დაეჯახა თ. კ–აა, რომელმაც ზ–ი წაიყვანა რამდენიმე მეტრის მოშორებით, თუმცა იქ რა მოხდა სიბნელის გამო ვერ დაინახა. მერე გაიგო ზ. დ–ს ხმა - ,,დაჭრილი ვარო“. ზ–ი არ წაქცეულა, გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და 10 მეტრის მოშორებით დაწვა. ისინი დაახლოებით 3-4 წუთზე მეტ ხანს გაჩერდნენ ადგილზე, შემდეგ ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ სახლისკენ. ის, რომ ზ. დ–ს სხეულზე მიყენებული ჰქონდა დაზიანებები დასტურდება მოწმე ლ. ტ–ს ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა ხუთი ჭრილობა, რომელთაგან სამი მიყენებული იყო გულმკერდის არეში, ორი კი მუცლის ღრუს მიმართულებით. პლევრის ღრუში შემავალი ჭრილობა იყო ორივე მხარეს, გულმკერდის მარცხნივ და მარჯვნივ. რომელი ჭრილობაა შემავალი ამის ინდენტიფიცირება ოპერაციის დროს არ ხდება, რადგან როცა ჭრილობის არხი მიემართება ნეკნთაშუა მიდამოსკენ მისი გაფართოება არ არის რეკომენდებული. ისეთი ჭრილობა, რომელიც მიემართებოდა გულმკერდისკენ იყო სამი, ორი ერთ მხარეს და ერთი მეორე მხარეს. თუმცა ჭრილობას სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება არ გამოუწვევია. იყო პნევმოთორაქსი, ანუ თავისუფალი ჰაერი პლევრის ღრუში. დაზიანებული იყო ორივე ფილტვი, ოღონდ იყო მცირე დაზიანება, რადგან პაციენტს დამატებითი, ფართო ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა. თუმცა, ჭრილობა იყო სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში, რადგან გულ-მკერდის მიდამო მიეკუთვნება სახიფათო მიდამოს. ჩატარებული კვლევის მიხედვით ფილტვის, ან სხვა შინაგანი ორგანოების დაზიანების ნიშნები არ აღინიშნებოდა. მოწმის ჩვენება თანხვდენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნასთან, რომლითაც დგინდება, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (შპს .......... კლინიკა - ს–ს საავადმყოფოს ცნობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 03.01.2021წ) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ზ. დ–მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 03.01.21 წლის 20:10-22:30 სთ-ზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: ტრავმული შოკი. გულმკერდის სხვა და დაუზუსტებელი ორგანოების ტრავმა. გულმკერდის უკანა კედლის ღია ჭრილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას აღენიშნებოდა ჭრილობები: გულმკერდის მარცხენა ნახევრის 8-9 ნ/შ არეში შუა აქსილარული ხაზის გასწვრივ, მარჯვენა და მარცხენა ბეჭის მიდამოში, წელის მიდამოში მარცხნივ; - თანახმად წარმოდეგნილი სამედიცინო დოკუმენტაციის (თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების .........ის რეგიონალური ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N.....-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N....ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 06.01.21წ.) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ზ. დ–მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 03.01.21 წ. 23:45სთ, საიდანაც გაეწერა 06.01.21წ-ს 12:00 სთ-ზე დიაგნოზით: გულმკერდის კედლის მრავლობითი ღია ჭრილობები, შემავალი პლევრის ღრუში, ორმხრივი ტრამვული პნევმოთორაქსი. ორივე ფილტვის დაჟეჟილობა. კანქვეშა ემფიზემა. მუცლის კედლის ღია ჭრილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას აღენიშნებოდა ჭრილობები: მარცხნივ ბეჭის ხაზზე, მე-7 ნეკნის საპროექციო არეში, წინა აქსილარულ ხაზზე მარცხნივ მე-8 ნეკნის საპროექციო არეში, წელის მიდამოში მარცხნივ; მარცხენა თეძოს ფოსოს არეში, მარცხენა თეძოს ფრთასთან და მარჯვნივ პარავერტებრალურ ხაზზე მე-8 ნეკნის საპროექციო მიდამოში. ექიმ რადიოლოგ ნ.ს–ს მიერ 18.02.2021 წელს ჩატარებული გამოკვლევის მონაცემები: განიხილება კ.ტ კვლევის ელ. ვერსია (დ–ე ზ. 03.01.2021 წ.) არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება აირი პლევრის ღრუებში ბაზალურად და ვენტრალურად მეტად მარცხნივ. დაზიანების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (03.01.2021) წინააღმდეგობაში არ არის. დაზიანების წელის მიდამოში მარცხნივ არსებული ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მისი (ჭრილობის) ურთიერთგამომრიცხავი მორფოლოგიური სურათის გამო, ხოლო სხვა დარარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები წელის მიდამოში მარცხნივ და მარცხენა თეძოს ფოსოს არეში, მარცხენა თეძოს ფრთასთან არსებული ჭრილობების სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით; დაზიანებები მარცხნივ ბეჭის ხაზზე, მე-7 ნეკნის საპროექციო არეში, წინა აქსილარულ ხაზზე მარცხნივ მე-8 ნეკნის საპროექციო არეში და მარჯვნივ პარავერტებრალურ ხაზზე მე-8 ნეკნის საპროექციო მიდამოში არსებული ჭრილობები, ორმხრივი ტრამვული პნევმოთორაქსი და ორივე ფილტვის დაჟეჟილობა იზოლირებულად აღებულინი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ამასთან, ექსპერტმა შ. თ–მ განმარტა, რომ პნევმოთორაქსი არის პლევრის ღრუში ჰაერის არსებობა, რომელიც ადასტურებს ჭრილობების შემავლობას პლევრის ღუში, ანუ გულმკერდის მთლიანობა იყო დარღვეული და შესაბამისად, პლევრის ღრუს გარემოსთან ჰქონდა თავისუფალი კავშირი, მოხდა ჰაერის გადასვლა პლევრის ღრუში. დაზიანებები მჩხვლეტავ, მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედებით იყო განვითარებული. ეს შესაძლებელია ყოფილიყო ნებისმიერი საგანი, რომელსაც აქვს მჩხვლეტავი და მჭრელი თვისება. დაზარალებულს ჩატარებული აქვს ოპერაცია, ჭრილობების ქირურგიული დამუშავება. შინაგანი ორგანოების დაზიანება აღნიშნული ოპერაციის პროტოკოლის მიხედვით არ აღენიშნებოდა. ჭრილობები იყო შემავალი ღრუში შინაგანი ორგანოების დაზიანების გარეშე.
5.6. მოცემულ შემთხვევაში, მართალია მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებებით დადასტურდა სუფრაზე მცირე კონფლიქტის არსებობა, თუმცა დაზარალებულ ზ. დ–ს განმარტებით, მას და თ. კ–ს ამ შემთხვევამდე ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, არიან ერთად გაზრდილები და ოჯახებსაც აქვთ კარგი ურთიერთობა. ხსენებულ დღეს კი მათ შორის მოხდა გაუგებრობა, რა დროსაც მას თ. კ–მ მიაყენა რამდენიმე ჭრილობა, თუმცა არცერთი მათგანი არ იყო სიცოცხლისათვის სახიფათო. ამასთან, თვითონ დაზარალებულის ჩვენებითვე დგინდება, რომ თ. კ–ს კიდევ შეეძლო მისთვის დაზიანების მიყენება, ვინაიდან ადგილზე ხალხი შეიკრიბა მას შემდეგ, რაც თ. კ–ამ დატოვა შემთხვევის ადგილი. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ თ. კ–ს მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, განზრახვის სისრულეში მოყვანაში ხელს არავინ უშლიდა, თუმცა მან ზ. დ–ს დაჭრის შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ თ. კ–მ ზ. დ–ს დაზიანებები მიაყენა მაკრატლით. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ მაკრატელი არის მცირე ზომის, მისი საერთო სიგრძე არის 8,5 სმ. გარდა ამისა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეების ლ. ტ–სა და შ. თ–ს ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ მართალია ჭრილობები იყო შემავალი, თუმცა შინაგანი ორგანოების დაზიანების გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნული კი გამორიცხავს თ. კ–ს მიერ ზ. დ–სის მკვლელობის განზრახვას და მიუთითებს დაზარალებულისთვის მხოლოდ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვაზე, კერძოდ, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მისი ქმედებებით ზ. დ–ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გარდაუვლად განუვითარდებოდა, ამასთან, მისი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკსაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, თ. კ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ.
5.7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.9. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სართანიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე