Facebook Twitter

საქმე # 330100121004943796

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1314აპ-22 ქ. თბილისი

გ. ლ. 1314აპ-22 18 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ე. მ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი);

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 15 ივნისს, გ–ს რაიონის სოფელ კ–ში, ლ. გ–მა 900 ლარად გ. ლ–ე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,514 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი,“ რაც 2021 წლის 15 ივნისს გ. ლ–საგან ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2.2. 2021 წლის 18 ივნისს, გ–ს რაიონის სოფელ მ–ს მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე, ლ. გ–სმა 900 ლარად გ. ლ–ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,4334 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი,“ რაც გ. ლ–საგან 2021 წლის 18 ივნისს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენით ლ. გ–სი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა (2021 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) შთანთქა თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.4. ლ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 25 ივნისიდან;

3.5. ლ. გ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ–ს ადვოკატმა ნ. ფ–მა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. გ–ს ადვოკატმა ე. მ–მა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს ლ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობას. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა: ჩაიდინა თუ არა ლ. გ–მა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (2 ეპიზოდად).

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) ლ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენით დადგენილ მსჯავრდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

9.1. მოწმე გ. ლ–მ დაადასტურა საკუთარი სურვილით სამართალდამცავ ორგანოსთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით და 2021 წლის 15 და 18 ივნისს პოლიციის მიერ გადაცემული თანხით ლ. გ–სგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები, რაც საკონტროლო შესყიდვის დასრულებისთანავე ამოიღეს მისგან. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს სასამართლოში გამოკვლეულ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გადაღებულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს, რომლებიც უტყუარად ადასტურებს მსჯავრდებულ ლ. გ–სა და გ. ლ–ს შეხვედრა და იმ გარემოებას, რომ ლ. გ–მა გ. ლ–ს ორჯერ - 2021 წლის 15 და 18 ივნისს გადასცა კონკრეტული პაკეტები, რომლებშიც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები.

9.2. ამოღების 15 და 18 ივნისის ოქმებით დასტურდება, რომ ლ. გ–სთან შეხვედრის შემდეგ გ. ლ–სგან დაუყოვნებლივ ამოიღეს პოლიეთილენის წონაკები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქვითრები ოპერაცის კოდით: ....... და ........, ხოლო საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის 2021 წლის 25 ივნისის ოქმით დასტურდება, რომ პოლიციის თანამშრომლებმა საძინებელ ოთახში მდებარე ტანსაცმლის კარადის ბოლოდან მეორე უჯრაში არსებული შავი ფერის სპორტული შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს ერთი ცალი 100 მილიგრამიანი საინექციო შპრიცი და მცირე ზომის მინის ფლაკონი მოყავისფრო ფერის კვლებით.

9.3. ასევე ქიმიური ექსპერტიზის №......... დასკვნით დადგინდა, რომ გ. ლ–ს მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი, თეთრ გამჭვირვალე პოლიეთილენის მილღობილთავიან ორმაგ ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, წონით 1,74 გრამი, გამოშრომის შემდეგ - 0,99 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნაკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ რაოდენობა 0,514 გრამია, ხოლო ქიმიური ექსპერტიზის №........... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მოყავისფრო ნივთიერება წონით 1,6005 გრამი შეიცავს 0,4334 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.

9.4. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ აუდიოგრამაში და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო გამოკვლევაზე წარდგენილ სადავო ფონოგრამებში მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე ლ. გ–ს ხმა ერთმანეთის იდენტურია; ასევე ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული გამოსახულება იდენტურია ლ. გ–სის ფოტოსურათზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულების.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მოწმე გ. ლ–ს დაინტერესების, მისი მხრიდან დანაშაულის პროვოკაციის ან/და საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეძენილი ნარკოტიკული საშუალების გამოცვლის შესახებ, ვინაიდან დაცვის მხარე ზოგადად უთითებს მოწმის მხრიდან შესაძლო პირად წყენასა და დაინტერესებაზე ლ. გ–ი ჩაეთრია ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში, რაც არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით, რომელიც გახდებოდა სადავო ჩვენების სანდოობაში ეჭვი შეტანის საფუძველი; საქმეში ასევე არ იკვეთება მოწმის მიკერძოებისა და საქმის შედეგით პირადი დაინტერესების შესახებ რაიმე გარემოება.

11. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნას და იმავდროულად, - საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლს, რომლის თანახმად, მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56); საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლს და იმ გარემოებას, რომ კასატორი არ უთითებენ, რომ მათ არ მიეცათ ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.

12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს უდავოდ ცნობილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის და ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებს, ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს, რომლებითაც, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, დასტურდება ლ. გ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ე. მ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე