Facebook Twitter

საქმე # 180100122005844909

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №123აპ-23 ქ. თბილისი

კ. რ. 123აპ-23 23 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 29 იანვარს, შუაღამისას, ზუსტი დრო დაუდგენელია, მ–ს რაიონის სოფელ წ–ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი რ. კ–სი, სრულიად უმიზეზოდ განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მიზნით, ფიზიკურად გაუსწორდა დედას - ს. კ–ს, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა ხის სკამი თავის, სახისა და ტანის არეში, კერძოდ, მიაყენა სისხლმდენი ნახეთქი ჭრილობები კეფის მარჯვენა ნახევარში და შუბლის მიდამოში (წარბზე), მარჯვნივ საფეთქლის ძვლის მოტეხილობით იოლი იმპრესიით, სუბდურული ჰემატომა მარჯვნივ შუბლ-საფეთქლის მიდამოს შესაბამისად, რის შედეგადაც ს. კ–მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. რ. კ–ს მიერ მიყენებული დაზიანებით ს. კ–სი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა მ–ს ,,.......ში“, სადაც მკურნალობას გადიოდა 2022 წლის 11 თებერვლამდე.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენით:

3.1. რ. კ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. მსჯავრდებულ რ. კ–ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 29 იანვრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. კ–მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და უდანაშაულოდ ცნობა.

4.1. მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ და მოითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. კ–მა და მოითხოვა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. ამასთან, მსჯავრდებული მიუთითებს, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და მხოლოდ ცდილობდა დედას - ს. კ–ს არ მიეყენებინა თვითდაზიანება, რადგან იყო მთვრალი და ძალიან აგრესიული, თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარება და პოლიცია. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ ჩატარდა სრულყოფილად.

6.1. 2023 წლის 10 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულმა რ. კ–მა და წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული დაზარალებულის თანხმობის ასლები.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მსჯავრდებული ითხოვს მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, ამასთან მიუთითებს, რომ მას მსჯავრად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას რ. კ–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ ს. კ–ს, მოწმეების: მ. კ–ს, ა. თ–ს, ა. პ–ს, ი. ყ–ს, ხ. ო–ს, ზ. რ–ს, ი. ბ–ს, დ. ბ–ს, ა. ბ–ს, ბ. გ–ს, ლ. ხ–ს, ზ. მ–ს, გ. მ–ს, მ. მ–ს, დ. ლ–ს, ს. ბ–ს ჩვენებები, 2022 წლის 29 იანვრის N........ შეტყობინება, 2022 წლის 29 იანვრის N....... შეტყობინება, 2022 წლის 29 იანვრის დათვალიერების ოქმები, 2022 წლის 28 აპრილის ს. კ–სის სამედიცინო დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმი, 2022 წლის 21 თებერვლის ვითარების აღდგენის ოქმი, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნა, ბიოლოგიური(გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N.......... დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნა, ბიოლოგიური(გენეტიკური სეროლოგიური) ექსპერტიზის N......... დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N........... დასკვნა, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, ამოღების ოქმები, ნიმუშის აღების ოქმები და სხვა მტკიცებულებები), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ რ. კ–სმა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული დანაშაული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ. კ–სის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენა, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, გარდა დაზარალებულ ს. კ–სის პირდაპირი მამხილებელი ჩვენებისა (სადაც დაზარალებული დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერს რ. კ–სის მიერ ჩადენილ ქმედებებს ), მათ შორის, დასტურდება ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების - ი. ყ–სა და ხ. ო–ს ჩვენებებითა (რომელთა თანახმად, 2022 წლის 29 იანვარს გზაზე შეხვდათ ს. კ–სი, რომელიც იყო სისხლიანი, ტიროდა და ითხოვდა სასწრაფოსა და პოლიციის დახმარებას, ვინაიდან მისმა შვილმა რ. კ–მა სცემა სახლში უმოწყალოდ და ყველაფერი სტკიოდა) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები(სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით ს. კ–ს აღენიშნება დაზიანებები: სისხლმდენი ნახეთქი ჭრილობები კეფის მარჯვენა ნახევარში და შუბლის მიდამოში (წარბზე), სისხლნაჟღენთები (კანქვეშა ჰემატომა) მარჯვენა თვალბუდის მიდამოში, სისხლნაჟღენთები ზურგის მიდამოში, მრავლობითი ექსკორაციები სახის არეში და სხეულზე. ,,მცირე ზომის ჭრილობა“ მარჯვენა მტევნის მე-4 და მე-5 ფალანგს შორის. კომპიუტერულ - ტომოგრაფიული გამოკვლევით დაუდგინდა მარჯვნივ საფეთქლის ძვლის მოტეხილობა იოლი იმპრესიით, სუბდურული ჰემატომა მარჯვნივ შუბლ-საფეთქლის მიდამოს შესაბამისად, კანქვეშა ჰემატომები მარჯვნივ თვალბუდის, კეფის, ორმხრივ შუბლის და თხემის არეში. წელის I-II-III (LI,L2,L3) მალების განივი მორჩების მოტეხილობა მარცხნივ; საფეთქლის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა მარჯვნივ, თხელი სუბდურული ჰემატომა მარჯვნივ ფრონტალურ კონვექსზე, L1sin, L2sin, L3sin განივი მორჩების მოტეხილობები. დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან - 2022 წლის 29 იანვარი წინააღმდეგობაში არ არის; მარჯვენა მტევნის მე-4 და მე-5 ფალანგს შორის არსებული ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით; სისხლმდენი ნახეთქი ჭრილობები კეფის მარჯვენა ნახევარში და შუბლის მიდამოში (წარბზე), მარჯვნივ საფეთქლის ძვლის მოტეხილობა იოლი იმპრესიით, სუბდურული ჰემატომა მარჯვნივ შუბლ-საფეთქლის მიდამოს შესაბამისად – მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს 2022 წლის 29 იანვარს. წელის I-II-III ( L1sin, L2sin, L3sin) მალების განივი მორჩების მოტეხილობა მარცხნივ, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს 2022 წლის 29 იანვარს).

11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბიოლოგიური(გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნებს(N............ და N..........). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ ს. კ–სის სახლიდან ამოღებულ ნივთებზე (რომლებზეც დაზარალებულმა მიუთითა, რომ რ. კ–მა გამოიყენა მისთვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებისას), კერძოდ,

11.1. მოწითალო ფერის ქსოვილის ჩანთაზე, რკინის ჯოხზე (ე.წ. „მაშა“), მოთავსებულ მოშავო ფერის მეტალის საგანზე მოხრილი ბოლოს მიმდებარედ და სახელურზე, არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს. კ–სს (იხ.:ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N.........დასკვნა);

11.2. რ. კ–სის გენეტიკური პროფილი შედარდა ექსპერტის N........... დასკვნაში არსებულ გენეტიკურ პროფილებს. სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ დამტვრეული სკამის (ამოღებული ს. კ–ს სახლის მეორე საძინებელი ოთახის ზედაპირიდან) მოყავისფრო ხისმაგვარი მასალის სკამის დასაჯდომსა და ზედა ნაწილებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ამავე სკამის ფეხებსა და ხისმაგვარი მასალის დამტვრეულ ნაწილებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის რ. კ–სს (იხ.: ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის N........).

12. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ვერსიას მომხდარ ფაქტებთან მიმართებით, ვინაიდან აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება. ამასთან, სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე ობიექტური გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

13. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მტკიცებას მისი უდანაშაულობის შესახებ იმაზე მითითებით, რომ მან თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარება და პოლიცია დედის დასახმარებლად, რომელიც ცდილობდა თვითდაზიანებების მიყენებას, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 29 იანვარს 00:41 საათზე განხორციელებული შეტყობინების N........... თანახმად - ..........ის პოლიციის დეპარტამენტის წ–ს პოლიციის განყოფილების სამორიგეოში შევიდა შეტყობინება, ინიციატორი იყო რ. კ–სი, რომელმაც განმარტა, რომ სასწრაფო ჰყავდა გამოძახებული და რადგან ბრიგადა არ იყო გასული ამბობდა, რომ მაკრატელს ჩაირტყამდა, თავს რამეს დაუშავებდა(იხ. ტ.1, ს.ფ. 2). მოწმის სახით დაკითხვისას ი. ყ–მა კი განმარტა, რომ მუშაობს სოფელ წ–ს ახალ დასახლებაში მდებარე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში ექიმის თანამდებობაზე, 2022 წლის 29 იანვარს იყო მორიგე, რა დროსაც შეუვიდათ შეტყობინება სოფელ წ–ში მცხოვრებ რ. კ–სგან, რომელიც იტყობინებოდა, რომ თუ არ მივიდოდა სასწრაფო, აპირებდა სუიციდის მცდელობას.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კასატორის მტკიცება მისი უდანაშაულობის შესახებ, ხოლო მამხილებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება რ. კ–ს მიერ მისთვის შერაცხული - საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული - დანაშაულის ჩადენა.

15. რაც შეეხება რ. კ–ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და რ. კ–ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა(2022 წლის 29 იანვარს - დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით), რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მათ შორის დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით), შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

17. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

19. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე