საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1320აპ-22 თბილისი
მ-ე ხ., 1320აპ-22 2 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხ. მ-ეს ბრალი დაედო:
ü გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
ü გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o 2021 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ-ში, დ. ლ-ში, ლ-ოს ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხ. მ-ემ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რომ ქალი მამაკაცის საკუთრებაა და მას უნდა დაემორჩილოს და ამ საკითხზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, თავის მეუღლეს - თ. გ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელი ჰკრა და კედელს მიაჯახა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
o 2021 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ-ში, დ. ლ-ში, ლ-ს ქუჩის №-5-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხ. მ-ე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რომ ქალი მამაკაცის საკუთრებაა და მას უნდა დაემორჩილოს და ამ საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - თ. გ-ს, კერძოდ: თანნაქონი დანის დემონსტრირებით უთხრა, რომ ყელს გამოსჭრიდა და მოკლავდა, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2021 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ-ში, დ. ლ-ში, ა. წ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხ. მ-ე, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რომ ქალი მამაკაცის საკუთრებაა და მას უნდა დაემორჩილოს და ამ საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - თ. გ-ს, კერძოდ: უთხრა, რომ ყელს გამოსჭრიდა და მოკლავდა, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენით:
· ხ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
· ხ. მ-ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ამავე კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ: აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები.
4. განაჩენის მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი) ბრალდებებთან მიმართებით ვერ იქნა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ხ. მ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებიდან ამოურიცხა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი და დაადგინა, რომ ხ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ-ში, დ. ლ-ში, ა. წ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხ. მ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - თ. გ-ს, კერძოდ: უთხრა, რომ ყელს გამოსჭრიდა და მოკლავდა, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
- მსჯავრდებულმა ხ. მ-ემ და მისმა ადვოკატმა მ. კ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ხ. მ-ის გამართლება;
- თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ხ. მ-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში, მათ შორის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ხ. მ-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში, მათ შორის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ხ. მ-ის ბრალეულობას მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი) ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენასა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. ამასთან, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. საკასაციო პალატა, ასევე, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას ხ. მ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდში) მსჯავრდების შესახებ. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ხ. მ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
12. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე