საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1243აპ-22 ქ. თბილისი
ბ-ი მ., 1243აპ-22 2 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მუკბანიანისა და მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჭ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ბ-ს ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა და ტარება; გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით; ნივთის დაზიანება, ე.ი. სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.
2. აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
· მ. ბ-მა განიზრახა, ჯ. ტ-ისაგან თანხის გამოძალვით მიეღო დიდი ოდენობით ქონებრივი სარგებელი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, გაიგო რა, რომ ჯ. ტ-ს განქორწინებიდან მიღებული ჰქონდა 5 000 აშშ დოლარამდე თანხა, მ. ბ-ი 2019 წელს პენიტენციური დაწესებულებიდან სისტემატურად უკავშირდებოდა მას და ფიზიკური განადგურების მუქარით სთხოვდა 5 000 აშშ დოლარის გადახდას. აღნიშნული გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც მ. ბ-მა დატოვა პენიტენციური დაწესებულება. 2020 წლის ზაფხულში გ–ს რაიონის სოფელ ჩ–ში მ. ბ-მა იმ მოტივით, რომ ჯ. ტ-ი არ ასრულებდა თავის პირობას თანხის გადაცემის თაობაზე, მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, 2021 წლის მარტის შუა რიცხვებში გ–ს რაიონის სოფელ ჩ–ში მ. ბ-მა ჯ. ტ-ს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით კვლავ მოსთხოვა 5 000 აშშ დოლარის (იმ დროს მოქმედი კურსით – 16 600 ლარის) გადაცემა.
· მ. ბ-მა განიზრახა ცეცხლის წაკიდებით გ-ის რაიონის სოფელ ჩ-ში მდებარე, დ. გ-ისა და ნ. გ-ის, 183 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლის განადგურება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2021 წლის 20 აპრილს მან გ-ის რაიონის სოფელ ჩ-ში მდებარე, დ. გ-ისა და ნ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში, აივანზე გამავალი ფანჯრის შიდა მხარეს, წვად მასალას წაუკიდა ცეცხლი. ხანძრის შედეგად დაზიანდა დ. გ-ისა და ნ. გ-ის საცხოვრებელი სახლის 33 000 ლარად ღირებული ნაწილი.
· მ. ბ-მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიანი, „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტი, იმავე პისტოლეტისათვის განკუთვნილი მჭიდი და ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრიანი 7 ცალი ვაზნა. ხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას მ. ბ-ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, რა დროსაც ამოიღეს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა 2021 წლის 30 ივნისს ქ. თ-ში, მ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განაჩენით მ. ბ-ი, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; მის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. მ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 30 ივნისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: მ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში; მ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-მა განიზრახა, მიეღო ქონებრივი სარგებელი ჯ. ტ-ისაგან თანხის გამოძალვით. 2019 წელს პენიტენციური დაწესებულებიდან იგი სისტემატურად უკავშირდებოდა მას და ფიზიკური განადგურების მუქარით სთხოვდა თანხის გადახდას. აღნიშნული გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც მ. ბ-მა დატოვა პენიტენციური დაწესებულება. 2021 წლის მარტის შუა რიცხვებში გ-ის რაიონის სოფელ ჩ-ში მ. ბ-მა ჯ. ტ-ს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით კვლავ მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი გიორგი მუკბანიანი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას, მ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
7. მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ჭ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და მ. ბ-ის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სსკ-ის 187-ე და 236-ე მუხლებით გამართლების ნაწილში – გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი (მაგ. სუსგ №294აპ-15, №615აპ-21, №53აპ-22, №872აპ-22, №1115აპ-22, №795აპ-20, №1004აპ-19, №779აპ-19). ამასთან, მხარეები ვერ უთითებენ იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მ. ბ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ არის დადასტურებული. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მ. ბ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების იმავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მ. ბ-მა ჩაიდინა გამოძალვა, თუმცა მისი მხრიდან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოთხოვნა არ არის გამყარებული არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, გარდა დაზარალებულ ჯ. ტ-ის ჩვენებისა.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულის სრულად გამართლების თაობაზე, ვინაიდან მ. ბ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადასტურებულია დაზარალებულ ჯ. ტ-ის, მოწმეების – შ. ტ-ის, მ. ტ-ის, ა. ტ-ის ჩვენებებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილით, შპს „მ-დან“ და შპს „ს-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციითა და ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერების ოქმებით. ამასთან, დაზარალებულისა და ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ისინი შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მათი საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი არ გააჩნია.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მ. ბ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირება, ხოლო სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში – გამართლება მართებულად მიაჩნია. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
13. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორთა პრეტენზიებსაც ასევე დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ გიორგი მუკბანიანისა და მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე