Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1276აპ-22 ქ. თბილისი

ნ–ი ა., 1276აპ-22 16 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის განაჩენით ა. ნ–ი, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 272-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ნ–ის ბრალად ედებოდა: გაუპატიურება, ე.ი. პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიება, ჩადენილი 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ; სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის ოქტომბრის შუა პერიოდში თ–ს რაიონის სოფელ რ–ში მდებარე მშენებარე სასტუმროს სადარაჯო ოთახში ა. ნ–მა მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვანი ლ. ი–ი დაიყოლია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე – მოაწევინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ასევე – დაალევინა ალკოჰოლური სასმელი ლუდი. ამ ქმედებით ნარკოტიკული საშუალებითა და ალკოჰოლით მთვრალი ლ. ი–ი მიიყვანა უმწეო მდგომარეობამდე. ა. ნ–ი დარწმუნდა, რომ ლ. ი–ი ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას, მისი უმწეობის გამოყენებით, თავისი სასქესო ორგანოთი სექსუალური ხასიათის შეღწევა განახორციელა ლ. ი–ის სხეულში, კერძოდ, მის სასქესო ორგანოში.

· 2020 წლის ოქტომბრის შუა პერიოდში თ–ს რაიონის სოფელ რ–ში მდებარე მშენებარე სასტუმროს სადარაჯო ოთახში ა. ნ–მა მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვანი ლ. ი–ი დაიყოლია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე და მოაწევინა მას ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რის შემდეგაც ნარკოტიკული საშუალებით მთვრალი ლ. ი–ი გააუპატიურა.

· 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე თ–ს რაიონის სოფელ რ–ში, მშენებარე სასტუმროს სადარაჯო ოთახში, ა. ნ–მა სასქესო ორგანოს გამოყენებით ხუთჯერ განახორციელა სექსუალური ხასიათის შეღწევა მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვან ლ. ი–ს სხეულში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დავით გველესიანი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენის შეცვლას, ა. ნ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, ქმედების ხარისხის, სიმძიმის, გარემოებებისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით.

5. გამართლებულ ა. ნ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ–ე შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №753აპ-19, №573აპ-17).

8. ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი წარდგენილ ბრალდებებში ა. ნ–ს დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებიდან არცერთი პირდაპირი სახით არ ადასტურებს მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას.

9. საკასაციო პალატამ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე განმარტა, რომ განსახილველი დანაშაული, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, მითითებულ საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენება. დაზარალებულმა ლ. ი–მა სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ ა. ნ–თან ურთიერთობა დაიწყო 2020 წლის 9 აპრილიდან; ა–ს მისთვის სქესობრივი კავშირი არ შეუთავაზებია; ძალადობას, დაშინებას, დაშანტაჟებას, გაუპატიურებასა და ცემას ადგილი არ ჰქონია; პირველი სქესობრივი კავშირი ოქტომბერში სასტუმროში ჰქონდათ; ლ–მ დალია ცოტა ალკოჰოლური სასმელი – რამდენიმე ყლუპი ლუდი, რასაც მის სიფხიზლეზე გავლენა არ მოუხდენია; სიგარეტი და ნარკოტიკი არ მოუწევია; მას ა–სთვის ასაკი არ უთქვამს, რადგან მის მიმართ გარკვეული გრძნობები ჰქონდა; ოჯახის წევრები ეუბნებოდნენ, რომ ა. ნ–ს ოჯახი ჰყავდა, არ იყო მისი შესაფერისი და თავი დაენებებინა; მისი ძმები ა–ს არ შეხვედრიან და არ უთქვამთ, რომ ლ–სთვის თავი დაენებებინა; ა–ს მისთვის სკოლაში არ მიუკითხებია; „ფ–ზეც“ დაბადების თარიღად მითითებული აქვს „19.. წლის .. “, ვინაიდან არ სურდა, რომ მისი რეალური ასაკი გაეგოთ; ეს გვერდი მისცა ძმამ, რომლის მონაცემები აღარ შეცვალა და იგივე დატოვა; ძმებმა როდესაც ის ა. ნ–ითან ერთად ნახეს და წამოიყვანეს, იყვნენ ა–ს სამუშაო ოთახში ჩვეულებრივ მდგომარეობაში; მერე რა მოხდა, არ იცის; გამოძიებაში ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს ხელი, ხოლო ჩვენების ადგილზე შემოწმებისას იმას აკეთებდა, რასაც ეუბნებოდნენ.

10. მოწმეების: შ. ი–ს, ლ. ი–ს, გ. ი–სა (რომლებმაც არ დაადასტურეს გამოძიებაში მიცემული და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენებები) და ი. უ–ს ჩვენებებით არ დადასტურდა, რომ ა. ნ–მა იცოდა ლ. ი–ს ასაკი. მოწმე გ. ი–მა ასევე განმარტა, რომ მას თავისი ნომრითა და დაბადების თარიღით დარეგისტრირებული ჰქონდა „......... გვერდი“, რომელიც მისცა თავის დას, ხოლო მოწმე ხ. დ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ ლ–ს „........ზე“ დიდი ასაკი იმიტომ ჰქონდა მითითებული, რომ ურთიერთობა სურდა იმ ბიჭთან, ვისაც ემესიჯებოდა. დაზარალებულის ოჯახის წევრებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ მათ ა. ნ–სათვის არ უთქვამთ ლ. ი–ს ასაკი.

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოში არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება საქართველოს სსკ-ის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით ა. ნ–ს ბრალეულობის დასადასტურებლად, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე უარყო გამოძიებაში მიცემული ჩვენება. ბრალდების მხარემ ექსპერტიზით არ დაადგინა ლ. ი–ს მხრიდან ალკოჰოლისა და „მარიხუანის“ მოხმარება, ასევე დადებით შემთხვევაში – ფაქტი, ჰქონდა თუ არა აღნიშნულთან დანაშაულებრივი კავშირი ა. ნ–ს.

12. ამდენად, ა. ნ–ის ბრალეულობის დასადასტურებლად რჩება მხოლოდ ერთი უდავო მტკიცებულება – მოწმე ა. გ–ს ჩვენება, რომელიც არ არის შემთხვევის შემსწრე უშუალო მოწმე და მისი ეს ჩვენება ირიბ მტკიცებულებასაც არ წარმოადგენს. შესაბამისად, ვერ გამოდგება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

13. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ა. ნ–მა ჩაიდინა გაუპატიურება, სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე კი პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს. ასეთ პირობებში სასამართლომ სათანადოდ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

14. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ა. ნ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 272-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად (რომელიც განამტკიცებს „in dubio pro reo-ს“ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

16. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე