საქმე # 080100121004470077
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №130აპ-23 ქ. თბილისი
შ-ე რ. 130აპ-23 22 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ნ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განაჩენით:
1.1. რ. შ-ე, - დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და რ. შ-ს დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ რ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2022 წლის 15 ივლისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. შ-მ ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შენახვა და ამ საგნით სარგებლობა; სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფაში, კერძოდ:
· ქ. ქ-ში, ხ-ს ქუჩის №...-ში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... დაწესებულებაში, „C“ კორპუსის №122 საკანში, მსჯავრდებული რ. შ-ე ინახავდა აკრძალულ საგანს, ორ ცალ დაშლილ ერთჯერად სამართებელს, რომელთა გამოყენებით 2020 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 11:40 საათზე, კისრის მიდამოში მარცხენა მხარეს მიიყენა დაზიანებები სისხლმდენი ჭრილობების სახით.
· 2021 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 11:50 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა ბრალდებულ რ. შ-ს პირველი წარდგენის სხდომა, მოსამართლე ც. მ-ის თავმჯდომარეობით. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა რ. შ-მ უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლე ც. მ-ს, რითაც ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა რ. შ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ნ-მ საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და რ. შ-ს გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ რ. შ-სა და მისი ადვოკატის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ სრულყოფილად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რომელთა ერთობლიობითაც, კერძოდ: მოწმეების - ვ. წ-ს, დ. გ-ს, ჯ. ჩ-ს, ზ. ტ-ს, გ. ქ-ს, ე. გ-ს, ლ. ბ-ს, ჯ. ბ-ს, ბ. შ-ს, გ. ა-სა და სხვათა ჩვენებებით, დაზარალებულ ც. მ-ის ჩვენებით, ერთჯერადი სამართებლის, ე.წ „ბიგის“ დათალიერების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N..., ბიოლოგიური ექსპერტიზის N...., სამედიცინო ექსპერტიზის N... და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნებით, დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ რ. შ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
7. რ. შ-ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება):
7.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე განაჩენში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა რ. შ-თვის სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული ბრალის დასადასტურებლად, კერძოდ:
7.2. პენიტენციური სამსახურის ქ.ქ-ს N... პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები - ჯ. ჩ-ე, ზ. ტ-ე და გ. ქ-ი, რომლებიც იყვნენ რ. შ-ს მიერ თვითდაზიანების მიყენების უშუალო თვითმხილველები, პირდაპირ უთითებენ და ადასტურებენ, რომ რ. შ-ს (მოთავსებული დაწესებულების „C“ კორპუსის N122-ე საკანში) ხელში ეჭირა დაშლილი შავტარიანი საპარსი ბიგის პირები და მათი გამოყენებით კისრის არეში მიიყენა თვითდაზიანება. ზ. ტ-მ შეძლო და სწრაფი მოძრაობით ხელიდან გამოგლიჯა რ. შ-ს დაშლილი შავტარიანი საპარსი ბიგის პირები. მითითებული საგნები ჯ. ჩ-მ კანონით დადგენილი წესით ამოიღო, შეფუთა, დალუქა და შემდგომში წარდგენილ იქნა საექსპერტო კვლევაზე.
7.3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნით დადასტურდა, რომ რ. შ-გან ამოღებული ობიექტები წარმოადგენენ მექანიკური საპარსი დაშლილი მოწყობილობის ცალკეული კომპონენტების გამოყენებით დამზადებულ ბასრი თვისების მქონე თვითნაკეთ საგნებს. სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით დადგინდა, რომ რ. შ-ს თვითდაზიანების შედეგად ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობები კისრის მარცხენა მხარეს.
7.4. გარდა ზემოაღნიშნულისა, N... პენიტენციური დაწესებულის „C“ კორპუსის N122-ე საკანში რ. შ-ს მიერ გადაკეთებული ,,ბიგის“ ერთჯერადი სამართებლების ქონის და გამოყენების ფაქტი უტყუარად დასტურდება N... პენიტენციური დაწესებულების ,,C“ კორპუსის N122 საკნისა და მისი მიმდებარე დერეფნის 2020 წლის 11 ივნისის 10:40 საათიდან 12:20 საათამდე პერიოდის ვიდეოსამეთვალყურეო კამერის მიერ გადაღებული ჩანაწერით, რომელიც სრულადაა თანხვდენილი თვითმხილველი მოწმეების - ჯ. ჩ-ს, ზ. ტ-ს და გ. ქ-ს ჩვენებებთან. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ რ. შ-ე არ უარყოფს, რომ აკრძალული ნივთი - საპარსი საშუალება ,,ბიგი“ აღმოჩენილია მის საკანში, თუმცა აღნიშნავს, რომ ის მსჯავრდებულს ეკუთვნოდა და სპეციალურად შეუგზავნეს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა. საკასაციო სასამართლო მიუთიტებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმის მასალებში არ არსებობს.
8. რ. შ-ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება):
8.1. საკასაციო სასამართლო მოცემული მსჯავრდების ეპიზოდში აგრეთვე სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლივად გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ. შ-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობას, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფაში, კერძოდ:
8.2. დაზარალებულმა ც. მ-მ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე, აქვს საერთო სპეციალიზაცია და იხილავს როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. 2021 წლის 11 თებერვალს, განსახილველად დაეწერა პროკურორ დათო ცირეკიძის შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა დაინიშნა მომდევნო დღეს, 2021 წლის 12 თებერვალს, ვინაიდან პროცესი უნდა ჩატარებულიყო დისტანციურად. ბრალდებულის ჩართვა უნდა მომხდარიყო N... პენიტენციურ დაწესებულებიდან, 12 თებერვალს სხდომის მდივანმა მოამზადა პროცესი, რომელიც დაიწყო დილის საათებში. სხდომა მიმდინარეობდა მისი თავმჯდომარეობითა და პ. ბ-ს მდივნობით; ბრალდებას მხარს უჭერდა პროკურორი დათო ცირეკიძე, ბრალდებულის ინტერესებს იცავდა ადვოკატი ი. შ-ა, ხოლო ბრალდებული რ. შ-ე ერთვებოდა დისტანციურად, N... პენიტენციური დაწესებულებიდან. გაიხსნა სხდომა, პროცესის მონაწილეებს მოახსენა განსახილველი შუამდგომლობის შესახებ, მხარეები გააფრთხილა პროცესზე წესრიგის დარღვევისათვის შესაძლო ღონიძიების გამოყენების თაობაზე, წარუდგინა მისი და სხდომის მდივნის თავი, განმარტა მოსამართლისა და სხდომის მდივნის აცილების საფუძვლები. აცილების საკითხი პროკურორსა და ადვოკატს არ დაუყენებიათ, ხოლო ბრალდებულ რ. შ-ს ხმა არ ისმოდა; სხდომის მონაწილეებს, მათ შორის რ. შ-ს, გამორთული ჰქონდათ მიკროფონები, ვინაიდან სხდომა მიმდინარეობდა ტექნიკური ხარვეზით. შესაბამისად, მიკროფონის ჩართვა ხდებოდა მაშინ, როდესაც პროცესის მონაწილე ამბობდა სიტყვას. ბრალდებულ რ. შ-ს დასჭირდა პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი თანამშრომლის დახმარება რომ ჩაერთო მიკროფონი. მიკროფონის ჩართვის შემდეგ რ. შ-მ მოსთხოვა კვლავ დაესახელებინა მისი ვინაობა და იცნობდა თუ არა საქმეს, რომელსაც იგი იხილავდა. მან კვლავ განუმარტა მისი ვინაობა და უთხრა, რომ იცნობდა საქმეს რომელსაც იხილავდა; განმარტებების მიცემისას რ. შ-ე იქცეოდა არაადეკვატურად, აწყვეტინებდა განმარტებებს. მოუწოდებდა დაეცვა წესრიგი და ეპასუხა მის კითხვებზე, არაერთჯერ გააფრთხილა, რომ ის გაძევებული იქნებოდა სხდომის მსვლელობიდან, რაზედაც მას ჰქონდა არაადეკვატური რეაქცია. მისგან განმარტება ბრალდებულმა რ. შ-მ მიიღო მუქარად და ეუბნებოდა, რომ ემუქრებოდა და სასამართლო მას არ აძლევდა საუბრისა და სიტყვის თქმის უფლებას. რაღაც პერიოდი ბრალდებული დაწყნარდა და განმარტა, რომ მას არ ჰქონდა აცილება მოსამართლისა და სხდომის მდივნის მიმართ. მას შემდეგ, რაც განმარტა პროკურორის აცილების საფუძვლები და მიემართა კითხვით ჰქონდა თუ არა ბრალდებულს პროკურორის მიმართ აცილება, რ. შ-ე კვლავ გახდა არაადეკვატური, პროკურორი მოიხსენია დამამცირებელი სიტყვებით, რაზედაც მან მოუწოდა რომ შეეწყვიტა შეურაცხმყოფელი სიტყვები პროკურორის მიმართ, კვლავ განუმარტა, რომ თუკი გააგრძელებდა წესრიგის დარღვევას სასამართლო გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას და მას გააძევებდა სხდომის მსვლელობიდან. ამ გაფრთხილებაზე მან განაგრძო არაადეკვატური ქცევა, რომლის შემდეგადაც მის მიერ მიღებულ იქნა განკარგულება რ. შ-ს სხდომიდან გაძევების შესახებ. განკარგულების გამოცხადების პროცესში შ-ე აგრძელებდა არაადეკვატურ ქცევას, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში, ხოლო მანამ, სანამ სასამართლო სხდომის მიმდინარეობიდან გაძევებულ ბრალდებულს მიკროფონს გამოურთავდა მან მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეაგინა დედის მისამართით. შეგინებისას ბრალდებულს მართალია არ დაუსახელებია გინების ადრესატის სახელი, თუმცა ვინაიდან სხდომიდან გაძევების განკარგულება მან მიიღო, გინება აღიქვა მისი მისამართით.
8.3. იგივე ფაქტობრივი გარემოებები მიუთითეს მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო სხდომის მდივანმა პ. ბ-მ და N... პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა ბ. შ-ს. რ. შ-ს მიერ მოსამართლის შეურაცხყოფის ფაქტი უტყუარად დასტურდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რ. შ-ს პირველი წარდგენის 2021 წლის 12 თებერვლის სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერით.
9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ადგენს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის არც რაოდენობრივ მახასიათებელს და არ განსაზღვრავს არც იმას თუ რა სახის მტკიცებულებების ერთობლიობაა საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისთვის. საჭირო მტკიცებულებების სახე და რაოდენობა დამოკიდებულია თითოეული განსახილველი საქმის სპეციფიკაზე. გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მტკიცებულებათა საკმარისობის განსაზღვრისას მტკიცებულება უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ადასტურებს თითოეული მათგანი, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში კონკრეტული პირისთვის წარდგენილ ბრალდებას (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე N723აპ-19). ევროპული სასამართლოს განმარტებით, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით მტკიცება შესაძლებელია გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო, შეთანხმებული და დასაბუთებული დასკვნებისა ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდებიდან (იხ. Bouyid v. Belgium, no. 23380/09, § 82, ECtHR, 28/09/2015; El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no.39630/09, §151, ECtHR, 13/12/2012; Hassan v the UK,[GC], no. 29750/09, §48, ECtHR, 16/09/2014; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, § 92, ECtHR, 2010). გათვალისწინებულ უნდა იქნეს მტკიცებულებების ხარისხი, მათ შორის, აყენებდა თუ არა ეჭვის ქვეშ მათ საიმედოობას ან სიზუსტეს ის გარემოებები, რომლებშიც მათი მოპოვება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები არ არის გამყარებული სხვა მასალით, მათი სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ არ დადგეს, როდესაც საკმაოდ მყარია და მათი სანდოობა არ არის საეჭვო, ამასთანავე, უფრო ნაკლებია ასეთი მტკიცებულებების სხვა მტკიცებულებებით გამყარების საჭიროება ( იხ. Bykov v. Russia, no.4378/02 [GC], §90, ECtHR, 10/03/2009; Allan v UK, no.48539/99, ECtHR, §43, 05/11/2002).
10. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
11. რ. შ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა:
11.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
11.2. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. შ-თვის საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და რ. შ-ს განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ნ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი