საქმე # 330100122005749294
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №124აპ-23 ქ. თბილისი
ს–ა თ., 124აპ-23 23 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ს–სიას ინტერესების დამცველი ადვოკატის ო. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ს–ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 15:30 საათზე თ. ს–სია ქ. თ–ში, წ–ს გამზირი №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავ №.. საქალაქო ავტობუსში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა დ. ნ–ს 25 ლარად ღირებულ საფულეს, რომელშიც მოთავსებული იყო ფულადი თანხა 25 ლარი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პლასტიკური ბარათები. თ. ს–ს დანაშაულებრივი ქმედებით დ. ნ–ს მიადგა 50 ლარი ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით:
3.1. თ. ს–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2022 წლის 4 აპრილიდან 2022 წლის 4 ივლისის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარი;
3.2. თ. ს–ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. გ–მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და თ. ს–სიას უდანაშაულოდ ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. გ-მ და მოითხოვა საჩივრის დასაშვებად ცნობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და თ. ს–ს გამართლება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ თ. ს–ს მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ დადგინდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალში არ ჩანს და არ დასტურდება, რომ თ. ს–მ ნამდვილად მოიპარა დაზარალებულის საფულე და მერე იქვე დააგდო გაჩერებაზე, არასარწმუნო და არასანდოა პოლიციელთა ჩვენებები, რადგან ისინი დაინტერესებული მხარეა.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც თ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას თ. ს–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ დ. ნ–ს, მოწმეების ლ. ჭ–ს, ა. გ–ს, ბ. ჭ–ს, ნ. ქ–ს, ქ. ჯ–ს, თ. ხ–ს, თ. ბ–ს, ს. შ–ს, გ. პ–ს და ს. ლ–ს გამოკითხვის ოქმები, ლ. ჭ–სგან ამოღებული დ. ნ–ს შავი ფერის ტყავის საფულე და ფულადი თანხა, პირადი ნივთები, დათვალიერებისას კომპიუტერულ დისკზე გადატანილი ინფორმაცია, ამოღების ოქმი, ობიექტის ამოცნობის ოქმი და სხვა მტკიცებულებები), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ თ. ს–მ ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული დანაშაული.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ. ს–ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი, გარდა პოლიციელთა: ლ. ჭ–ს, ბ. ჭ–ს და ა. გ–ს პირდაპირი მამხილებელი ჩვენებებისა (სადაც პოლიციელები დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერენ თ. ს–ს მიერ ჩადენილ ქმედებას), მათ შორის, დასტურდება ასევე შპს „...... ფარმას“ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებითა და 2022 წლის 14 აპრილის დათვალიერების ოქმით (რომელთა თანახმად, ჩანაწერში ასახულია თუ როგორ ჩერდება ლურჯი ფერის N.. ავტობუსი, შუა კარიდან ჩამოდის შუა ხნის მამაკაცი, აცვია მუქი ფერის ტანისამოსი, თავზე მუქი ფერის ქუდით და ჩამოსვლისთანავე აკავებენ პოლიციელები, დაკავებული პირი ძირს, ასფალტზე აგდებს შავი ფერის საფულეს, რომელსაც იღებს პოლიციის თანამშრომელი), ლ. ჭ–საგან საფულის ამოღების 2022 წლის 4 აპრილის ოქმით, დაზარალებულ დ. ნ–ს გამოკითხვის ოქმითა და 2022 წლის 4 აპრილის ამოცნობის ოქმით, რომლის თანახმადაც დაზარალებულმა ამოიცნო თავისი კუთვნილი საფულე.
12. ამასთან, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აბსტრაქტულად იმის მტკიცება, რომ პოლიციელთა, როგორც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა, ჩვენებები ყველა შემთხვევაში არის სუბიექტური - დაუსაბუთებელია. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 განაჩენი; 2020 წლის 6 ოქტომბრის N355აპ-20 განაჩენი; 2021 წლის 10 მარტის N658აპ-20 განჩინება; 2021 წლის 30 ივნისის №197აპ-21 განაჩენი). მოცემულ შემთხვევაში, მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია, ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგებიან არც ერთმანეთს და არც საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს(შპს „..... ფარმას“ ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი), არ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესება;
13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში თ. ს–ს ბრალეულობის თაობაზე აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ო. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე