საქმე # 080100122006109635
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1328აპ-22 ქ. თბილისი
ს-ე კ. 1328აპ-22 8 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. კ. ს-ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2022 წლის 11 ივლისს, ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, ბ-ს რაიონის სოფელ ვ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ. ს-ემ მეუღლეს - ხ. ს-ეს მუშტი დაარტყა თვალბუდის არეში, რის შედეგადაც, ხ. ს-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2022 წლის 11 ივლისს, ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, ბ-ს რაიონის სოფელ ვ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ. ს–ე მეუღლეს - ხ. ს-ეს დაემუქრა მოკვლით. ხ. ს-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2022 წლის 19 ივლისს, ბ-ს რაიონის სოფელ ვ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ. ს–ემ მეუღლეს - ხ. ს-ს და შვილს - მ. ს-ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც, კ. ს-ის მიმართ გამოიცა N.. და N.. შემაკავებელი ორდერები. კ. ს–ეს აეკრძალა ხ. ს-ესა და მ. ს-ესთან მიახლოება. კ. ს–მ 2022 წლის 29 ივლისს, ღამით, დაარღვია შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მივიდა იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობდნენ აღნიშნული ორდერებით მსხვერპლად მიჩნეული პირები.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:
2.1. კ. ს–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. კ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
2.3. კ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2022 წლის 29 ივლისიდან.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. მსჯავრდებულმა კ. ს–ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ა. მ–მა მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულის სასიკეთოდ. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან უზნაძემ მოითხოვა კ. ს-ის დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და დანაშაულთა ერთობლიობით შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ს-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ა. მ-მა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. ს-ის საქართველის სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება კ. ს-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:
3. საქმეში არსებული დანაშაულის შეტყობინების რეგისტრაციის ბარათის თანახმად, შეტყობინების ინიციატორმა - ხ. ს-ემ განაცხადა, რომ ბ-ს რაიონის სოფელ ვ-ში, სახლის ფანჯარასთან იდგა მისი მეუღლე, რომელიც იყო ნასვამი, აყენებდა შეურაცხყოფას და რომელსაც 30 დღით აკრძალული ჰქონდა აღნიშნულ მისამართზე მისვლა.
4. 2022 წლის 19 ივლისის N... შემაკავებელი ორდერისა და ორდერის ოქმის თანახმად, 2022 წლის 19 ივლისს, ბ-ს რაიონის სოფელ ვ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ. ს–ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შვილს - მ. ს–ს. შემაკავებელი ორდერით კ. ს–ეს 30 დღით აეკრძალა ბ–ს რაიონის სოფელ ვ–ში მდებარე მსხვერპლის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება.
5. 2022 წლის 19 ივლისის N... შემაკავებელი ორდერისა და ორდერის ოქმის თანახმად, 2022 წლის 19 ივლისს, ბ–ს რაიონის სოფელ ვ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ. ს–ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ხ. ს–ს. შემაკავებელი ორდერით კ. ს–ეს 30 დღით აეკრძალა ბ–ს რაიონის სოფელ ვ–ში მდებარე მსხვერპლის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება.
6. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, კ. ს–ე დააკავეს 2022 წლის 29 ივლისს, 02:25 საათზე, ბ–ს რაიონის სოფელ ვ–ში, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში.
7. გამომძიებელ დ. გ–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2022 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 01:20 საათზე, კ--- ს-----ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შესახებ 112-ის ოპერატორისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა კ. ს-ის საცხოვრებელ მისამართზე. ადგილზე მისვლისთანავე, დაინახა საცხოვრებელი სახლის ეზოში, სავარძელში მჯდომი კ. ს–ე, სახლიდან კი გამოვიდნენ აღელვებული და თვალცრემლიანი ხ. ს-ე და მისი ქალიშვილი - მ. ს-ე. კ. ს-ის განმარტებით, იცოდა შემაკავებელი ორდერით დადგენილი პირობები, თუმცა მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვეღარ გაითვალისწინა. მას მოენატრა შვილები და სურდა მათთვის თანხის გადაცემა, რის გამოც, მიაკითხა სახლში. ვინაიდან კარზე კაკუნის მიუხედავად არავინ გამოეხმაურა, უმისამართოდ შეიგინა და მოთავსდა ეზოში არსებულ სავარძელში.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით - ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა - მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით ( მათ შორის: დანაშაულის შეტყობინების ბარათი, შემაკავებელი ორდერები, დაკავებისა და გამომძიებლის გამოკითხვის ოქმები) გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება კ. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის პოზიციას გასაჩივრებული განაჩენის უკანონობის შესახებ იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ ახალი გარემოების სახით არ გამოიკვლია დაზარალებულ მ. ს-ის განცხადება კ. ს-ის მათ საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადების მიზეზების შესახებ და ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანა განაჩენი. როგორც დაზარალებულ მ. ს-ის განცხადებით ირკვევა, კ. ს-ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვის დარღვევა განაპირობა მისი უმცროსი და-ძმის ქცევამ, რომლებმაც მოგვიანებით შეატყობინეს, რომ თავად სთხოვეს მამას სახლში მისვლა. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების მიზნით, დაზარალებული მოითხოვდა სააპელაციო სასამართლოში და-ძმის დაკითხვას.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულების გამოკვლევა დასაშვებია მხოლოდ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო. ამდენად, თუ ადვოკატს სურდა სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, სწორედ მას, როგორც დაცვის მხარეს უნდა დაეყენებინა შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, დაზარალებული არ წარმოადგენს სამართალწარმოების მხარეს და დაზარალებულის განცხადება ვერ ჩაანაცვლებს მხარის შუამდგომლობას. შესაბამისად, განაჩენის დამდგენ სასამართლოს არ ჰქონდა დაზარალებულის განცხადების საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევის უფლება. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოში ზემოაღნიშნულ მოწმეთა დაკითხვა და განცხადებაში მითითებული ინფორმაციის უტყუარად დადასტურებაც კი გავლენას ვერ იქონიებდა საქმის განხილვის შედეგზე, ვინაიდან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ან შეუსრულებლობა ფორმალური შემადგენლობის მქონე დანაშაულია, რომელიც დამთავრებულად ითვლება ორდერით გათვალისწინებული აკრძალვის დარღვევის მომენტიდან და არ არის დამოკიდებული პირთა შეთანხმებაზე (როდესაც შემაკავებელი ორდერი კანონით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული) - მსხვერპლის/ ოჯახის სხვა წევრთა მხრიდან სავარაუდო მოძალადისადმი გამოჩენილი ლმობიერება არ წარმოადგენს ორდერით გათვალისწინებული აკრძალვების დაუცველობის/დარღვევის უფლებას. ამდენად, კასატორის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა - სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი მტკიცებულების გამოკვლევისა და ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა არ არღვევდა სამართლიან სასამართლო განხილვაზე კ. ს-ის უფლებას.
11. კ. ს–ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით - დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის მხედველობაში მიღებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა მუხლის სანქციით დადგენილი მაქსიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
12. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით“.
13. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახის წევრებად, მათ შორის, ითვლებიან მეუღლე და შვილი.
14. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. ხსენებული მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული წესი მხედველობაში არ მიიღება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე.
15. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე მითითება თავისთავად არ განაპირობებს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენების აუცილებლობას, რადგან საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლი განსაზღვრავს ოჯახური დანაშაულის ცნებასა და პასუხისმგებლობის (კვალიფიკაციის) საკითხს, ხოლო ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის წესს ადგენს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილები. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერის გამოცემა უკავშირდებოდა კ. ს-ის მიერ მეუღლისა და შვილის სიტყვიერ შეურაცხყოფას. შესაბამისად, კ. ს-ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების - საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას გვაძლევს ოჯახის წევრების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ოჯახის წევრის მიმართ ქმედების (შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) ჩადენამ დააფუძნა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დამატებით ობიექტს წარმოადგენს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა.
17. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისთვის საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით დადგენილი სასჯელის - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის - დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესის გამოყენება - იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმართლებელ დამძიმებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის N14აპ-22 განაჩენი).
18. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 30 აგვისტოს ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნას, რომლის თანახმად, კ. ს–ეს აღენიშნება ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი F----; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს კ. ს–ეს აღენიშნებოდა ორგანული პიროვნული აშლილობა და არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით კ. ს–ეს შეუძლია აღიქვას, დაიმახსოვროს და გადმოსცეს ფაქტები, მისცეს ჩვენება, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. კ. ს–ე ამჟამად არ არის დაავადებული იმგვარი ფსიქიკური დააავადებით, რაც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას. კ. ს–ე არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
19. საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. მართალია, სააპელაციო სასამართლომ ხსენებული გარემოება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებლად შეაფასა, თუმცა აღნიშნულმა გარემოებამ გავლენა არ იქონია სასჯელის ზომაზე და მსჯავრდებულს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
20. კ. ს-ის შეზღუდული შერაცხადობის, საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა და საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინებით ( იხ. პუნქტი 17), ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022წლის 11 ნოემბრის განაჩენში კ. ს-ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების მიმართულებით.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ კ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. კ. ს–ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
4. კ. ს–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველის სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვითა და 9 დღით;
5. კ. ს–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2022 წლის 29 ივლისიდან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;
6. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;
7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე