საქმე # 130100121004766888
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1117აპ-22 თბილისი
ხ–ი შ., 1117აპ-22 2 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ხ–ს ადვოკატების - გ. ნ–სა და ნ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ. ხ–ს ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით - ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 22:45 საათზე, დანებით შეიარაღებულებმა შ. და ლ. ხ–ებმა, ნიღბებით, უკანონოდ შეაღწიეს ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ–ში მდებარე თავიანთსავე თანასოფლელ პ. გ–ს სახლში, რომელსაც ყაჩაღურად, ჯგუფურად თავს დაესხნენ და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცეს 220 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:
· შ. ხ–ს მოეხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, დაუდასტურებლობის გამო;
· შ. ხ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 15 თებერვლიდან.
4. ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, შ. ხ–ს მსჯავრი დაედო ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.
5. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 22:45 საათზე, დანებით შეიარაღებულები შ. და ლ. ხ–ები, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლთან, ნიღბებით, ყაჩაღურად, ჯგუფურად თავს დაესხნენ პ. გ–ს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცეს 220 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
6. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რითაც დადასტურდებოდა შ. ხ–სის მიერ ყაჩაღობის ჩადენა ბინაში უკანონო შეღწევით.
7. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
- მსჯავრდებულმა შ. ხ–სმა და მისმა ადვოკატმა - ნ. მ–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და შ. ხ–სის გამართლება;
- ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; შ. ხ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: შ. ხ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 15 თებერვლიდან.
9. სააპელაციო სასამართლომ შ. ხ–სათვის კვალიფიკაციის დამძიმების საფუძვლად მიიჩნია, რომ შ. და ლ. ხ–ების ქმედებები თავიდანვე მიზნად ისახავდა თავდასხმას ძალადობის გამოყენების მუქარითა და დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ მისი თანხის დაუფლებას. დაზარალებულ პ. გ–ს განმარტებით, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებს განუცხადა, რომ ფულს სახლში ინახავდა, დანებით შეიარაღებული შ. და ლ. ხ–ები შეჰყვნენ ოთახში, სადაც დანის დემონსტრირებით აგრძელებდნენ დაზარალებულის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას, რის გამოც იგი იძულებული გახდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, თავდამსხმელებისათვის გადაეცა ფული.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
- მსჯავრდებულ შ. ხ–ის ადვოკატმა ნ. მ–სმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და შ. ხ–ს გამართლებას;
- მსჯავრდებულ შ. ხ–ს ადვოკატმა გ. ნ–სმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, შ. ხ–ს უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას ან გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და შ. ხ–ს გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების (ბინაში უკანონო შეღწევა) ნაწილში.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზების დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც შ. ხ–ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით.
14. ამასთან, შ. ხ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ბინაში უკანონო შეღწევით) მსჯავრდებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მართალია, დაზარალებული პ. გ–ი თავდამსხმელებს - შ. და ლ. ხ–ებს თავად შეუძღვა სახლში ფულის მისაცემად, მაგრამ ეს მოქმედება გამოწვეული იყო თავდამსხმელების ძალადობის, მუქარისა და იძულების შედეგად, რაც დაიწყო სახლში შესვლამდე და გაგრძელდა დაზარალებულის მიერ მათთვის თანხის გადაცემამდე და რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებითაც, წარმოადგენს ყაჩაღობას ბინაში უკანონო შეღწევით.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, როგორც კვალიფიკაციის ისე სასჯელის ნაწილში, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
16. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. ხ–ს ადვოკატების - გ. ნ–სა და ნ. მ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე