საქმე # 330100122005776398
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1339აპ-22 ქ. თბილისი
ტ–ი გ., 1339აპ-22 15 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ტ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ტ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. შ–მა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და გ. ტ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დაზარალებული არ არის წინააღმდეგი მის მიმართ გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო სასჯელი, მას ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც მის კმაყოფაზე არიან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით გ. ტ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლით, შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით ჩაეთვალა პირობით - 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ. ტ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 8 აპრილიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ტ–მა ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გ. ტ–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2022 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 23:45 საათზე, თ–ში, გ–ს მე-.. მ/რაიონი, კორპუსი №.., ბინა №..-ში გ. ტ–სმა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, ყოფილი მეუღლის, ე. პ–სის დას - ა. ფ–ს, რომელთან ერთადაც წარსულში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების დაზიანებით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2022 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 23:45 საათზე, თ–ში, გ–ს მე-.. მ/რაიონის, კორპუსი №.., ბინა №..-ში გ. ტ–სი, თ. ა–სს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების დაზიანებით, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2022 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 23:45 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს მე-.. მ/რაიონი, კორპუსი №..-ის მიმდებარედ, გ. ტ–სმა განზრახ დააზიანა თ. ა–სის საკუთრებაში არსებული „იამაჰას“ ფირმის მოპედი - ...., სახელმწიფო ნომრით - ........., რითაც დაზარალებულს მიადგა 420 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ. ტ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
გ. ტ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლით, შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ტ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ტ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
გ. ტ–სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 8 აპრილიდან.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განსაზღვრის შესახებ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გ. ტ–სათვის სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან“.
10. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ გ. ტ–მა ახალი, განზრახი დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში. ასეთ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც საგამონაკლისო შემთხვევა მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელის, ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით - სასჯელის ნაწილის კვლავ პირობით მსჯავრად ჩათვლა - დაუშვებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №562აპ-21, №982აპ-22 გადაწყვეტილებები).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ტ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი