საქმე N 330100122005721092
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №196აპ-23 1 მაისი, 2023 წელი
კ.-კ–ი ს–ა, №196აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. კ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. კ.-კ–ი (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2018 წლის სექტემბერში, ქ.თ–ში, ს. კ.-კ–მა დაარწმუნა ჯ. ო–ი, რომ მისი შვილის - ბ. ქ–ს მხედველობის პრობლემებს მოაგვარებდა მედიკამენტოზური მკურნალობით. აღნიშნულისთვის კი საჭირო იყო 10000 ლარი. შვილის მკურნალობის მიზნით, ჯ. ო–მა ს. კ.-კ–ს გადასცა აღნიშნული თანხა. აღნიშნულის შემდეგ, ს. კ. კ–მა ჯ. ო–ი დაარწმუნა, რომ აუცილებელი იყო მკურნალობის შ–ში გაგრძელება, რისთვისაც დამატებითი თანხები უნდა გადაეხადა. ჯ. ო–ი ენდობოდა ს. კ. კ–ს, რომელსაც შვილის მკურნალობისთვის გადასცა 14000 აშშ დოლარი და 23000 ლარი, რომელსაც ს. კ. კ–ი მოტყუებით დაეუფლა. შესაბამისად, ს. კ. კ–ს თაღლითური ქმედების შედეგად ჯ. ო–სს მიადგა 14000 აშშ დოლარის (37800 ლარის ეკვივალენტი) და 23000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
1.3. 2018 წლის თებერვალში, ქ.თ–ში, ნ–ს ქუჩა N..-ში ს. კ. კ–სმა დაარწმუნა ჟ. და ა. ხ–ები, რომ უნიკალური მკურნალობის მეთოდით, რ–დან გამოგზავნილი წამლებით, შეძლებდა მათი არასრულწლოვანი შვილის - გ. ხ–ს, ბაქტერიული მენინგოენცეფალიტისგან სრულად განკურნებას, რისთვისაც მოითხოვა 5100 აშშ დოლარი (12600 ლარის ექვივალენტი). ჟ. და ა. ხ–ებმა დაუჯერეს ს. კ. კ–სს და შვილის მკურნალობის სანაცვლოდ გადაუხადეს 11000 ლარი. მკურნალობის პროცესში, ს. კ. კ–სი თითქოსდა განკურნების მიზნით, არასრულწლოვან გ. ხ–სს კვირაში ორჯერ უკეთებდა ინექციით პრეპარატ ,,ინტერ ო“-ს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი, ჟ. ხ–სთვის ცნობილი გახდა, რომ პრეპარატ ,,ინტერ ო“-ს ნაცვლად ს. კ. კ–სი იყენებდა ,,INTERFERONI-ს“ და ასოების წაშლით იღებდა პრეპარატ ,,INTER O“-ს. მას შემდეგ, რაც ჟ. და ა. ხ–ებმა შეიტყვეს, რომ ს. კ. კ–სი რეალურად არ მკურნალობდა მათ არასრულწლოვან შვილს, მოსთხოვეს გადახდილი თანხის დაბრუნება. შესაბამისად, ს. კ. კ–ს მიერ განხორციელებული თაღლითური ქმედებების შედეგად ა. ხ-ს მიადგა 11000 ლარის ზიანი.
1.4. ს. კ. კ–სმა განიზრახა მოქალაქეთა კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, აღნიშნული მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ ს. კ. კ–ს შესაბამისი სამედიცინო ლიცენზია არ გააჩნდა 2017 წლის იანვარში, თავის საცხოვრებელ სახლში დაარწმუნა მ. თ–სე, რომ სამ ეტაპიანი უნიკალური მკურნალობის მეთოდით და რუსეთიდან გამოგზავნილი პრეპარატებით განკურნავდა ავთვისებიანი სიმსივნისგან. მკურნალობის საფასური შეადგენდა 5000 აშშ დოლარს. ამასთან, ს. კ. კ–სი არწმუნებდა მ. თ–სეს, რომ უარი ეთქვა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში კვლევის ჩატარებაზე, ვინაიდან აღნიშნული კვლევები ხელს შეუშლიდა მისი უნიკალური მეთოდით მკურნალობას. მ. თ–სე ნდობაში შევიდა ს. კ. კ–სთან და მკურნალობის მიზნით მასთან გარკვეული პერიოდულობით დადიოდა, რა დროსაც ს. კ. კ–სი მისი თანდასწრებით ხსნიდა ,,inter o“-ს დასახელებით ამპულას და ინექციის გზით უკეთებდა აღნიშნულ წამალს. 2017 წლის მაისში მ. თ–სის და მისი მეუღლის გ. ბ–ს ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ს. კ. კ–სმა შეიტყო, რომ მ. თ–ის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო მის მეუღლეს გ. ბ–ს სურდა საზღვარგარეთ წასვლა, რა დროსაც ს. კ. კ–მა დაარწმუნა გ. ბ–ი, რომ ი–ს კონსული იყო მისი მეგობარი და მისი დახმარებით შეძლებდა ა–ში წასვლას, რისთვისაც გ. ბ–ს გამოართვა დამატებით 3700 აშშ დოლარი. შესაბამისად, მ. თ–სა და გ. ბ–სთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 8700 აშშ დოლარი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ს. კ. კ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ჯ. ო–ის ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ხ–ს ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ბ–ს ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ჯ. ო–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. კ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. კ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 20 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. კ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს–მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.3. 2023 წლის 22 თებერვალს მსჯავრდებულ ს. კ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს–მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლა და მისი აღდგენა.
3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მსაჯვრდებულ ს. კ. კ–ს ინტერესების დამცველ ადვოკატს დ. ს–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადა ჩაეთვალა საპატიოდ და აღუდგა განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ს. კ. კ–ს ბრალეულობას. მ. თ–ს ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ერთი ოჯახის წევრების, მეუღლეების - მ. თ–სა და გ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებს. სასამართლომ სამივე ეპიზოდში დადგენილად მიიჩნია, რომ ს. კ. კ–ი დაზარალებულებთან სარგებლობდა გარკვეული ნდობით და პირდებოდა, რომ კონკრეტული მედიკამენტებით შეძლებდა მათი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, რეალურად კი ატყუებდა და იყენებდა სხვა დასახელების პრეპარატებს, რომლებსაც განზრახ უცვლიდა სახელწოდებას. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულთა ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რა შინაარსის საუბარი შედგა დაზარალებულებსა და ს. კ. კს შორის, დაპირდა თუ არა იგი მესამე სტადიის სიმსივნისგან განკურნებას, გადასცეს თუ არა მას დაზარალებულებმა ფულადი თანხები, გაუკეთა თუ არა მ. თ–ს პრეპარატი ან რომელი და კონკრეტულად რომელ მედიკამენტს შეუცვალა განზრახ სახელი წარმოდგენილი არ არის. ამასთან, საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები აღნიშნულთან დაკავშირებით არის არარელევანტური. რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებებს და ექსპერტიზის დასკვნებს, აღსანიშნავია, რომ ამპულები დაზარალებულებისგან ამოიღეს გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. მართალია, დაზარალებულთა განმარტებით, სწორედ ამ ამპულებს იყენებდა მსჯავრდებული, თუმცა ამ ამპულებთან ს. კ. კ–ს შემხებლობა არ დადასტურებულა. კასატორი ასევე უთითებს, რომ ინტერლეიკინები წარმოადგენს ნივთიერებათა ჯგუფს, რომლებიც ცნობილია ე.წ. ,,ციტოკინების“ სახელწოდებით. ისინი ჩართულნი არიან ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციის რეგულაციაში. ინტერლეიკინების შემცველი პრეპარატები დასავლეთის ქვეყნებში ლეგიტიმიზებულია სხვადასხვა პროცესების და დაავადებების, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ, მაგ: მელანომა, თირკმლის მეტასტაზირებული კარცინომა და ა.შ. კასატორი ასევე უთითებს, რომ სასამართლოს ამ ნაწლში მხოლოდ მ. თ–სა და გ. ბ–ს გამოკითხვის ოქმების საფუძველზე არ უნდა დაედგინა გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ჟ. და ა. ხ–ების ეპიზოდთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ჟ. და ა. ხ–ების ჩვენებებს. ს. კ. კ–ი კი არ აღიარებს, რომ იგი მათ მძიმე ავადმყოფი შვილის განკურნებას დაპირდა და არც თანხა მიუღია მათგან. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც გაამყარებდა დაზარალებულის ჩვენებას წარმოდგენილი არ არის. ასევე, არც ჯ. ო–ს ეპიზოდთან დაკავშირებითაა დაზარალებულის გარდა სხვა პირდაპირი მტკიცებულება წარმოდგენილი. ჯ. ო–ს და, ასევე მისი მეგობარი მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ მხოლოდ დაზარალებულისგან, თვითონ მოლაპარაკებას, ან თანხის გადაცემას არ შესწრებიან. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით წარმოდგენილი მიმოწერის შინაარსი კი არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა ს. კ. კ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. კ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ს. კ. კ–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ჯ. ო–სის ჩვენებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ მან მეზობელ ა. კ–სგან გაიცნო ს. კ. კ–ი, რომელთანაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიიყვანა შვილი. ბავშვის გასინჯვის შემდეგ, ს. კ. კ–მა უთხრა, რომ ბავშვი დაბრმავდებოდა და დაარწმუნა, რომ მედიკამენტოზური მკურნალობით პრობლემა მოგვარდებაოდა. მას ს. კ.-კ–ა აუხსნა, რომ რ–ში მდებარე ..........ის სახელობის კლინიკაში ჰყავდა ახლობელი და შეეძლო იმ მედიკამენტების გამოგზავნა, რომელთა მეშვეობითაც ბავშვი გამოჯანმრთელდებოდა. მან დაიჯერა ს. კ. კ–ს ნათქვამი და მას მედიკამენტების შესაძენად ნაწილ-ნაწილ გადასცა 23000 ლარი. ამის შემდეგ, იგი სვეტლანამ დაარწმუნა, რომ აუცილებელი იყო შ–ში მკურნალობის გაგრძელება, რაშიც 14000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. იგი ენდობოდა ს. კ. კ–სს, რის გამოც აიღო არაერთი სესხი და ბინა დატვირთა იპოთეკით. მკურნალობის მიზნით, მან შვილი დაახლოებით ორჯერ ან სამჯერ მიიყვანა ს. კ. კ–სთან, რომელიც ბავშვს უკეთებდა ,,INTERFERONI“-ს და ცდილობდა, რომ დაზარალებულს წამლის სახელწოდება არ დაენახა. მათი ურთიერთობა გაგრძელდა დაახლოებით ორი თვე, რის შემდეგაც მას ს. კარს აღარ უღებდა და მასთან შეხვედრას თავს არიდებდა. მოგვიანებით სხვა ექიმთან მივიდნენ და გაირკვა, რომ ბავშვს მხედველობის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრებოდა. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია უდავო მტკიცებულებებით, 2022 წლის 20 მარტის ამოღების ოქმითა და 2022 წლის 15 აპრილის გრაფიკული ექსპერტიზის N.... დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ ს. ო–ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ, ს. კ. კ–ს მიერ დაწერილ რეცეპტსა და რვეულის ფურცლებზე არსებული ხელნაწერი შესრულებულია ერთი და იგივე პირის - ს. კ. კ–ს მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით კი დგინდება, რომ დაზარალებულმა ჯ. ო–სმა მიუთითა, ქ.თ–ში, ნ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, სადაც მას ს. კ. კ–სთან სამკურნალოდ დაჰყავდა შვილი, რომელსაც ვითომდა სამკურნალო პრეპარატებს უნიშნავდა მსჯავრდებული.
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - თ. ფ–სა და ვ. ა–ს ჩვენებებზე, რომლებითაც დგინდება, რომ ისინი ს. კ. კ–სთვის თანხის გადაცემას არ შესწრებიან, მაგრამ მათ აღწერეს აღნიშნულთან დაკავშირებით მათთვის ცნობილი ინფორმაცია, კერძოდ: მოწმე თ. ფ–მამ განმარტა, რომ იგი ერთხელ ჯ. ო–სს ფულის გამოსართმევად გაჰყვა ს. კ. კ–სთან, რომელმაც მათ კარი არ გაუღო და შეხვედრას თავი აარიდა. მოწმე ვ. ა–მა კი დაადასტურა, რომ ერთხელ თავის დას - ვ. ო–ს გაჰყვა ს. კ. კ–სთან შესახვედრად, თუმცა მათ კარი არავინ გაუღო. ს. კი მის დას ატყუებდა, რომ მისი სავიზო დოკუმენტების მოსაწესრიგებლად იმყოფებოდა საელჩოში, რეალურად კი აივნიდან უყურებდა მათ. ს-მ ცოტა ხანში ჯ. ო–ს უპასუხა ტელეფონზე და გალანძღა იმის გამო, რომ სახლთან სხვებთან ერთად მიაკითხა. აღნიშნულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ჯ. ო–მა მკურნალობის პროცესში წამლების შესაძენად და ს. კ. კ–სთვის გადასაცემად, საკუთარი ბინა დატვირთა იპოთეკით. ამ ნაწილში მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებები გამყარებულია სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებით, რომლითაც ირკვევა, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს, გამსესხებელმა ჯ. ო–ს ასესხა 37000 ლარი.
5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ა. ხ–სა და მოწმე ჟ. ხ–ს ჩვენებებზე, რომლებითაც დადგენილია, რომ მათი არასრულწლოვანი შვილი - გ. ხ–ი დაავადებულია მენინგოენცეფალიტით, რომლის სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგაც ს. კ. კ–სმა დაარწმუნა მშობლები, რომ აუცილებელი იყო მის მიერ დანიშნული მკურნალობის ჩატარება, კერძოდ, პრეპარატ ,,ინტერ ო“-ს ინექციის გაკეთება, რაც 5100 აშშ დოლარი დაუჯდებოდათ. აღნიშნულის გამო მათ ისესხეს 11000 ლარი და გადასცეს ს. კ. კ–სს, რომელიც მიხვდა, რომ ისინი ძალიან მონდომებულნი იყვნენ ბავშვის გამოჯანმრთელებით და მეტი დამაჯერებლობისთვის უთხრა, თუ დროულად არ დაიწყებდნენ მკურნალობას, შეიძლება შემდეგ დაგვიანებული ყოფილიყო და ბავშვს სიარულისა და მეტყველების უნარიც დაეკარგა. აღნიშნულის გამო ისინი დასთანხმდნენ ს. კ. კ–ს წინადადებას. მათ ს-მ უთხრა, რომ წამალი უნდა ჩამოსულიყო რუსეთიდან, სადაც მას ჰყავდა ნაცნობები და ყველაფერს მოაგვარებდა, მთავარი თანხის მობილიზება იყო. მათ ეს თანხა ს-ს ერთ კვირაში მიუტანეს. ე.წ. ,,მკურნალობის“ დაწყების შემდეგ, ს. კ. კ–სი გ. ხ–სს კვირაში ორჯერ უკეთებდა პერპარატ ,,ინტერ ო“-ს ინექციას. ს. კ. კ–სმა მათ მათივე თხოვნით გადასცა ცარიელი ამპულა. ჟ. ხ-ი მუშაობდა სამედიცინო სფეროში. მან გაიკითხა პრეპარატის შესახებ და გაარკვია, რომ მსგავსი სახელწოდების პრეპარატი არ არსებობდა. ისინი დააკვირდნენ ცარიელ ამპულას და აღმოაჩინეს, რომ გარკვეული ასოები იყო წაშლილი და პრეპარატ ,,ინტერ ო“-ს ნაცვლად ს. კ. კ–სი იყენებდა 60 თეთრად ღირებულ ,,INTERFERONI“-ს, ასოების წაშლით კი იღებდა პრეპარატ ,,INTER O“-ს. ამის შემდეგ ვიზიტის დროს მათ ს. კ. კ–ს უთხრეს, რომ აღნიშნული პრეპარატი იშოვეს თბილისში, რაზეც იგი აღელვდა, დაიბნა და მათ დაუწერა ხელწერილი, რომ მიყენებულ ზიანს ბოლომდე აანაზღაურებდა, ოღონდ ეს ინფორმაცია არ გაჟღერებულიყო, თუმცა შემდეგ იმალებოდა და მათთან კონტაქტს თავს არიდებდა. ს. კ. კ–ს მათ გადასცეს 11000 ლარი, საიდანაც ასანაზღაურებელი აქვს 6500 ლარი, დანარჩენი თანხა კი ეტაპობრივად აუნაზღაურა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ ა. ხ–სა და მოწმე ჟ. ხ–ს ჩვენებები გამყარებულია უდავო მტკიცებულებებით - 2020 წლის 22 თებერვლის ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 21 მარტის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N........ დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ ექსპერტიზის წინაშე წარდგენილ 3 ცალ ამპულაზე, მრავალწერტილებით აღნიშნულ ადგილებზე მომხდარია ცალკეული ნაბეჭდი ტექსტის და ასოების ამოშლა. 2022 წლის 3 მაისის საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ წარდგენილ ცარიელი ამპულის ზედაპირზე არსებულ წარწერების ადგილებზე დაზიანების კვლები არ აღინიშნება, მაგრამ ასო „P“-ს შემდეგ ქვედა ნაწილში და ასო „O“-ს ქვედა და ზედა ნაწილებში წარწერაში „ИНТЕР-О“, ასევე ასო „Е“-ს შემდეგ ქვედა ნაწილში, წარწერაში „1000 ME“ გამოვლინდა მოკლე შტრიხები, რომლებიც შესრულებულია იგივე ფერის საღებავი ნივთიერებით (მოლურჯო ფერის), რომლითაც შესრულებულია ზემოთმითითებული წარწერები, რაც მოწმობს, რომ ასო „P“-ს შემდეგ წარწერაში „ИНТЕР-О“, ასევე ასო „Е“-ს შემდეგ წარწერაში „1000 ME“ მომხდარია ამოშლა.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ მ. თ–სისა და მოწმე გ. ბ–სის გამოკითხვის ოქმებზე, რომლებითაც დადგენილია, რომ 2017 წლის იანვარში, ს. კ. კ–სმა დაარწმუნა მ. თ–სე, რომ სამ ეტაპიანი უნიკალური მკურნალობის მეთოდითა და რ–დან გამოგზავნილი პრეპარატებით შესაძლებელი იყო განკურნებულიყო ავთვისებიანი სიმსივნისგან. აღნიშნულის საფასური კი შეადგენდა 5000 აშშ დოლარს. გარდა ამისა, ს. კ. კ–ი არწმუნებდა მ. თ–ს, რომ უარი ეთქვა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში კვლევის ჩატარებაზე, ვინაიდან აღნიშნული კვლევები ხელს შეუშლიდა მისი უნიკალური მეთოდით მკურნალობაში. მ. თ–ე ენდო ს. კ. კ–ს და მკურნალობის მიზნით მასთან გარკვეული პერიოდულობით დადიოდა, რა დროსაც ს. კ. კ–სი მისი თანდასწრებით ხსნიდა ამპულას ,,inter o“-ს დასახელებით და უკეთებდა ინექციას. 2017 წლის მაისში მ. თ–სის და მისი მეუღლის გ. ბ–ს ერთ-ერთი ვიზიტის დროს ს. კ. კ–მა შეიტყო, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო გ. ბ–ს სურდა საზღვარგარეთ წასვლა. ს. კ. კ–მა დაარწმუნა გ. ბ–ი, რომ იაპონიის კონსული იყო მისი მეგობარი და მისი დახმარებით შეძლებდა ამერიკაში წასვლას, რისთვისაც გ. ბ–ს გამოართვა დამატებით 3700 აშშ დოლარი. შესაბამისად, მ. თ–ს და გ. ბ–სთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 8700 აშშ დოლარი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ დაზარალებულ მ. თ–სა და მოწმე - გ. ბ–ს გამოძიების ეტაპზე მოსამართლისთვის მიცემული ჩვენებები საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნდა დაზარალებულ მ. თ–ს გარდაცვალებისა და მოწმე გ. ბ–ს საზღვარგარეთ ყოფნის გამო, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია საპროცესო ნორმათა მოთხოვნების დარღვევას. გარდა ამისა, გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია გამყარებულია უდავო მტკიცებულებებით: ამოღების ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ლუქის გახსნისა და დათვალიერების ოქმებითა და ექსპერტიზის დასკვნებით.
5.8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სამივე ეპიზოდში დაზარალებულთა ჩვენებების გარდა სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ ადასტურებს ს. კ. კ–ს ბრალლეულობას. დაზარალებულებმა დეტალურად მიუთითეს იმ ფაქტებისა და გარემოებების შესახებ როდის, რა ვითარებაში და რა პირობით გადასცეს ს. კ. კ–სს კუთვნილი ფულადი თანხები. შესაბამისად, ის, რომ აღნიშნული თანხების გადაცემის დამადატურებელი წერილობითი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, არ გამორიცხავს ს. კ. კ–ს ბრალეულობას. გარდა ამისა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 12 სექტემბრის №....... წერილით დადგენილია, რომ ს. კ. კ–სი სახელმწიფო სასარტიფიკაციო რეესტრის მონაცემების თანახმად, როგორც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი (არ ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს) არ ფიქსირდება. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ ს. კ. კ–სი, რომელიც დაზარალებულებს აძლევდა განკურნების გარანტიას და არწმუნებდა კონკრეტული მედიკამენტებით ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში, სინამდვილეში არ გააჩნდა დაპირების სისრულეში მოყვანის რეალური შესაძლებლობა და მის მიზანს თავიდანვე დაზარალებულთა კუთვნილი თანხების ცრუ დაპირებების მიცემით დაუფლება წარმოადგენდა.
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ს. კ. კ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. კ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს–სის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე