Facebook Twitter

საქმე # 330100121004391740

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1289აპ-22 ქ. თბილისი

ი–ი ვ., 1289აპ-22 1 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ვ. ი–სათვის სასჯელის განსაზღვრას პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდების მხარეს ვ. ი–სათვის შეფარდებული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების არათანაზომიერად მიაჩნია, ვინაიდან სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ძალადობის ხერხი და თავისებურება, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის არსი და ის გარემოება, თუ რამდენად გულწრფელია მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენით ვ. ი–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით. იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ვ. ი–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი ჩაითვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

ვ. ი–ს, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

ვ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2021 წლის 21 იანვრიდან - 2021 წლის 25 იანვრის ჩათვლით.

ვ. ი–ს მიერ გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 (ორი ათასი) ლარი, საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

მსჯავრდებულ ვ. ი–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე დაეკისრა მოვალეობა - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა და მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ი–მა ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ვ. ი–ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- 2021 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათზე, თ–ში, .........ში, ა–ს ქუჩის №.. კორპუსის, ბინა №..-ში, ვ. ი–მა თავის მეუღლეს - პ. ჭ–ს თავდაპირველად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ - ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში, რა დროსაც მას სუნთქვა შეეზღუდა და ცდილობდა თავის დაღწევას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, ვ. ი–ი პ. ჭ–ს ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: განუცხადა, რომ ძლიერად სცემდა და მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ. ი–სათვის სასჯელის განსაზღვრა პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. ი–სათვის სასჯელად თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, ვინაიდან, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნები, სასჯელის მიზნები (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), რის შედეგადაც მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც სამართლიანია და მის მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, ხოლო პირობითი მსჯავრის გამოყენებისას, გაითვალისწინა, რომ ვ. ი–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომლებიც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას და დანაშაულების ჩადენის მომენტისათვის იგი ნასამართლევი არ ყოფილა.აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ი–სათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი