Facebook Twitter

საქმე # 330100121004602939

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1213აპ-22 ქ. თბილისი

უ–ი ლ., 1213აპ-22 2 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. უ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: ბრალდების მხარემ წარმოადგინა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის - მოწმე პოლიციელების ჩვენებები და ლ. უ–ს საცხოვრებელ ბინის ჩხრეკის ოქმი, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მისი ბრალეულობა;

2. ლ. უ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ი–ის საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. უ–ს ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენასა და შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში: ლ. უ–მ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ საერთო წონით 11,04 გრამი, რასაც 2021 წლის 8 მარტს, საღამოს საათებში უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქალაქ თ–ში, ვ–ს მე-.. მ/რაიონის, მე-.. კვარტლის, მე-.. საჯარო სკოლის მიმდებარედ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ივლისის განაჩენით ლ. უ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ლ. უ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ლ. უ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია, ვინაიდან სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე არ არის წარმოდგენილი იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ლ უ–ს ბრალეულობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქმის მასალებით დგინდება, რომ საცხოვრებელ სახლში, რომელშიც ჩხრეკა ჩატარდა, ლ უ–ს გარდა, ასევე ცხოვრობდნენ - მისი მეუღლე ნ. მ–ი და მათი შვილები, ხოლო უშუალოდ საძინებელ ოთახში, საიდანაც ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - ლ უ–ი და ნ. მ–ი, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენდა მითითებული სახლი.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ლ. უ–სმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და, შესაბამისად, არ დაადასტურა, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა. ამასთან, სასამართლოში მოწმის სახით საერთოდ არ დაკითხულა საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე - ნ. მ–ი (ბრალდების მხარემ მოხსნა მოწმეთა სიიდან), რომელიც მონაწილეობდა ჩხრეკაში და ხელს აწერს ჩხრეკის ოქმს. გარდა ამისა, ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებსა და მათ შესაფუთ მასალებზე არ ჩატარებულა შესაბამისი ბიოლოგიური (გენეტიკური), თუ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, ასევე - წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, რომ ლ უ–სმა მოიხმარა, ან წარსულში იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი (არ ჩატარებულა ლ. უ–ს ნარკოლოგიური ექსპერტიზა). ლ. უ–ის მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი არ დასტურდება არც მისი ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ ინფორმაციით.

12. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, კერძოდ: იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საცხოვრებელ სახლში ლ. უ–ის გარდა, ასევე ცხოვრობდა მისი მეუღლე - ნ. მ–ი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება სწორედ ლ. უ–ს ეკუთვნოდა, ან იმ ადგილას, საიდანაც ნივთიერება ამოიღეს მხოლოდ მას ჰქონდა წვდომა. აღნიშნული წარმოადგენს ბრალდების მხარის ვარაუდს და არ დასტურდება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი