Pსაქმე N 010100121005314157
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე N127აპ-23 ქ. თბილისი
ჩ-ე ბ. , 127აპ-23 18 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად, კერძოდ: ბ. ჩ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
1.2. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - აკაკი მოქერიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ბ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდება.
1.3. პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარზე გამართლებულმა ბ. ჩ-ემ და ადვოკატმა ი. ა-ემ წარმოადგინეს შესაგებელი და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ბ. ჩ-ე 2021 წლის 13 ნოემბერს, ქ. ბ-ში, ს. ხ-ის ქუჩა №- -ში მდებარე საცხობში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ხ-ეს, რომელსაც მუქარის შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში მოიპოვება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - მ. ხ-ის, ც. ჯ-ის, ზ. დ-ის, გ. ქ-ისა და ტ. რ-ის გამოკითხვის ოქმები, ბ. ჩ-ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით, რადგან საკასაციო საჩივრის ავტორი, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის შესაბამისად, ვერ მიუთითებს განაჩენის უკანონობის ვერცერთ კრიტერიუმზე და შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მსჯელობით იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული განაჩენი არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
4.2. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბ. ჩ-ის მიერ ბრალდებით წარდგენილი მუქარის ჩადენის თაობაზე.
4.3. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაიკითხა დაზარალებულ მ. ხ-ის გამოკითხვის ოქმი, რომელშიც, მითითებულია, რომ ბ. ჩ-ე 2021 წლის 13 ნოემბერს ორჯერ მივიდა დაზარალებულის საცხობში. პირველი კონფლიქტისას ბ. ჩ-ემ მ. ხ-ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, იმ საფუძვლით, რომ უფასოდ ვერ მიიღო პური. კომფლიქტს შეესწრო მაღაზიის გამყიდველი - ც. ჯ-ი. იმავე დღეს ბ. ჩ-ე მოვერცხლისფრო დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4.4. მართალია, დაზარალებულ მ. ხ-ის გამოკითხვის ოქმი შეიცავს დანაშაულის გარემოებების დეტალურ აღწერას, თუმცა სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხულ გამოკითხვის ოქმს შემცირებული მტკიცებულებითი ღირებულება აქვს და იგი არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის ერთადერთი საფუძველი გახდეს.
4.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებით დაზარალებულ მ. ხ-ის გამოკითხვის ოქმი წარმოადგენს ბ. ჩ-ის მსჯავრდების გადამწყვეტ მტკიცებულებას და ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც არსებითად არ გამომდინარეობს დაზარალებულის ნაამბობიდან და შეიცავს საკმარის და სანდო ცნობას დანაშაულის თითოეული ელემენტის დასადგენად, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, კერძოდ, მოწმე - ც. ჯ-ი უშუალოდ მუქარის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებია, პოლიციის თანამშრომლებმა - გ. ქ-ემ და ტ. რ-ემ მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისგან და ადასტურებენ მათ მიერ შედგენილი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმში მითითებულია დაზარალებულ მ. ხ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა და მასზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ ბ. ჩ-ე დაემუქარა დაზარალებულს, მით უფრო იმ პირობებში, როცა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში დანით ჩადენილ მუქარაზე მითითება არ არის.
4.6. ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებების უმრავლესობის წყარო დაზარალებულია, ხოლო დაცვის მხარეს არ მიეცა ინფორმაციის მიმცემი პირის სანდოობის გამოკვლევისა და მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია არ არის გადამოწმებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ბ. ჩ-ე დაემუქრა დაზარალებულს. გარდა ამისა, იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება მუქარის ჩადენაში, აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ არსებობდეს სუბიექტური კრიტერიუმი, რათა უტყუარად დადგინდეს, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა მუქარის შემთხვევაში დაზარალებულის მიერ განცდილი რეალური შიშის არსებობას, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
4.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე