საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1218აპ-22 თბილისი
კ-ა ე., 1218აპ-22 11 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის განაჩენით ე. კ-ა, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2022 წლის 30 ივნისიდან.
2. განაჩენის მიხედვით, ე. კ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებაში.
3. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ე. კ-ა 2020 წლის 30 მარტს, თ-ში, ხ-სა და ვ-ას ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
- მსჯავრდებულ ე. კ-ას ადვოკატმა თ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ე. კ-ას გამართლება.
- თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ე. კ-ასათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის განაჩენი გაუქმდა; ე. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან. მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ე. კ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ე. კ-ას ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენაში, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამასთან, დამატებით მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, რომელიც განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე