საქმე # 060100122005819027
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1273აპ-22 ქ. თბილისი
ჯ–ე გ., 1273აპ-22 15 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას მის მიმართ ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი არგუმენტებით: გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ა. წ–მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის - გ. ჯ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მოწმეების: ს. წ–ს, თ. კ–ს, მ. წ–ს, თ. ჯ–ს და ც. ჯ–ს ჩვენებებით, ა. წ–სას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ჯ–ს ბრალეულობა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ჯ–ს ბრალად ედება: თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით, სასტიკი მოპყრობით და მისი პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი გენდერის ნიშნით; გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი).
გ. ჯ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის 10 აპრილამდე პერიოდში, სხვადასხვა დროს, გ. ჯ–მ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, უმიზეზოდ, სასტიკი მოპყრობით, პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით, თვითმკვლელობის ცდამდე მიიყვანა თავისი მეუღლე - ა. წ–სა, რომელმაც 2022 წლის 10 აპრილს, საღამოს საათებში, ს–ს რაიონის სოფელ ჩ–ში მდებარე მშობლების საცხოვრებელ სახლში სცადა თვითმკვლელობა, კერძოდ, ყელსახვევის გამოყენებით სცადა თავის ჩამოხრჩობა. ამ დროს იგი შეამჩნიეს ოჯახის წევრებმა და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაეწია სამედიცინო დახმარება და გადარჩა.
- 2021 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ს–ში, რ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ნაქირავებ ბინაში, გ. ჯ–მ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, უმიზეზოდ განაწყენებულმა, თვალებში ხელი დაარტყა და გვერდებში ფეხები ჩაარტყა თავის მეუღლეს - ა. წ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2021 წლის 15 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ს–ში, რ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ნაქირავებ ბინაში, გ. ჯ–მ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, უმიზეზოდ განაწყენებულმა, არასრულწლოვანი შვილის - ქ. ჯ–ს თანდასწრებით, თავის მეუღლეს - ა. წ–ს ხელი დაარტყა სახისა და ბეჭის არეში, ხოლო შემდეგ ნიკაპზე უკბინა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2022 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ს–ში, რ–ს ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, გ. ჯ–მ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, უმიზეზოდ განაწყენებულმა, თავის მეუღლეს - ა. წ–ს სახეში დაარტყა ხელი და თმაში ძლიერად მოქაჩა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2022 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. ს–ში, რ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ნაქირავებ ბინაში, გ. ჯ–მ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, უმიზეზოდ განაწყენებულმა, თავის მეუღლეს - ა. წ–ს გულმკერდის არეში ჩაარტყა ფეხი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენით გ. ჯ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა: საქართველოს სსკ-ის 111, 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 6 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 7 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 15 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა გ. ჯ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
გამართლებულ გ. ჯ–ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით,უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას წარდგენილ ბრალდებებში გ. ჯ–ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, კერძოდ:
9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირმა, დაზარალებულმა - ა. წ–მ (გ. ჯ–ს მეუღლემ) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, მეუღლის - გ. ჯ–ს წინააღმდეგ. ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოება, რის გამოც სასამართლო დაზარალებულის მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
10. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უკავშირდება მხოლოდ დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის 2021 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდს, კერძოდ, დაზარალებულის დის - მ. წ–ს ჩვენება, ხოლო რაც შეეხება ძალადობის დანარჩენ და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდების ეპიზოდებს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ა. წ–მ ნამდვილად სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი გ. ჯ–ს ქმედებასა და ა. წ–ს თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას შორის და, ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, გ. ჯ–ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტები. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მოწმეები, მარიამ წვერავას გარდა, არ არიან ძალადობის არცერთი ეპიზოდისა და ა. წ–ე განხორციელებული სასტიკი მოპყრობის, მისი პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირების უშუალო თვითმხილველი პირები. ისინი გადმოსცემენ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რის გამოც მათი ჩვენებები ირიბია და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
11. რაც შეეხება მოწმე მარიამ წვერავას ჩვენებას, მოწმემ განმარტა, რომ 2021 წლის 25 დეკემბრის ძალადობის ეპიზოდს იგი პირადად შეესწრო და დაინახა, თუ როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა გ. ჯ–მ ა. წ–ს, მაგრამ მითითებული მოწმის ჩვენება არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდის ფაქტისა და, შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ვინაიდან სხვა რაიმე მტკიცებულება, მათ შორის - დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
12. დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებული ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულ ა. წ–ს ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებული ინფორმაციის შემოწმება, მაგრამ, ვინაიდან, სასამართლოში დაზარალებულმა უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აღნიშნული ოქმი არ წარმოადგენს ცალკე დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებას და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს; დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ჩატარებულია 2022 წლის 12 აპრილს, მართალია, დადგენილია, რომ ა. წ–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, მაგრამ დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების ხანდაზმულობა განსაზღვრულია 2022 წლის 31 მარტისა და იმავე წლის 5-10 აპრილის მდგომარეობით, ხოლო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ა. წ–მ გ. ჯ–ს წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა, საქმეში წარმოდგენილი არ არის სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მას ეს დაზიანებები ბრალდების 2022 წლის 6 და 7 აპრილის ეპიზოდებში სწორედ გ. ჯ–მ მიაყენა, ხოლო 2021 წლის 25 დეკემბრისა და იმავე წლის 15 მარტის ეპიზოდებთან მიმართებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საქმის მასალებში არ მოიპოვება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი