საქმე # 330100120003807487
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1338აპ-22 ქ. თბილისი
ჭ–ა ს., 1338აპ-22 1 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ჭ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ჭ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას, ან ალტერნატივის სახით ჯარიმის განსაზღვრას, მსჯარდებულის პასუხისმგებლობის არაერთი შემამსუბუქებელი გარემოებისა და მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის განაჩენით ს. ჭ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 1 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ს. ჭ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განაჩენებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით დანიშნული, ასევე 2022 წლის 12 აპრილის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულების მიერ 75 (სამოცდათხუთმეტი) დღით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით, 3 (სამი) თვით და 29 (ოცდაცხრა) დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ს. ჭ–სას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით.
ს. ჭ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2022 წლის 17 ივნისიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ჭ–მ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფასა და სასამართლოს უპატივცემულობაში, გამოხატული მოსამართლისა (2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) და სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში (2019 წლის 1 მარტის ეპიზოდი).
ს. ჭ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 10:45 წუთზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს N.. დარბაზში, ს. ჭ–მ სასამართლოს მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, კერძოდ, პროტესტის ნიშნად გაიხადა მაისური და შიშველი ზურგი აჩვენა დარბაზში მყოფთ, რის შემდეგაც მოსამართლე ლილი მსხილაძესა და პროკურორ მიხეილ ჩხეიძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
- 2019 წლის 1 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ს. ჭ–მ სასამართლოს მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, კერძოდ, პროკურორ გიორგი ქობულაძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ჭ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ–მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა - სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ან ალტერნატივის სახით სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და მოითხოვს სასჯელის შემსუბუქებას. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და იგი სამართლიანია. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულ ს. ჭ–სათვის სასჯელის შეფარდებისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებსა და მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებზე, კერძოდ: ს. ჭ–ს წარსულში კანონთან ჰქონდა სისტემატური კონფლიქტი, გამოირჩევა დანაშაულებრივ ქმედებათა და დაზარალებულთა სიმრავლით, რაც მეტყველებს დანაშაულის ჩადენისკენ მის მიდრეკილებაზე, მის ქმედებაში კი გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის დროს გამოყენებულია სასჯელის შთანთქმის, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით - ნაწილობრივი შეკრების პრინციპი და მოუხდელი სასჯელიდან (რაც შეადგენდა 2 წლით, 3 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთას), დამატებული აქვს მხოლოდ 1 წელი და 2 თვე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც დანაშაულთა, ისე - განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელები სამართლიანია, რის შესაბამისადაც, არ არსებობს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით შემსუბუქების, ან ჯარიმის განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ჭ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი