Facebook Twitter

საქმე # 020100120003981675

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1334აპ-22 ქ. თბილისი

ქ–ა ი., 1334აპ-22 16 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი. ქ–სა და დ. ფ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციით - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი. ქ–სა და დ. ფ–ს მიერ ფიზიკური ძალადობის ჯგუფურად ჩადენის ფაქტი, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

ი. ქ–სა და დ. ფ–ს ბრალად ედებათ: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ჯგუფურად.

ლ. ხ–აას ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ჯგუფურად.

ი. ქ–ს, დ. ფ–სა და ლ. ხ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ჩ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე რ. თ–სას საცხოვრებელი სახლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. თ–ზე განაწყენებულმა ი. ქ–მ საუბრისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს კონფლიქტში ასევე ჩაერთო დ. ფ–სა და მათ საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჯგუფურად იძალადეს რ. თ–ზე, კერძოდ: დ. ფ–მ რ. თ–ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში, ხოლო ი. ქ–მ - ფეხი ერთხელ დაარტყა ფეხზე და რამდენჯერმე - სახეში მუშტი.

- 2020 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ი. ქ–სა, დ. ფ–სა და ლ. ხ–აა ჩ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფ რ. თ–სას დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: უთხრეს, რომ მოკლავდნენ და არ აცოცხლებდნენ, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განაჩენით:

ი. ქ–სას, - დაბადებულის 19.. წელს, - ქმედება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

ი. ქ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათით.

დ. ფ–სა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

დ. ფ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 (ას ოთხმოცი) საათით.

ლ. ხ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 170 (ას სამოცდაათი) საათით.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და ყოველდღიური ხანგრძლივობის, სამუშაო ადგილის, დამსაქმებლის განსაზღვრა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გაუქმდა მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ უძრავ ქონებას.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ი. ქ–სა და დ. ფ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციით - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მათთვის მკაცრი სასჯელების შეფარდება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის მოთხოვნას ი. ქ–სა და დ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთებას, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურდებოდა დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ფაქტი, კერძოდ:

9. ერთადერთი მოწმე, რომელიც აცხადებს, რომ დაზარალებულზე ფიზიკურად ძალადობდა ორი პირი, არის ვ. ს–ა, მაგრამ დანარჩენი მოწმეები განმარტავენ მის საპირისპიროდ, მათ შორის, თვითონ დაზარალებული - რ. თ–ც, რომელიც არ ადასტურებს დ. ფ–ს მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს, ისევე როგორც მოწმეები - ე. ც–ი და კ. კ–ა, რომელთაც განმარტეს, რომ დ. ფ–ა აშველებდა მოჩხუბრებს. მოწმე ლ. ჯ–ს ჩვენებით კი ირკვევა, რომ მან დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ი. ქ–სა ურტყამს დაზარალებულს, ხოლო დ. ფ–ა კი მხოლოდ ხელს იქნევს. თავის მხრივ, თვითონ მსჯავრდებულებიც კატეგორიულად გამორიცხავენ დ. ფ–ს ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტს, კერძოდ, დ. ფ–ა მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ გასაშველებლად მივიდა მოჩხუბრებთან და მას რ. თ–სთვის ხელი არ დაურტყამს, ხოლო ი. ქ–ა აცხადებს, რომ დაზარალებულს პირველმა თვითონ დაარტყა, დ. ფ–ა კი მათთან გასაშველებლად მივიდა და ჩადგა მათ შორის.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ძალადობა ჩადენილია ჯგუფურად, ი. ქ–სა და დ. ფ–ს მიერ, ეს ეჭვი კი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, კანონიერად გადაწყდა ბრალდებულების სასარგებლოდ, ვინაიდან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს, იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილ და ობიექტურ შეფასებას და, ამდენად, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი