Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1244აპ-22 თბილისი

კ-ე გ., 1244აპ-22 2 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის განაჩენით გ. კ-ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 380 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ხოლო 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 13 აგვისტოსა და 22 სექტემბრის ეპიზოდებში) - თითოეულისათვის - 200-200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ-ს განესაზღვრა 380 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 23 სექტემბრიდან იმავე წლის 30 სექტემბრამდე და პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, სასჯელი შეუმცირდა 40 საათით და საბოლოოდ განესაზღვრა 340 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

2. განაჩენის მიხედვით, გ. კ-ეს მსჯავრი დაედო:

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ;

ü სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2019 წლიდან 2020 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდში ა-ის მუნიციპალიტეტის დაბა ა-სა და ა-ში, გ-ის ქუჩის №--ში მდებარე თავისავე საცხოვრებელ სახლებში, ყოფითი უთანხმოების ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, გ. კ-ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და ამცირებდა წინასწარი შეცნობით თავის არასრულწლოვან შვილს - მ. კ-ეს და მეუღლეს - ო. კ-ს, რითაც დაზარალებულები განიცდიდნენ ტანჯვას;

o 2020 წლის 13 აგვისტოს, ღამით, ა-ის მუნიციპალიტეტის დაბა ა-ში მდებარე თავისავე საცხოვრებელ სახლში, ყოფითი უთანხმოების ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, გ. კ-ე ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის არასრულწლოვან შვილს, მ. კ-ეს, კერძოდ: დაემუქრა ხელის თითების დამტვრევითა და თავის მოჭრით, რითაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

o 2020 წლის 22 სექტემბერს, ღამით, ა-ში, გ-ის ქუჩის №--ში მდებარე თავისავე საცხოვრებელ სახლში, ყოფითი უთანხმოების ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, გ. კ-ე ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის არასრულწლოვან შვილს - მ. კ-ეს, კერძოდ: დაემუქრა ხელის თითების დამტვრევითა და თავის მოჭრით, რითაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

- მსჯავრდებულმა გ. კ-ემ და მისმა ადვოკატმა ე. ა-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. კ-ის გამართლება;

- ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება სასჯელის ნაწილში და გ. კ-ისათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; გ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (ორ ეპიზოდში) და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

7. მსჯავრდებულ გ. კ-ის ადვოკატი ე. ა. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ არ გაიზიაროს პროკურორის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და გ. კ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

11. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ გ. კ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს. ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე