საქმე # 080100121004514000
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №131აპ-23 ქ. თბილისი
გ-ი დ. 131აპ-23 22 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. გ-სა და ა. დ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. დ. გ-ი, - დაბადებული … წლის … მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 6 იანვრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა; სხვის მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს მფლობელობის ხელშეუხებლობას, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ს-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ-ში დ. გ-ი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა ამავე სოფელში მცხოვრები ი. ლ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში და ფანჯრიდან უყურებდა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე საძინებელ ოთახში მყოფ ი. ლ-ს, რამაც მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა გამოიწვია.
· 2021 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათიდან 19:35 საათამდე პერიოდში, ს-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ-ში, კ. და ბ. ბ-ს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ ამავე სოფელში მცხოვრებ დ. გ-თან მისსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში. მას შემდეგ, რაც კონფლიქტი დასრულდა და ბ-ი მისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან გავიდნენ, გაღიზიანებული დ. გ-ი შევიდა სამზარეულო ოთახში, აიღო დანა, გადახტა ღობეზე და შეეცადა სასოფლო გზაზე მყოფი კ. ბ-ს განზრახ მოკვლას, რა დროსაც მას დანის დარტყმით მიაყენა ორი შემავალი ჭრილობა მარცხენა ფერდქვეშ, რაც ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს. დ. გ-ს მიერ განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი კ. ბ-თან მყოფი დედისა და სხვა პირთა აქტიური ჩარევის გამო.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი. გ-მ და ა. დ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ. გ-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 19,108-ე მუხლით, ხოლო მისი ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ დეტალურად მიუთითა იმ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც მიიჩნია, რომ დ. გ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. აღნიშნული დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ი. ლ-სა და კ. ბ-ს ჩვენებებით, მოწმეების - ბ. ბ-ს, დ. ბ-ს, მ. მ-ს, თ. ტ-სა და სხვატა ჩვენებებით, შეტყობინებებით, ამოღების ოქმებით, დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №... ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით.
7. უსაფუძვლოა ადვოკატების - ი. გ-სა და ა. დ-ს მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება, რომ დ. გ-ს კ. ბ-ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, ამის სურვილის შემთხვევაში იგი კვლავ დაარტყავდა დანას, მაგრამ ნებით დატოვა შემთხვევის ადგილი და წავიდა სახლში, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან კ. ბ-ს სიცოცხლის მოსპობის განზრახვის არსებობას.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, როგორც დ. გ-ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის ელემენტების არსებობა, ისე საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების დაკვალიფიცირების უმართებულობა.
9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მსჯავრდებულმა დ. გ-მა დაზარალებულ კ. ბ-ს, მათ შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, ორჯერ დაარტყა დანა მარცხენა ფერდის არეში. დანის დარტყმის ფაქტს არც დაცვის მხარე უარყოფს. მოცემულ შემთხვევაში სადავოა დ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია ანუ მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება განზრახ მკვლელობის მცდელობას წარმოადგენს თუ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განზრახ მკვლელობის დროს პირი ითვალისწინებს თავისი ქმედების შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, შეგნებული აქვს ამ მოქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი და სურს ეს შედეგი - ადამიანის მოკვლა (პირდაპირი განზრახვა), ან შეგნებულად უშვებს, რომ მის მოქმედებას ადამიანის სიკვდილი მოჰყვება (არაპირდაპირი განზრახვა). მკვლელობა შეიძლება იყოს წინასწარ მოფიქრებული ან უეცარი განზრახვით. თუ პირის განზრახვა მიმართული იყო სხეულის დასაზიანებლად, მაგრამ ამას შედეგად მოჰყვა სიკვდილი, მან შეიძლება პასუხი აგოს მხოლოდ სხეულის განზრახ დაზიანებისათვის და სათანადო პირობების არსებობისას, გაუფრთხილებლობით მკვლელობისათვის. დამნაშავის განზრახვის შინაარსზე საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, კერძოდ, გათვალისწინებული უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენის იარაღი და საშუალება, ჭრილობათა და სხვაგვარ დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და ლოკალიზაცია, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზი, დამნაშავისა და დაზარალებულის ყოფაქცევა დანაშაულის ჩადენამდე, მათი ურთიერთდამოკიდებულება.
11. დაზარალებულ კ. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის 6 იანვარს, საღამოს საათებში, შემოესმა ბიცოლას - ი. ლ-ს ყვირილი, რის გამოც დედამისთან ერთად ჩავიდა მის საცხოვრებელ სახლში. ი. ლ-გან გაიგო, რომ ეზოში შესული იყო მეზობელი დ. გ-ი და ფანჯარაში იყურებოდა. მან და ბიძამ - ბ. ბ-მ გადაწყვიტეს დ. გ-თან მისვლა იმის გასარკვევად, თუ რატომ იყურებოდა იგი სხვისი სახლის ფანჯარაში. დ. გ-თან ეზოში უშუალოდ ბ. ბ-ე და თვითონ შევიდნენ, ხოლო ქალბატონები - მ. მ-ი, ი. ლ-ი და დედამისი - დ. გ-ი გარეთ დაელოდნენ. დ. გ-მა უარყო აღნიშნული ფაქტი. მას ეტყობოდა, რომ იყო ნასვამი, რის გამოც უკან წამოსვლა დააპირეს; ამ დროს დ. გ-მა დაიძახა, ,,ისიც ხომ არ უთქვამს ი. ლ-ს, რომ ვეფერებოდიო“. აღნიშნულზე მიბრუნდნენ უკან და მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რაც მალევე დასრულდა და წავიდნენ სახლში. გზაში მსვლელობისას უცებ გაიგონა დედამისის ხმა ,,მოდისო“ და უკან შებრუნებისას დაინახა, რომ დ. გ-მა ორჯერ დაარტყა დანა, ისე რომ წინააღმდეგობის გაწევის საშუალებაც არ ჰქონია, დედამისი ჩადგა მათ შორის და ხელები აწია, თან ყვიროდა, რის შემდეგაც აღარაფერი ახსოვს და არც ის დაუნახავს, თუ სად წავიდა დ. დარტყმის დროს დაინახა, რომ დ-ს დანა ეკავა ხელში, თუმცა ზუსტად როგორი იყო ეს დანა არ იცის.
12. აღნიშნული გარემოებები დაადასტურეს და დაზარალებულის ჩვენებასთან თანხვდენილი ჩვენებები მისცეს სასამართლოს ფაქტის თვითმხილველმა მოწმეებმა - ბ. ბ-მ, ი. ლ-მა, დ. ბ-მ და მ. მ-მა. მათ დეტალურად აღწერეს დანაშაულის წინმსწრები მოვლენები, რომ კონფლიქტი სწორედ დ. გ-ს მხრიდან არამართლზომიერი ქცევით იყო გამოწვეული. მოწმეებმა აღნიშნეს, რომ უკან მობრუნებულებს სოფლის გზაზე მსვლელობისას მოულოდნელად თავს დაესხა დ. გ-ი და ორჯერ დაარტყა დანა მუცლის არეში კ. ბ-ს, რომელსაც გადაეფარა დედამისი - დ. ბ-ე ხელებაწეული, რის შემდეგაც დ. გ-ი გაბრუნდა უკან, კ. კი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაეწია სამედიცინო დახმარება.
13. მოცემულ შემთხვევაში, გარდა სხვა არაერთი მტკიცებულებისა, თავად მსჯავრდებულ დ. გ-ს ჩვენებითაც დადგენილია ის ფაქტი, რომ კ. და ბ. ბ-ე მივიდნენ მასთან, რა დროსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და წავიდნენ, გზიდან კი ესმოდა მისი მისამართით გინება. აღნიშნულის გამო მან მართლაც დაარტყა კალენიკე ბრეგვაძეს დანა, მაგრამ სურდა მისთვის ჯანმრთელობის დაზიანება და არა მოკვლა.
14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ დ. გ-ს კ. ბ-ს მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, კიდევ დაარტყამდა დანას. სასამართლო მიუთითებს შემდეგს: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დანის დარტყმების შემდეგ დ. გ-ი კიდევ ტრიალებდა და იქნევდა დანას, მაგრამ კ. ბ-ს გადაეფარა დედამისი ხელებაწეული, რის შემდეგაც ის გაბრუნდა უკან. ამასთან, ის გარემოება, რომ დ. გ-მა აღარ განახორციელა დარტყმა თუნდაც ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, არ გამორიცხავს მის განზრახვას სიცოცხლე მოესპო კ. ბ-თვის, ვინაიდან დადგენილია ის გარემოება, რომ დ. გ-მა ორჯერ დაარტყა კ. ბ-ს მუცელში დანა, რითაც მიაყენა შემავალი, სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები, რომელიც სიკვდილს გადაურჩა დროული სამედიცინო დახმარების მიღების შედეგად.
15. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნაში მითითებულია სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში (№214/141) არსებული მონაცემები, კერძოდ: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე კ. ბ-ს დაესვა დიაგნოზი: შემავალი ჭრილობა მუცლის არეში. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას აღენიშნებოდა ორი შემავალი ჭრილობა მარცხენა ფერდქვეშ, სწორი კიდეებით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
16. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №... ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,ექსპერტიზაზე წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი სამეურნეო ტიპის დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას“.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად დადგენილად მიიჩნევს, რომ დ. გ-ი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების შედეგად კ. ბ-ს სიკვდილს და სურდაც კიდეც ეს, თუმცა შედეგი არ დადგა მისი ნებისაგან დამოუკიდებელი გარემოების - დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების გამო. შედეგად სახეზეა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
18. რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენით დ. გ-თვის შერაცხულ ბრალს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების - სხვის მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს მფლობელობის ხელშეუხებლობას - ჩადენის თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაწილშიც ბრალი მის მიმართ უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც სრულიად საკმარისი და სარწმუნოა საიმისოდ, რომ სასამართლოს დ. გ-ი ბრალეულად ეცნო აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში.
19. დაზარალებულ ი. ლ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ დ. გ-ი არის მისი მეზობელი. 2021 წლის 6 იანვარს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლის საძინებელ ოთახში, იშრობდა თმას, რა დროსაც სარკეში დაინახა, რომ ფანჯარასთან იდგა და უყურებდა დ. გ-ი. შეშინებული გამოვარდა გარეთ, დაიწყო ყვირილი, გამოეკიდა, თუმცა აღარ დახვდა ადგილზე. მისაღებ ოთახში იყო მისი რძალი. გარეთ ღამე იყო, მაგრამ ეზო განათებულია როგორც გარეთ არსებული ნათურით, ასევე ოთახიდან გამავალი სინათლით. ი. ლ-ს განმარტებით, მეზობლები ერთმანეთთან მისვლისას გარედან იძახიან, კარებზე ან ფანჯარაზე უკაკუნებენ ერთმანეთს, ასეთი წესი აქვთ. ყვირილზე მივიდნენ მისი მაზლიშვილი - კ. ბ-ე და დედამისი, შემდეგ მაზლი ბ. ბ-ე. ი. ლ-მა მათ უამბო მომხდარი ფაქტის შესახებ, რის შემდეგაც, ვითარებაში გარკვევის მიზნით ყველანი გაემართნენ დ. გ-ს სახლისკენ.
20. მოწმე თ. ტ-ს ჩვენებით დგინდება, რომ იგი და დ. გ-ი არიან მეზობლები, ხოლო ი. ლ-ი - მისი დედამთილი. 2021 წლის 6 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 7 საათზე დედამთილთან ერთად იმყოფებდა სახლში, რომელიც იშრობდა თმას და თან ესაუბრებოდა შორიდან, რა დროსაც ი-ს უცებ გაუვარდა ფენი ხელიდან, ატეხა ყვირილი და მივარდა ფანჯარას. თვითონაც გაიხედა ფანჯარასთან და დაინახა მეზობელი დ. გ-ი, რომელიც იმ მომენტში შებრუნდა ზურგით. მოწმის განმარტებით, ეზო იყო განათებული.
21. მოწმეების - კ. ბ-ს, ბ. ბ-ს, დ. ბ-სა და მ. მ-ს ჩვენებებით დგინდება, რომ 2021 წლის 6 იანვარს, საღამოს საათებში, იმყოფებოდნენ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც გაიგონეს ი. ლ-ს ყვირილი. მათ შორის დ. ბ-მ გაიგონა ი-ს სიტყვები ,,რა გინდა ჩემს ეზოში, ჩემს ფანჯარასთანო“. ყველანი ჩავიდნენ მასთან და როგორც ი. ლ-ს გადმოცემით გაიგეს, მის ეზოში შესული იყო დ. გ-ი და უყურებდა ფანჯარაში. მათ გადაწყვიტეს წასულიყვნენ დ. გ-თან და გაერკვიათ აღნიშნული საკითხი. კ. ბ-ე და ბ. ბ-ე შევიდნენ მასთან ეზოში და ჰკითხეს თუ რატომ უყურებდა ი. ლ-ს ფანჯარაში, რაც დ. გ-მა უარყო.
22. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ი. ლ-ს საცხოვრებელი სახლის ეზო. ეზოში შესასვლელია ორფრთიანი რკინის კარით, დაახლოებით 26 მეტრის მოშორებით მიემართებიან ი. ლ-ს საცხოვრებელი სახლის უკანა მხარეს, შემთხვევის ადგილზე, სადაც დაზარალებულმა ი. ლ-მა მიანიშნა საცხოვრებელი სახლის ფანჯარაზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ფანჯარაში მისჩერებოდა მას 2021 წლის 6 იანვარს მეზობელი დ. გ-ი. ასევე მან მიანიშნა საცხოვრებელი სახლის უკან, მიწაზე ადგილი, სადაც იდგა მისი მეზობელი დ. გ-ი. შემთხვევის ადგილი დეტალურად დათვალიერდა, მაგრამ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი, საგანი ან კვალი არ ამოღებულა.
23. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლში აღნიშნულია, რომ ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. კონსტიტუციური დებულებიდან გამომდინარე და მისი შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი კრძალავს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას.
24. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. გ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები.
25. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
27. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. გ-სა და ა. დ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი