საქმე # 330100122005538484
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №115აპ-23 ქ. თბილისი
მ. გ. 115აპ-23 2 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით გ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს და თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენებით, გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2022 წლის 7 იანვარს, ღამის საათებში, ქ,თ–ში, .......ას ქუჩა N75-ში მდებარე შპს ,,........დან“ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევი გ. მ–სი მოტყუებით დაეუფლა 500 ლარად ღირებულ ,,xiaomi-ის’’ მოდელის მობილურ ტელეფონს, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის განაჩენით:
3.1. გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 000 ლარი ჯარიმა;
3.2. გ. მ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3.3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, გ. მ–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 7000 ლარი;
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
4.1. პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ. მ–სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება, კერძოდ, მის მიმართ ჯარიმაზე მკაცრი სახის სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
4.2. მსჯავრდებულ გ. მ–ს ადვოკატებმა - ტ. კ–მ და თ. ჯ–მ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში, ცვლილების შეტანა, გ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, მის მიმართ ჯარიმაზე მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ პროკურორმა, მხოლოდ სასჯელის ნაწილში მისი დამძიმების კუთხით.
8.1. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს გ. მ–ს მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია - მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
9. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ გარემოებებზე, რომლებმაც გ. მ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის განსაზღვრა განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
9.2. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების, ასევე პატიმრობის ultima racio ხასიათის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია, გ. მ–სს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემთა ერთიან ბაზაში.
9.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება).
9.4. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „იმის განსაზღვრისას, საჭიროებდა თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, nos. 21447/11, 35839/11, §69; 27/02/2020).
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
13. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე