საქმე # 330100121005262433
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №209აპ-23 ქ. თბილისი
ი-ი ვ. 209აპ-23 22 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. ი-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივნისს, - ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 21 ოქტომბერს ვ. ი-ი დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს და წინასწარი შეთანხმებით, ერთობლივად მივიდნენ თ-ში, მ-ს გამზირის N...-ში, სადაც დაქირავებულ მიკროავტობუსში მოათავსეს სს „ს-ს“ კუთვნილი, 15 ცალი ლითონის სადგამი, ე.წ. „კროშტეინი“ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადნენ მათ ფარულ დაუფლებას. ვ. ი-სა და გამოძიებით დაუდგენელი პირის ქმედება შეამჩნია დაცვის თანამშრომელმა, რის შემდგომაც ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ვ. ი-სა და გამოძიებით დაუდგენელი პირების ქმედების შედეგად სს „ს-ს“ შესაძლოა მისდგომოდა 4758.64 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენით:
2.1. ვ. ი-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
2.2. ვ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 1 წლით. მასვე დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 07:00 საათამდე შუალედში. ვ. ი-ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში უნდა ჩაეთვალოს 2021 წლის 23 ოქტომბრიდან იმავე წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
2.3. გაუქმდა ვ. ი-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ი-მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ვ. ი-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.
5.1. მსჯავრდებულ ვ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ ვ. ი-მა ქურდობის მცდელობა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ვინაიდან სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ. ი-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს. მტკიცებულებები უნდა ადასტურებდეს, რომ თანამზრახველები ერთად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, იცნობდნენ ერთმანეთს, ან როლები ჰქონდათ განაწილებული, რომელთა ერთობლიობაც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ ისინი წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდნენ.
9. სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმე ე. კ-მა განაცხადა, რომ ჰყავს თეთრი ფერის ავტომანქანა „სპრინტერი“, ასრულებს კერძო შეკვეთებს და ტვირთის გადაზიდვითაა დაკავებული. 2021 წლის ოქტომბერს მასთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც უთხრა, რომ ჯართი უნდა წაეღო მიმღებ პუნქტში. მორიგდნენ 35 ლარზე. მან ჯართი ავტომანქანა „სპრინტერით“ წააღებინა მასთან მისულ კლიენტს და მიიტანეს ნ-ი მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში. მამაკაცმა მთლიანობაში ოთხჯერ სთხოვა დახმარება. ვ. ი-ი მესამე დღესაც დაუკავშირდა მას მობილური ტელეფონით, მოურიგდა მომსახურების თანხაზე და მოწმე დათანხმდა. ვ. ი-ს ახლდა ბიჭი, რომელიც იყო დაბალი და ასაკით დაახლოებით 25-30 წლის. ჩასხდნენ ავტომანქანაში და შევიდნენ ბაზართან ვიწრო შესასვლელში; დაიწყეს ჯართის დატვირთვა. შესვლისას ჩაუარეს დაცვის ჯიხურს. იქვე იმყოფებოდა დაცვის თანამშრომელი, რომელიც შეამჩნიეს, თუმცა არაფერი უთქვამს. მოწმის განმარტებით, შესასვლელთან, კუთხეშივე იდგა ჯიხური, რომლის გარეთაც ადამიანი იმყოფებოდა. მას დაცვის პოლიციის თანამშრომლის ფორმა ეცვა. ვ. ი-მა მის თანმხლებ პირთან ერთად დაიწყო რკინის დეტალების ავტომანქანაში დატვირთვა. ამ დროს შენიშნა, რომ დაცვის თანამშრომელი წამოვიდა მათკენ. ვ. ი-ს უთხრა, რომ დაცვის თანამშრომელი მოდიოდა და ჰკითხა, რამე ხომ არ ხდებოდა, რა დროსაც იგი მეორე პირთან ერთად გაიქცა. თანმხლებ ბიჭს ხმა არ ამოუღია, მასსა და ვ. ი-ს შორის რაიმე შეთანხმება იყო თუ არა, არ იცის.
10. მოწმე პ. შ-ს ჩვენებით დაახლოებით ერთი წელია მუშაობს რკინიგზის დაცვის პოლიციაში. 2021 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით თორმეტიდან პირველ საათამდე პერიოდში, შეამჩნია უცხო ავტომობილი, რომელიც იმ დროს ადგილზე არ უნდა ყოფილიყო და გაემართა მისკენ. რამდენიმე ადამიანი მოძრაობდა და მიიჩნია, რომ ისინი რაღაცას იპარავდნენ. ადგილზე მისულს მხოლოდ ავტომობილის მძღოლი დახვდა. ის ორი ადამიანი ადგილზე არ იმყოფებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ მან შეამჩნია სამი პირი, მათგან ერთი მძღოლი იყო. უშუალოდ ორი პირის გაქცევის ფაქტი მოწმეს არ დაუნახავს, თუმცა მეტალის დეტალების ჩალაგებისას ნამდვილად შენიშნა ისინი.
11. მოწმე გ. მ-მა განაცხადა, რომ 2021 წლის 20 ოქტომბერს იმყოფებოდა ბრიგადასთან ერთად სამუშაოდ. სამსახურში დაბრუნებულმა დაინახა, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომელს თეთრი ფერის „სპრინტერი“ ჰყავდა შეჩერებული, რომელშიც ჩატვირთული იყო ეზოდან გატანილი ლითონის 15 ცალი „კროშტეინი“. ადგილზე მალევე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დაიწყეს „კროშტეინების“ აღწერა. მოწმეს, როგორც „ს-ის“ წარმომადგენელს, ვ. ი-თან პრეტენზია არ გააჩნია, ვინაიდან ამოღებული „კროშტეინები“ დაუბრუნდება კომპანიას.
12. მსჯავრდებულმა ვ. ი-მა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და განაცხადა, რომ იგი დანაშაულებრივად არავისთან ყოფილა შეთანხმებული; მარტომ იქირავა სატვირთო ავტომანქანა, მივიდა თ-ში, მ-ს გამზირზე N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაიწყო რკინის დეტალების ავტომანქანაში დატვირთვა. დასახმარებლად დაუძახა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც არ იცნობს და მასთან არანაირ წინასწარ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. მან მოინანია ჩადენილი და ითხოვა პატიება.
13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად დამაჯერებლობას არ უკარგავს მოწმეების - ე. კ-სა და გ. მ-ს ჩვენებებს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ თ-ში, მ-ს გამზირის N...-ში ვ. ი-ს ახლდა კიდევ ერთი პირი და ისინი ერთობლივად ათავსებდნენ ლითონის სადგამებს ავტომანქანაში, თუმცა მხოლოდ აღნიშნული ფაქტის დადასტურებულად მიჩნევა არ არის საკმარისი იმის მტკიცებისათვის, რომ ხსენებული, გამოძიებით დაუდგენელი პიროვნება, ვ. ი-თან წინასწარ შეკავშირდა დანაშაულის ჩასადენად, ისინი ერთად მივიდნენ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ნავთლუღის ბაზართან და მოქმედებდნენ ერთიანი მიზნითა და განზრახვით, რომ დაუფლებოდნენ სს „ს-ს“ კუთვნილ ქონებას. ობიექტის დაცვის თანამშრომელს, მოწმის სახით დაკითხულ პ. შ-ს ზემოაღნიშნულ ორ პირს შორის რაიმე კავშირის დადასტურება არ შეუძლია, გარდა იმისა, რომ ისინი ერთად შენიშნა ე. კ-ს კუთვნილ თეთრი ფერის „სპრინტერთან“. მოწმე ე. კ-ი კი, პ. შ-გან განსხვავებით, დამატებით უთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მან შემთხვევის ადგილთან ახლოს, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა ერთად ვ. ი-ი და მისი თანმხლები ახალგაზრდა მამაკაცი და ვერ დაადასტურებს მათ შორის რაიმე შეთანხმების არსებობას.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ თამარ კერესელიძის პოზიცია ვ. ი-სა და შემთხვევის ადგილიდან გაქცეულ მეორე პირს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობის თაობაზე, გამომდინარეობს მხოლოდ იმ ფაქტიდან, რომ ეს უკანასკნელი ვ. ი-ს მიერ ქმედების ჩადენის მომენტში მასთან ერთად იმყოფებოდა და დაცვის თანამშრომლის მიახლოებისას გაიქცა, რაც საკასაციო სასამართლოს აზრით, ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს პირთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მოქმედების დასადასტურებლად და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. მოწმეების - ე. კ-სა და პ. შ-ს ჩვენების შინაარსიდან წარმოშობილი ვერსიის გასამყარებლად, რომ ვ. ი-მა ქურდობის მცდელობა ჩაიდინა სხვა პირთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო.
15. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ვ. ი-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი