საქმე # 080100120003871281
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1235აპ-22 ქ. თბილისი
გ. მ. 1235აპ-22 29 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. დ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ე.ი. ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 2232-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 12 მარტს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ. ჭ–ში, ს–ს გზატკეცილის №..-ში მდებარე შპს „...ჯგუფის“ ............. ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში, ჯ. ი–მა და გ. წ–მ, როგორც ,,ქურდული სამყაროს“ წევრებმა ორგანიზება გაუკეთეს „ქურდულ შეკრებას“, რა დროსაც ამ უკანასკნელებმა კატეგორიულად მოსთხოვეს დ. ჭ–ს თავიანთი მოთხოვნის შესრულება, კერძოდ, მანგანუმის შემცველი ნედლეულით დატვირთული თითოეული სატვირთო ავტომანქანის გატარებაში 150-200 ლარის გადახდა. „ქურდულ შეკრებაზე“ მყოფმა მ. გ–მა, თავისი აქტიური მოქმედებით მხარი დაუჭირა „ქურდულ სამყაროს“, დ. ჭ–ს დაუდასტურა ჯ. ი–სა და გ. წ–ს მოთხოვნის სისწორე, მისი შესრულების აუცილებლობა და ამასთან განუმარტა, რომ დ. ჭ–სის მიერ გადახდილი ფულადი თანხები უნდა მოხმარეობოდა „ქურდულ სამყაროს“. გარდა ამისა, მ. გ–მა დ. ჭ–ს განუცხადა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრების მოთხოვნა უნდა შეესრულებინა იმის მიუხედავად, მიიღებდა თუ არა იგი შემოსავალს თავისი საქმიანობიდან.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენით მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.1. მსჯავრდებულ მ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 12 ივლისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
4.1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა დავით სიმონიამ მითხოვა მსჯავრდებულ მ. გ–სათვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელის შეფარდება. იმავდროულად, მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის საოქმო გადაწყვეტილების გაუქმება და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე დართული DVD-R დისკის (2020 წლის 12 მარტის შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერის) დასაშვებად ცნობა და მისი სააპელაციო სასამართლოში გამოკვლევა.
4.2. მსჯავრდებულ მ. გ–ს ადვოკატმა გ. დ–მა მოითხოვა მ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობა.
4.3. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ადვოკატმა გ. დ–მა და მოითხოვა, რომ უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორის მოთხოვნა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გ-ს ადვოკატმა გ. დ–სმა, რომელიც ითხოვს მ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება, იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმე დ. ჭ–ს ჩვენებით, ვიდეოჩანაწერითა და წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ. გ–ს მიერ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ე.ი. ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 2232-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მტკიცებას, რომ მას არანაირი შეხება არ აქვს კრიმინალურ სამყაროსთან, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 12 მარტის შეხვედრის ამსახველი აუდიო ვიდეო-ჩანაწერითა და შესაბამისი კრებსით დასტურდება, რომ ერთმანეთს შეხვდნენ დ. ჭ–ი, ჯ. ი–ი, გ. წ–ე და მამაკაცები, რომელთაგან ერთ-ერთი არის მ. გ–სი, საუბარი კი ეხებოდა - ,,კაი ბიჭებს“, ,,ქუჩის ბიჭებს“, ,,ზონაზე გასაგზავნ თანხებს“ და დ. ჭ–ს მიერ კონკრეტული თანხის გადახდას, რათა იგი სხვა პირებმა აღარ შეაწუხონ, რაშიც (დ. ჭ–ს დარწმუნებაში, გადაეხადა მოთხოვნილი თანხა) აქტიურ მონაწილეობას იღებდა მ. გ–სი.
11. რაც შეეხება იმ საკითხს, რამდენად კანონიერად გამოიკვლია სააპელაციო სასამართლომ DVD-R დისკი, მასში არსებული 2020 წლის 12 მარტის შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერით, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმიდან (განმარტა, რომ სადავო დისკი არის დედანი, რომელიც საექსპერტო დაწესებულებაში იქნა გადაგზავნილი ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით), საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
11.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გამოიკვლია დისკი, სადაც უნდა ყოფილიყო კონკრეტული შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, თუმცა მასზე არ აღმოჩნდა სადავო ჩანაწერი (17:12:42).
11.2. 2021 წლის 8 თებერვალს პროკურორმა დავით სიმონიამ საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის საფუძველზე შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნისა და მასზე დართული 2 დისკის დამატებით მტკიცებულებად დაშვება.
11.2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის სხდომის ოქმის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: დასაშვებად იქნა ცნობილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა თანმხლები წერილებით და ბრალდებულ მ. გ–ს სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი CD-R დისკზე, როგორც სადავო მტკიცებულებები და მოწმედ დასაკითხ პირთა სიას დაემატა ექსპერტი - დ. გ–ი, ხოლო შუამდგომლობა დედნის სახით წარმოდგენილი, 2020 წლის 12 მარტის შეხვედრის ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერის, DVD-R დისკის სისხლის სამართლის საქმეზე დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
11.2.3. DVD-R დისკთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეს ერთვის DVD-R დისკი, რაც გამოკვლეული იქნა სასამართლო პროცესზე, კერძოდ, გაიხსნა და დადგინდა, რომ მასზე არ აღმოჩნდა ჩანაწერი (დაფიქსირდა არა ხარვეზი, არამედ დისკზე საერთოდ არ აღმოჩნდა ჩანაწერი), შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ დედანის სახით მტკიცებულების დართვა ეს უკვე ახალი მტკიცებულებაა, რომელიც სხდომაზე გამოკვლეული იქნა, რის გამოც აღნიშნული დისკი არ უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს (10:55:06).
11.3. პროკურორმა დავით სიმონიამ სააპელაციო საჩივართან ერთად იშუამდგომლა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის საოქმო გადაწყვეტილების გაუქმება და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე დართული DVD-R დისკის (2020 წლის 12 მარტის შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერის) დასაშვებად ცნობა და მისი სააპელაციო სასამართლოში გამოკვლევა.
11.3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის სხდომის ოქმის თანახმად, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა, 2021 წლის 11 მარტის პირველი ინსტანციის სხდომის საოქმო განჩინების გაუქმების, DVD-R დისკის დაუშვებლად ცნობის ნაწილში და სააპელაციო სხდომაზე აღნიშნული დისკის გამოკვლევის თაობაზე დაკმაყოფილდა (15:18:10).
11.3.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმე - მ. გ–ს მიმართ, გამოყოფილია ძირითადი საქმიდან - ჯ. ი–სა და გ. წ–ს მიმართ, ამდენად, დედანი დისკი ორივე სისხლის სამართლის საქმეს ვერ დაერთვებოდა, ასევე ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო დედან დისკზე და არა მის ასლზე, შესაბამისად, სადავო DVD-R დისკი, რომელზეც ასახულია - 2020 წლის 12 მარტის შეხვედრა, არ წარმოადგენს ახალ მტკიცებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის საოქმო გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც სახელმწიფო ბრალმდებელს უარი ეთქვა წარდგენილი დისკის დასაშვებად ცნობაზე (15:19:17).
11.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით და ვადაში სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაეცვალა 2020წლის 12 მარტის დ. ჭ–სის, ჯ. ი–ს, გ. წ–ს და სხვების შეხვედრის ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების დაბეჭდილი კრებსი ( პ. 79); 2020წლის 12 მარტს დ. ჭ–სის, ჯ. ი–ს, გ. წ–ს და სხვების შეხვედრის ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის ამსახველი მასალა დაბეჭდილი ტექსტური კრებსისა და ვიდეო-აუდიო ჩანაწერის სახით ( პ. 97). ამავე ოქმის თანახმად, დაცვის მხარეს სატელეფონოკომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის ამსახველი აუდიო მასალა და ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერის ამსახველი ვიდეო-აუდიო მასალა სრული მოცულობით გადაეცა 3 ცალი DVD-R დისკზე ჩაწერილი სახით, რომლებიც შემოწმებული იქნა პერსონალური კომპიუტერის საშუალებით და აღნიშნული მასალა აღმოჩნდა სრულად ჩაწერილი ხარვეზის გარეშე (იხ. ტ.6, გვ 160-169). საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი აღნიშნული სადავო DVD-R დისკის (მასზე არსებული ინფორმაციის) გამოკვლევა ვერ განხორციელდა ტექნიკური ხარვეზის გამო.
11.4.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ კასატორის მიერ მითითებული სადავო DVD-R დისკი არ წარმოადგენდა ახალ მტკიცებულებას და შესაბამისად, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას სადავო DVD-R დისკზე არსებული ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის უკანონობის შესახებ.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით და ვადაში სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაეცვალა 2020წლის 12 მარტის დ. ჭ–ს, ჯ. ი–ს, გ. წ–ს და სხვების შეხვედრის ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების დაბეჭდილი კრებსი ( პ. 79); 2020წლის 12 მარტს დ. ჭ–ს, ჯ. ი–ს, გ. წ–სის და სხვების შეხვედრის ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის ამსახველი მასალა დაბეჭდილი ტექსტური კრებსისა და ვიდეო-აუდიო ჩანაწერის სახით ( პ. 97). ამავე ოქმის თანახმად, დაცვის მხარეს სატელეფონოკომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის ამსახველი აუდიო მასალა და ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერის ამსახველი ვიდეო-აუდიო მასალა სრული მოცულობით გადაეცა 3 ცალი DVD-R დისკზე ჩაწერილი სახით, რომლებიც შემოწმებული იქნა პერსონალური კომპიუტერის საშუალებით და აღნიშნული მასალა აღმოჩნდა სრულად ჩაწერილი ხარვეზის გარეშე (იხ. ტ.6, გვ 160-169). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ კასატორის მიერ მითითებული სადავო DVD-R დისკი არ წარმოადგენდა ახალ მტკიცებულებას და შესაბამისად, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას სადავო DVD-R დისკზე არსებული ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის უკანონობის შესახებ.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. დ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე