საქმე # 820100122005650790
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1335აპ-22 ქ. თბილისი
ნ–ე მ., 1335აპ-22 11 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ. ნ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ვინაიდან მისთვის შეფარდებული სასჯელი არ არის მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის პროპორციული.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისს განაჩენით მ. ნ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 8000 (რვა ათასი) ლარი.
გაუქმდა მსჯავრდებულ მ. ნ–სის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ნ–მ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
მ. ნ–სის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის დეკემბრის ბოლოდან - 2019 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით დროის პერიოდში, ქ. ბ–ში, .......ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ნ–ე, ნ. კ–სადმი ცრუ დაპირებით - თითქოსდა გავლენიან პირთა სანაცნობო წრისა და პირადი კონტაქტების გამოყენებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში ჩარიცხვისა და სამართალდამცავ ორგანოებში შემდგომი დასაქმების პირობით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ნ. კ–ს დიდი ოდენობით თანხას, ჯამურად - 10554 ლარს.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მ. ნ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. ნ–სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს მისი პიროვნული მახასიათებლების (ნასამართლობის არმქონეა), დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და დამდგარი შედეგის, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობისა და შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება, მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა) მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც სამართლიანია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი