საქმე # 190100120003449801
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1176აპ-22 თბილისი
შ–ი მ., 1176აპ-22 5 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. შ–ს ადვოკატების ზ. რ–სა და ც. ტ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 სექტემბრის განაჩენით:
· მ. შ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. შ–ს განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 12 დეკემბრიდან;
· ნ. ბ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 12 დეკემბრიდან.
2. განაჩენის მიხედვით:
ü მ. შ–ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით და ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;
ü ნ. ბ–ს მსჯავრი დაედო ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
3. მ. შ–სა და ნ. ბ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: მ. შ–მა ნ. ბ–სთან ერთად განიზრახა წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მცხოვრები, მარტოხელა ა. ა–სის კუთვნილი 20000 ლარის დაუფლება. ამ მიზნით, ისინი, 2019 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე ნიღბებით მივიდნენ მის სახლთან. მ. შ–მა მოიმარჯვა ხის ნაჭერი, ხოლო ნ. ბ–მ ფეხის დარტყმით შეანგრია ფანჯარა და ორივემ უკანონოდ შეაღწია ბინაში. მ. შ–ი მყისიერად მივარდა მწოლიარე ა. ა–ს, ზემოდან დააჯდა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ითხოვდა ფულის ადგილსამყოფელის მითითებას, იმავე დროს, ძალადობდა სახეზე ბალიშის დაფარებით, ასევე, ურტყამდა ხელსა და ხის ნაჭერს. ნ. ბ–ე, მესაკუთრის მოსალოდნელი წინააღმდეგობის განეიტრალების პირობებში, ცდილობდა, მოეძებნა ფული. დაზარალებული არ ემორჩილებოდა მ. შ–ს მოთხოვნას თანხის გადაცემის შესახებ და შეძლებისდაგვარად უწევდა წინააღმდეგობას. მ. შ–სმა, ყაჩაღობის გაადვილების მიზნით, განიზრახა მისი მოკვლა, რის გამოც თავსა და სახეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხის ნაჭერი. მიყენებული დაზიანებების შედეგად ა. ა–სი გარდაიცვალა. თავდამსხმელებმა განაგრძეს ფულის ძებნა, მაგრამ ვერ მიაკვლიეს, რის შემდეგაც დატოვეს გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლი.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
- მსჯავრდებულმა მ. შ–სმა და მისმა ადვოკატებმა - ქ. ვ–მ და ც. ტ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ. შ–სის გამართლება;
- მსჯავრდებულ ნ. ბ–ს ადვოკატმა რ. ჩ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ნ. ბ–ს ქმედების ყაჩაღობიდან ქურდობაზე ან ძარცვაზე გადაკვალიფიცირება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. შ–ს ადვოკატებმა - ზ. რ–მა და ც. ტ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ. შ–ს გამართლება.
7. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი ზვიად ფხაკაძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ არ დაუშვას დაცვის მხარის საჩივრები, ხოლო დაშვების შემთხვევაში არ დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზების დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მ. შ–ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№. 2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
11. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. შ–სის ადვოკატების ზ. რ–სა და ც. ტ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე