Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1348აპ-22 თბილისი

ბ-ა მ., 1348აპ-22 15 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ - გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენით მ. ბ-ა, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ბ-ას განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

2. განაჩენის მიხედვით, მ. ბ-ას მსჯავრი დაედო თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

3. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის თებერვალში, თ-ში, ქ. წ-ის გამზირის ---ში მდებარე მათსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში დედა-შვილს - ა. და მ. ჩ-ებს შეხვდა მ. ბ-ა, რომელმაც მოიპოვა მათი ნდობა, დაარწმუნა, რომ თითქოს იყო ა–ის მოქალაქის - პ. ტ. ბ-ის ნდობით აღჭურვილი პირი, მათ დაარეგისტრირებდა ....-ის საელჩოს ს–ს წარმომადგენლობაში და ჩართავდა საქველმოქმედო პროგრამაში, რითაც ისინი მიიღებდნენ შემოსავალსა და უფასო მედიკამენტებს. დანაპირების სანაცვლოდ კი მოითხოვა თანხის წინასწარ გადახდა. გარდა ამისა, მ. ბ-ამ მ. ჩ. დაარწმუნა, რომ დაასაქმებდა ....-ის საელჩოს ს–ს წარმომადგენლობაში, რისთვისაც ასევე გადასახდელი იყო თანხა. 2017 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში, თ-ში, ქ. წ-ის გამზირის №--ში მდებარე ბინა №--ში, მ. ბ-ამ თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, თითქოსდა ზემოაღნიშნული მიზნების შესასრულებლად, ა–ა და მ. ჩ-ებს მოტყუებით გამოართვა 600 ლარი, ხოლო მ. ჩ-ეს პირად საბანკო ანგარიშზე მოტყუებით, ეტაპობრივად, ჯამურად ჩაარიცხვინა 400 ლარი და 1150 აშშ დოლარი (ეკვივალენტი 2809.68 ლარი). მ. ბ-ამ განაგრძო დანაშაულებრივი ქმედება და 2017 წლის მარტში, თ-ში, მეტროსადგურ „ა-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქოსდა ა–ს საელჩოს საქველმოქმედო პროგრამაში ჩართვის მიზნით, ყოველთვიური ანაზღაურების მიღების პირობით, დებს - მ. და მ. ჩ-ებს, დამატებით, მოტყუებით გამოართვა 1400 ლარი. მეტი დამაჯერებლობისათვის, მ. ბ-ამ მ. ჩ-ეს გადასცა უცხო ენაზე შედგენილი ცნობა, რითაც დაარწმუნა, რომ იგი .......ს საელჩოს თანამშრომელი იყო. მ. ბ-ა მოქმედებდა დანაშაულებრივი განზრახვით, რის გამოც არ უზრუნველყო ჩ-ების პროგრამებში ჩართვა და დასაქმება, მართლსაწინააღმდეგოდ, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მოტყუებით დაეუფლა მისთვის გადაცემულ თანხებს, რამაც ჯამურად 5209.68 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა ლათიბაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და მ. ბ-ასათვის მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და მ. ბ-ასათვის თავისუფლების აღკვეთის სახით მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მ. ბ-ას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

10. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მ. ბ-ასათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ - გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე