საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1242აპ-22 თბილისი
კ–ი-ჭ–ა ი., 1242აპ-22 30 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ გიორგი ჯავარაშვილისა და მსჯავრდებულ ი. კ–ი–ჭ–ს ადვოკატ ზ. კ–მის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 იანვრის განაჩენით ი. კ–ი–ჭ–ა, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მითვისებისა და გაფლანგვის ეპიზოდებში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თითოეულისათვის - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2-2 წლით ჩამოერთვა მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. კ–ი–ჭ–ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2022 წლის 31 იანვრიდან. მასვე 2 წლით ჩამოერთვა მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.
2. განაჩენის მიხედვით, ი. კ–ი–ჭ–ს მსჯავრი დაედო:
ü სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში;
ü სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o 2014-2018 წლებში, შპს „............. ინსტიტუტის“ მთავარმა ბუღალტერმა (ბუღალტერ-ფინანსისტი) - ი. კ–ი–ჭ–ამ, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა საზოგადოების თანამშრომლებისათვის სახელფასო უწყისებისა და ბრძანებებით განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად ფიქსირებული ხელფასების გადარიცხვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ხელფასის სახით ჩაირიცხა 230128.12 ლარი, მაშინ როდესაც, ამავე პერიოდში მას ხელფასის სახით უნდა მიეღო 95698.22 ლარი, რითაც მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, შპს „.........ს ინსტიტუტის“ კუთვნილი, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული 134429.90 ლარი;
o 2014-2018 წლებში, შპს „................ ინსტიტუტის“ მთავარმა ბუღალტერმა (ბუღალტერ-ფინანსისტი) - ი. კ–ი–ჭ–ამ, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა საზოგადოების თანამშრომლებისათვის სახელფასო უწყისებისა და ბრძანებებით განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად ფიქსირებული ხელფასების გადარიცხვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ამავე საზოგადოების სახელმწიფო პროგრამის მართვის მენეჯერს - თ. ჩ–ს, ხელფასის სახით ნაცვლად 99555.88 ლარისა, ჩაურიცხა 117749.53 ლარი, რითაც მან თ. ჩ–ს სასარგებლოდ, მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგა შპს „............. ინსტიტუტის“ კუთვნილი, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული 18193.65 ლარი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. კ–ი–ჭ–ს ადვოკატმა ზ. კ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 იანვრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ი. კ–ი–ჭ–ს ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან (მითვისებისა და გაფლანგვის ეპიზოდები) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 220-ე მუხლზე (ორი ეპიზოდი). ი. კ–ი–ჭ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (ორ ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თითოეულისათვის 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2-2 წლით ჩამოერთვა მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. კ–ი–ჭ–ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2022 წლის 31 იანვრიდან. მასვე 2 წლით ჩამოერთვა მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.
6. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ი. კ–ი–ჭ–ს მსჯავრი დაედო:
ü ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ü ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
− მსჯავრდებულ ი. კ–ი–ჭ–ს ადვოკატმა ზ. კ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ი. კ–ი–ჭ–ს გამართლებას;
− საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ი. კ–ი–ჭ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორ ეპიზოდში) და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
8. მსჯავრდებულ ი. კ–ი–ჭ–ს ადვოკატი ზ. კ–მე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს: სასამართლომ არ დააკმაყოფილოს პროკურორის საჩივარი; გააუქმოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი და ი. კ–ი–ჭ–ს მიმართ დაადგინოს გამამართლებელი განაჩენი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზების დასკვნები, რევიზიების აქტები და სხვა მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ი. კ–ი–ჭ–ს ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან (მითვისებისა და გაფლანგვის ეპიზოდები) გადააკვალიფიცირა ამავე კოდექსის 220-ე მუხლზე (ორივე ეპიზოდი) და იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (ორ ეპიზოდში). ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება (როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში), რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
12. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ გიორგი ჯავარაშვილისა და მსჯავრდებულ ი. კ–ი–ჭ–ს ადვოკატ ზ. კ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე