Facebook Twitter

საქმე # 180100121004468739

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1148აპ-22 ქ. თბილისი

ზ–ი ი., 1148აპ-22 17 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ზ–სისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თამარ გაბადაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ზ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ზ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2017 წლის 4 თებერვალს მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებული ი. ზ–სი, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ. ბ–ს სამ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 5000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2.2. 2017 წლის 29 დეკემბერს მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებული ი. ზ–ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ. ჩ-ს რვა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 15000 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

2.3. 2018 წლის 28 თებერვალს, ზუსტი საათი დაუდგენელია, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ წ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებული ი. ზ–სი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა რ. მ–ს შვიდ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ღირებულს 11400 ლარად და მ. გ–ს კუთვნილ სამ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ღირებულს 3000 ლარად. ი. ზ–სმა დაზარალებულებს მიაყენა 14400 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ი. ზ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა:

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

3.1. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ი. ზ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ი. ზ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

3.2. ი. ზ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2021 წლის 9 დეკემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. ზ–მა და მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გვანცა ტაბატაძემ.

4.1. მსჯავრდებულმა ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მისთვის შეფარდებული სასჯელის შემცირება. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა ი. ზ–მა დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოთხოვა მისთვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ ცნო მტკიცებულებები, ასევე ორ დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და მზადაა ზიანის სრულად ასანაზღაურებლად, არის სოციალურად დაუცველი და კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი.

4.2. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გვანცა ტაბატაძემ ითხოვა ი. ზ–სთვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება, იმ საფუძვლით, რომ ზიანი სრულად ანაზღაურებული არ არის და მის მიმართ დაზარალებულს გააჩნია პრეტენზია.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. ზ–მა და ადვოკატმა თ. გ–მ.

6.1. ადვოკატი თ. გ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ი. ზ–სთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.

6.2. მსჯავრდებული ი. ზ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას; პირველი განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადის ჩათვლას გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლას დაკავების მომენტიდან.

6.3. ადვოკატმა თ. გ–მემ საკასაციო საჩივრის წარდგენისთვის საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ 2023წლის 10 მაისს დამატებით წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი (დამატებითი განმარტებები) და ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ საბოლოო სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრა, ვინაიდან ი. ზ–ი მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრებით მსჯავრდებული და მისი ადვოკატი ი. ზ–ი ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდების ნაწილში და ითხოვენ ი. ზ–სთვის დანიშნულ სასჯელის შემსუბუქებას, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობის გავრცელებასა და საბოლოო სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით განსაზღვრას, იმ მოტივით, რომ ი. ზ–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, მზადაა სრულად აანაზღაუროს დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სასჯელის შემსუბუქების შემთხვევაშიც მიღწევადია სასჯელის მიზნები.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ი. ზ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ი. ზ–ს მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, მისწრაფება აანაზღაუროს მიყენებული ზიანი), ჩადენილი დანაშაულის სიმრავლე, რისი გათვალისწინებითაც ი. ზ–ს თითოეული ეპიზოდისთვის სასჯელის სახით განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ზ–სთვის საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა წარმოადგენს პროპორციულ ღონისძიებას, ჩადენილი დანაშაულის სიმრავლის, ხასიათისა და სასჯელის ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით, ასევე ემსახურება მისი ეფექტიანი რესოციალიზაციის მიზანს.

13. საკასაციო სასამართლოს ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის სიმრავლეს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახესა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მიზანშეწონილად არ მიაჩნია ი. ზ–სთვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა.

14. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას საბოლოო სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრისა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლის დაკავების დღიდან დაწყების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლი ითვალისწინებს განაჩენის აღსრულებას სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს, კერძოდ: თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ. მითითებული საპროცესო ნორმა გამოიყენება სწორედ ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი და შესაბამისად, საფუძველი, რომ საბოლოო სასჯელი დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოსთვის 2021 წლის 31 მარტის წერილით ცნობილი იყო მხოლოდ ის გარემოება, რომ ი. ზ–ი სხვა განაჩენით სასჯელს იხდიდა 2018 წლის 3 ნოემბრიდან, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა განაჩენები და ასევე ინფორმაცია, იმის შესახებ დასრულებული იყო თუ არა სამართალწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის განაჩენით მსჯავრდების საქმეზე.

15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018წლის 12 ოქტომბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019წლის 17 აპრილის განაჩენები, თუმცა არ იყო წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება/განაჩენი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია საკასაციო წესით გასაჩივრებაზე მხარეების მიერ უარის თქმის შესახებ.

16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „დაუსრულებელი სამართალწარმოებისას განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრა ერთმნიშვნელოვნად შესაძლებელია მხოლოდ ისეთ განაჩენთან ერთობლივად, რომელიც ერთდროულად არის კანონიერ ძალაში შესულიც და საბოლოოც (გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება), წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას გაუქმებული ან შეცვლილი სასჯელის მოხდის რეალური საფრთხე, რაც დაუშვებელი და გაუმართლებელია“ ( იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენი საქმეზე N 1014აპ-21, II-9). „მსჯავრდებულის მიერ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გაუქმებული ან შეცვლილი სასჯელის მოხდის თავიდან ასარიდებლად, .. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს განაჩენის აღსრულების წესს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021წლის 16 დეკემბრის განაჩენი საქმეზე N 1014აპ-21, II-10).

17. ამასთან, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის მიზნებისათვის წინა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება მისი გასაჩივრების ყველა შესაძლებლობის ამოწურვას. როდესაც ბოლო განაჩენის გამოტანისას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი შესაძლოა ჯერ კიდევ შეიცვალოს, პირველი ინსტანციის სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის შესახებ, ხოლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრების ფარგლებში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას გააჩნია საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლები“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინება საქმეზე N635აპ-22, პ.4.3).

18. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლით დადგენილი წესი გამოიყენება სწორედ ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი და შესაბამისად, საფუძველი, რომ საბოლოო სასჯელი დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, თუმცა არა სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არამედ - შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. კასატორის მიერ ბოლო განაჩენის გასაჩივრების უფლების გამოყენება არ წარმოადგენს ყველა კანონიერ ძალაში შესული განაჩენით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისა და აღსრულებისათვის გამოსადეგ საპროცესო მექანიზმს, ვინაიდან ამისათვის არსებობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული სპეციალური სამართლებრივი შესაძლებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 13 სექტემბრის განჩინება საქმეზე N 635აპ-22, პ. 4.4).

19. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე განაჩენების აღსრულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია ამ ნაწილშიც დაცვის მხარე კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

20. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ზ–სთვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით) - სამართლიანია.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ზ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე