Facebook Twitter

საქმე N 060100122005434394

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №194აპ-23 2 მაისი, 2023 წელი

ჭ–ე ლ., №194აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. ჭ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 24 დეკემბერს, საღამოს საათებში, ლ. ჭ–ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ქ. ს–ში, მ–ს ქუჩის N..-ში მცხოვრებ ყოფილ მეუღლეს ზ. შ–სას, რომელსაც შეხვედრაზე უარის თქმის გამო განაწყენებისას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით, აღნიშნულით ზ. შ–სას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ლ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ლ. ჭ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 აგვისტოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ლ. ჭ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 26 დეკემბერს სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, ლ. ჭ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ლ. ჭ–ს ბრალეულობას, კერძოდ, შეტყობინებით ირკვევა, რომ დაზარალებულმა ზ. შ–მ თვითონ ითხოვა პოლიციის დახმარება და განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე ემუქრება ყელის გამოჭრით, დაახლოებით 15 წუთის წინ დახვდა სახლის მიმდებარედ და შესაძლოა შეტყობინების განხორციელების მომენტშიც იქვე იყოს. მოწმე ლ. კ–მ კი დაადასტურა, რომ ლ. ჭ–ს მუქარის შემცველი ზარის დროს იმყოფებოდა დაზარალებულის გვერდით. სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ მას ზ. შ–მ უთხრა, რომ ყოფილი მეუღლე დაემუქრა ყელის გამოჭრით, რის გამოც იყო ძალიან შეშინებული. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ზ. შ–სა და მისი არასრულწლოვანი შვილი რამდენიმე წუთში გავიდნენ სახლიდან, თუმცა მაშინვე შებრუნდნენ უკან, ზ-მ კარი ჩაკეტა და უთხრა, რომ კიბეებზე ამოდიოდა ლ. ჭ–ე, რის გამოც იყო ძალიან შეშინებული. შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით დასტურდება, რომ ზ. შ–ს დაემუქრა ლ. ჭ–ეე. ზ. შ–მ ასევე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც დაადასტურა რომ სატელეფონო საუბრისას მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. ჭ–ე, რისიც შეეშინდა, რადგან სატელეფონო ზარიდან რამდენიმე წუთში დაინახა, რომ ლ. ჭ–ე ადიოდა მათი საცხოვრებელი სახლის კიბეებზე. მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით დადასტურდა, რომ 2021 წლის 24 დეკემბერს, საღამოს საათებში ზ. შ–ს ტელეფონზე ლ. ჭ–ს ტელეფონის ნომრიდან შესულია ზარი. კასატორი ასევე უთითებს, რომ დაზარალებულს გადაკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფება საზღვარგარეთ, ბრალდების მხარეს კი არ მიეცა შესაძლებლობა დაეკითხა დაზარალებული ან გამოეკვლია მისი გამოკითხვის ოქმი, ვინაიდან დაცვის მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომ არ აპირებდა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, რაც სასამართლომ ჩათვალა დაზარალებულის პოზიციის დაფიქსირებად და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მისი გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნება. თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული განცხადება დიდი ხნით ადრე იყო ცნობის სახით საქმეზე დართული და არა როგორც მტკიცებულება. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის იმ ეტაპისთვის სურდა თუ არა დაზარალებულს ჩვენების მიცემა სასამართლოს არ გაურკვევია. გარდა ამისა, მართალია მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება, თუმცა მან აღნიშნულის შესახებ უნდა განაცხადოს სასამართლოს წინაშე, მისი ვინაობის დადგენის, უფლება-მოვალეობის განმარტებისა და ფიცის დადების შემდეგ.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. ჭ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. მოწმე მ. ჭ–მ (შვილმა) და დაზარალებულმა ზ. შ–მ (ყოფილმა მეუღლემ) უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ლ. ჭ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ლ. ჭ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შეტყობინებასა და მოწმე გ. ნ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2021 წლის 24 დეკემბერს ზ. შ–მ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე ემუქრება ყელის გამოჭრით. გამოკითხვისას დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ლ. ჭ–ე მას ემუქრებოდა ტელეფონის საშუალებით. ამის შემდეგ, დათვალიერდა ზ. შ–ს ტელეფონი, სადაც შემავალი და გამავალი ზარების ნუსხაში დაფიქსირებული იყო ლ. ჭ–ს ტელეფონის ნომერი. მოწმე ლ. კ–ს ჩვენებით კი დგინდება, რომ დაზარალებული ზ. შ–ა არის მისი შვილიშვილი, რომელიც 2021 წლის 24 დეკემბერს შვილებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა მასთან, რა დროსაც ზ–ს მობილურ ტელეფონზე დაურეკა ლ. ჭ–მ და სთხოვა, რომ გასულიყო გარეთ და შეხვედროდა. მას ლ–ს სიტყვები არ გაუგონია და არც მათ სახლთან მისული დაუნახავს, მხოლოდ ის ნახა, რომ სატელეფონო საუბრისას ზ–ა აკანკალდა და შეშინებულმა უთხრა ,,ნუ მემუქრებიო“. იგი შეეცადა ზ–ს დამშვიდებას, თუმცა მან მაინც დარეკა 112-ში. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან დაკავშირებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ლ. ჭ–ს მხრიდან დაზარალებულზე სიცოცხლის მოსპობის მუქარას წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.7. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ N........... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმს, რომლის გამოცემის საფუძვლად მითითებულია 2022 წლის 24 დეკემბერს ტელეფონის საშუალებით ლ. ჭ–ს მხრიდან დაზარალებულზე ყელის გამოჭრის მუქარა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მტკიცებულებით არ დგინდება, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. ამასთან, მართალია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ ლ. ჭ–ე ზ. შ–ს ტელეფონის საშუალებით დაემუქრა ყელის გამოჭრით, შემდეგ კი აივანზე გასულმა დაინახა, რომ კიბეებზე ამოდიოდა ლ. ჭ–ე, რის გამოც შეეშინდა და ჩაიკეტა ოთახში. თუმცა სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ლ. ჭ–ეის მხრიდან დაზარალებულზე მუქარას და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გაჩენას წარმოდგენილი არ არის, მხოლოდ შემაკავებელ ორდერსა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული მწირი ინფორმაცია კი სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.8. საკასაციო სასამრთლო ასევე ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში განვითარებულ მსჯელობას, რაც უკავშირდება დაზარალებულ ზ. შ–ს 2022 წლის 31 მარტის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, სადაც გადმოცემულია ზ. შ–სას ნამდვილი ნება, რომ იგი სარგებლობს კანონით მინჭებული უფლებით არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ყოფილი მეუღლის ლ. ჭ–ს წინააღმდეგ, რაც გამორიცხავს გამოძიებისას მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნების შესაძლებლობას და მის მტკიცებულებად მიღებას.

5.9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ლ. ჭ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე